7-კაცა

12:52 | 30.08.2017 | ნანახია 2079 - ჯერ

18-წლამდელთა 7-კაცა: ახალგაზრდებმა ორი მოიგეს

სამხრეთ აფრიკაში, “ვესთერნ პროვინსის” აკადემიის ბაზაზე შეკრებაზე მყოფმა 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებმა, გუშინ ადგილობრივ გუნდებთან ორი ამხანაგური თამაში გამართა და ორივეში გამარჯვება იზეიმა.

ევროპის ჩემპიონატისთვის (9-10 სექტემბერი, ჰაიდელბერგი, გერმანია) უკეთ მომზადების მიზნით, ჩვენი 7-კაცა სამხრეთ აფრიკაში 23 აგვისტოს გაემგზავრა და 20-საათიანი მგზავრობის შემდეგ კეიპტაუნში ჩავიდა, ხოლო 25 აგვისტოდან ინტენსიურ ვარჯიშს შეუდგა.

ქართველ მწვრთნელებთან ერთად, გუნდის მზადებაში აქტიურად მონაწილეობენ ორი ადგილობრივი სპეციალისტი და ერთიც ვიდეო-ანალიტიკოსი.

„იდეალური პირობები გვაქვს და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მზადების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი, მაღალი დონის სპეციალისტები. ისინი გვეხმარებიან ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებასა და სარაგბო ელემენტების დახვეწაში“ - კმაყოფილია საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა.

პირველი სავარჯიშო დღის პირველი ნაწილი ტესტებს დაეთმო, რის შემდეგაც 16-ი მოთამაშე მწვრთნელებმა ჯგუფებად დაყვეს და ორი 2-საათიანი ვარჯიში ჩაატარეს. იყო სისწრაფისა და ძალოსნობის ვარჯიშები, პასის ტესტი, დაცვის, კაცის აყვანის და რაქის ვარჯიში. მეორე დღეს ერთი მძიმე, 3-საათიანი ვარჯიში გაიმართა, რომლის დროსაც ახალგაზრდა მორაგბეებმა მოედნის მთელი სიგანის ათვისებაზე, პოზიციების სწრაფად და სწორად აღებაზე ივარჯიშეს. იყო დაცვისა და შეტევის, ასევე დერეფნის ვარჯიშები.

შუადღისას გუნდი “ქარი ქაფის” შეხვედრას დაესწრო, რომელშიც “ვესთერნ პროვინსი” “შარქსთან” 20:21 დამარცხდა.

გუშინ ბიჭებს დიდი გამოცდის დღე ჰქონდათ: ფიზიკური, მძიმე ვარჯიშების შემდეგ, მათ ადგილობრიივ 19-წლამდელთა გუნდებთან 20 წუთის ინტერვალით ორი თამაში გამართეს და პირველში ლელოებით 4:2, ხოლო მეორეში 5:3 იმარჯვეს.

„მნიშვნელოვანია, რომ სწრაფ თამაშს ვეჩვევით და ეს ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად გამოგვადგება. დღეს ბიჭებს რთულ სიტუაციაში მოუწიათ თამაში: ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, დაღლილზე ორი შეხვედრა გამართეს. მიზანი იყო, რომ გვენახა რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ დაღლილზე და რამდენად კარგად შეძლებდნენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სასარგებლო დღე გამოვიდა“ - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე.

თამაშის შემდეგ ვიდეო-ანალიზი ჩატარდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული მოთამაშეები. 30 აგვისტოს ბიჭებს დასვენება აქვს, ხოლო 1 სექტემბერს სამხრეთ აფრიკის კოლეჯების ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

18-წლამდელთა 7-კაცა შინ 4 სექტემბერს ბრუნდება და 8 სექტემბერს გეზს გერმანიისკენ აიღებს.

სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან: გიორგი მიქანაძე (არმია), ოთარ ძაგნიძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო სარსენს), ბექა ყორიაული (ლელო სარასენს), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), გიორგი მარგალიტაძე (ლელო სარასენს), დავით გობეჯიშვილი (აია), თედო აბჟანდაძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო სარასენს), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ავთანდილ ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები).

საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორი: ზაზა ლეჟავა

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

ფიზმომზადების მწვრთნელი: გივი ნადარეიშვილი

ექიმი: ნიკოლოზ შათირიშვილი

ჯგუფის ხელმძღვანელი: გოჩა მაჭავარიანი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:40 | 30.08.2017
ogafa (407)

წარმატებები

16:03 | 30.08.2017
პანტელეიმონი (1218)

ნაყოფიერ მზადების პროცეს გისურვებთ ! ! !

0.085542