სიახლეები

13:48 | 27.08.2017 | ნანახია 1214 - ჯერ

დიდი 10 | აკადემია (თბილისი)

თბილისის ‘აკადემია’ გასულ სეზონში სენსაციის ავტორი შეიქმნა: რეგულარული პირველობი მეორე წრის სტარტზე, ‘მხატვრებმა’ ზედიზედ ხუთი თამაში მოიგეს, მათ შორის გათამაშების ლიდერებთან (‘ჯიქი’, ‘ლოკომოტივი’, ‘ლელო-სარასენსი’) და პლეი ოფში მეექვსე გუნდად შევიდა.

ეს კიდევ არაფერი, ‘აკადემიამ’ პლეი ოფის პირველ ეტაპზე ‘აიას’ ქუთაისში სძლია, მეორე ეტაპზე ‘ლელო-სარასენსთან’ მცირედით დამარცხდა და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

მიუხედავად ამისა, ‘აკადემია’ კვლავ რჩება ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე დაბალბიუჯეტიან გუნდად და სატრანსფერო ბაზარზე ვერ იაქტიურა, არავინ დაუმატებია, თუმცა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა:

„ფინანსურად ზუსტად ისეთ მდგომარეობაში ვართ, როგორც გასულ სეზონში ვიყავით. ამიტომ ზაფხულში ვერავინ დავიმატეთ და აქცენტი არსებული მოთამაშეების შენარჩუნებაზე გავაკეთეთ. სასიამოვნოა, რომ ეს მოვახერხეთ და გუნდი ფაქტობრივად არავინ დატოვა.

მომავალი სეზონისთვის მზადება ივლისში დავიწყეთ და ორი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ. პირველლიგელ ‘იუნკერებთან’ შანსი ახალგაზრდებს მივეცით, ხოლო ‘ლელო-სარასენსთან’ ძირითადი გუნდით ვითამაშთ. ჩემპიონატის დაწყებამდე გვექნება მართვადი თამაში გორის ‘ჯიქთან’“ - გვითხრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ.

‘აკადემია’ ახალ სეზონს გარკვეული პრობლემებით ხვდება: ტრავმების გამო საწყის ტურებში ძირითადი შემადგენლობის 10 მოთამაშეს მოისაკლისებს. გარდა ამისა, გუნდთან ერთად არ იქნება მთავარი მწვრთნელი. ლევან ობოლაძე 18-წლამდელთა 7-კაცას მთავარი მწვრთნელია და ამჟამად ახალგაზრდებთან ერთად შეკრებაზე სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი, გუნდი 18-წლამდელთა 7-კაცის ევროპის ჩემპიონატზე მიყავს (9-10 სექტემბრი).

„პირველი ორი ტური გუნდთან ერთად ვერ ვიქნები, თუმცა ჩემი შემცვლელები არიან და ამ მხრივ პრობლემა არ უნდა იყოს. უფრო დიდ პრობლემას ტრავმები გვიქმნის. პირველი გუნდის 10-მდე მოთამაშე დაშავებულია და ამის გამო საწყის 5 ტურში პრობლემებს ველით. არის გარკვეული პოზიციები, რომლების გაძლიერებასაც ვისურვებდი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. წლის განმავლობაში „ა“ ლიგიდან რამდენიმე მოთამაშე დაწინაურდება და ვფიქრობ, პრობლემები ნაწილობრივ მოგვარდება“ - გვიყვება ობოლაძე.

შემადგენლობის მხრივ ვერა, მაგრამ სხვა კუთხით ‘აკადემიას’ მომავალ სეზონში მნიშვნელოვანი სიახლე ექნება. წლის ბოლოდან ექსპლუატაციაში შევა ნუცუბიძის პლატოზე მშენებარე სტადიონი და უკვე დეკემბრიდან ‘მხატვრებს’ საკუთარი ბაზა ექნება.

„ველით, