ლეგიონერები

18:05 | 28.08.2017 | ნანახია 2775 - ჯერ

ორი ქართული ლელო ტოპ 14-ის სტარტზე

ტოპ 14-იც დაიწყო. მთავარ ფრანგულ სარაგბო ლიგაში პირველი ტური გაიმართა და უნდა ვაღიაროთ, რომ რაგბის ქართველ გულშემატკივარს კმაყოფილების საბაბი ნამდვილად აქვს - ორმა ბორჯღალოსანმა სეზონი ლელოს გატანით დაიწყო.

ჩემპიონატი „ოიონასა“ და „ტულუზას“ უმწვავესი დაპირისპირებით გაიხსნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლიუნა - 23:23. მასპინძელთა ქართველთაგან განაცხადში ირაკლი მირცხულავა იყო, ვინც 80-ვე წუთი მარქაფაში გაატარა.

შემდეგ კი ერთდროულად 5 მატჩი დაიწყო. „ბრივმა“ გასული რეგულარული სეზონის გამარჯვებულ „ლა როშელს“ უმასპინძლა და 10:19 დამარცხდა. ბრიველთა შერკინება ცუდად თამაშობდა, სტუმრები ამ კომპონენტში განსაკუთრებით ძლიერები არიან (შერკინებას ვეტერანი ბორჯღალოსანი კვაჭი აქვსენტი გიორგაძე წვრთნის) და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებს პირველი ხაზი მთლიანად გამოაცვლევინეს. თამაშში ორი ქართველი ბურჯი ჩაერთო - ბორჯღალოსნები კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი. 55-ე წუთზე კი კარლენმა ბრიველთა შეტევა დააგვირგვინა, თანაც ბურთის ლელოში დამიწების მომენტში მის კისერზე ორი მოწინააღმდეგე ეკიდა. თუმცა „ბრივი“ მაინც დამარცხდა. ასიეშვილმა ბოლომდე ითამაშა, ბეკოშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს.

„ლა როშელის“ სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი იყო, ვინც პირველ ტაიმში სტატიკაში პირწმინდად დაჩაგრა თავისი ბრიველი ოპონენტი, თუმცა ასიეშვილის გამოსვლის შემდეგ ამ მხრივ სიტუაცია დაბალანსდა. ყაულაშვილმა პირველ ტაიმში კინაღამ ლელო გაიტანა - 22 მეტრის ხაზიდან ბურთიანად დაიძრა და ლელოდან 10 მეტრში რამდენიმე ბრიველმა რის ვაი-ვაგლახით შეაჩერა.

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი კი „მონპელიე“ გახდა, რომელმაც 48:19 მოიგო და ლელოების სიმრავლის ხარჯზე ბონუსიც მიითვალა. ვერნ კოტერის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი ქართველი იყო - კოტე მიქაუტაძე, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს. მონპელიელთა მეტოქე „აჟენმა“ კი ქართველების გარეშე დაიწყო ეს მატჩი, თუმცა, უკვე 30-ე წუთზე მწვრთნელს თამაშში თამაზ მჭედლიძის ჩართვა მოუხდა. მჭედლიძემ პირველივე ტაიმში მოახერხა „მონპელიეს“ დაცვის გარღვევა, მაგრამ პარტნიორები არ აყვნენ და მისი შეტევა უნაყოფოდ დასრულდა.

თუმცა, თაზომ მაინც გახსნა ლელოების პირადი ანგარიში: 78-ე წუთზე ბურთი მასპინძელთა ლელოში დადო, არბიტრმა და ვიდეორეფერიმ არ ჩაუთვალეს, მაგრამ ქართველმა უკანახაზელმა გამეორებითი მიძალებით გაარღვია მონპელიელთა დაცვის ხაზი და მიზანს მაინც უწია. მატჩის შემდეგ რეგიონულ „ლა დეპეშში“ წერილი გამოქვეყნდა, სადაც მიმომხილველი აღნიშნავს „აჟენის“ გარემარბ-შუამარბების სისუსტეს და ხაზს უსვამს, რომ ტოპ 14-ის დონეს ფიზიკური თვალსაზრისით აჟენელ სამმეოთხედელთაგან მხოლოდ ქართველი ცენტრი აკმაყოფილებს.

ასევე პირველ ტაიმში, 35-ე წუთზე ჩაერთო მატჩში „აჟენის“ ბურჯი ვახტანგ ახობაძე, რომელმაც 73-ემდე ითამაშა.

ზურაბ ჟვანია „სტად ფრანსეს“ სასტარტო მარცხენა ბურჯი იყო და 63-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა პარიზელები შინ აშკარად მოღონიერებულ „ლიონთან“ 16:25 დამარცხდნენ.

ასევე პირველივე წუთიდან ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა მარცხენა ბურჯმა, მაგრამ მისმა გუნდმა, თანაქალაქელისგან განსხვავებით, გამარჯვება იზეიმა. საუბარია ვასილ კაკოვინსა და მის „რასინგზე“, რომელმაც ბოლო შეტევით გატეხა საკმაოდ ძლიერი „კასტრი“ – 25:21. კაკოვინმა 51-ე წუთამდე ითამაშა.

საფრანგეთის ჩემპიონმა მოულოდნელად ცუდი სტარტი აიღო. „კლერმონი“ ბორდოში 25:32 დამარცხდა, არადა ვიდრე მის შემადგენლობაში ორივე ქართველი თამაშობდა, სიტუაციას აკონტროლებდა და ანგარიშშიც ლიდერობდა. დავით ზირაქაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი „ყვითელი არმიის“ სასტარტო 15-ეულში იყვნენ და პირველ ტაიმში ძალიან დამაჯერებლადაც თამაშობდნენ, განსაკუთრებით შეტევაში. მაგრამ მეორე ტაიმის დასკვნითი ნაწილი ბორდოელებმა უმძლავრესად ჩაატარეს და აქტივში მოულოდნელი 4 ქულა ჩაიწერეს. ვეტერანი ზირაქაშვილი 73-ე წუთზე დაასვენეს, ხოლო ვიტო უფრო ადრე გამოცვალეს - 56-ეზე.

ეს ყველაფერი შაბათს მოხდა, კვირას კი ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა: „ტულონმა“ „პოს“ უმასპინძლა და იოლად, 41:14 დაამარცხა. მამუკა გორგოძემ მატჩი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა და ჩვეულად აქტიური იყო - დაცვაში ხისტი და თავგანწირული, ხოლო შეტევაში მძლავრი და შეუჩერებელი. 23-ე წუთზე მამუკამ მიიტანა ბურთი პოელთა ლელოს ხაზამდე, სადაც მარსელ ვან დერ მერვემ ქართველის შეტევა ტულონელთა მე-2 ლელოთი დააგვირგვინა.

დაბოლოს, პრო დ2-ის მე-2 ტურის დასკვნით მატჩზეც. ბექა შეყლაშვილის „კოლომიემ“ საკუთარ მოედანზე კარგა ხნის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირა მრისხანე „პერპინიანს“, რომელიც უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდა და მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობა ერთადერთხელ დათმო, ისიც - 2 წუთით: 48-ედან 50-ემდე.

52-ე წუთზე კი მასპინძელთა გუნდმა შერკინების პირველი ხაზი სრულად გამოცვალა. ბექა შეყლაშვილის, რუმინეთის ნაკრების კვაჭის, ოთარ ტურაშვილისა და ფრანგი ადრიენ ბორდანავის გამოჩენამ თამაშის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა. კოლომიელთა მორკინალებმა შავი დღე აყარეს კატალონიელ ოპონენტებს და ხანგრძლივი საფინიშო შტურმი 89-ე (!) წუთზე საჯარიმო ლელოთი დაასრულეს. თუმცა, ეს უავტორო ლელო თამამად შეიძლება ქართველი ბურჯის აქტივში ჩაიწეროს: გადამწყვეტ შერკინებაში ჩვენმა ვეტერანმა დაუნდობლად გადათელა პირადი მოწინააღმდეგე, რომელსაც წესების დარღვევის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. 27:25 „კოლომიეს“ სასარგებლოდ, რომელიც „გრენობლთან“ ერთად პრო დ2-ის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:33 | 30.08.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

21:02 | 28.08.2017
temuchin (431)

მშვენიერი ამბებია, მადლობა და წარმატებები ჩვენს ლომებს!

0.083383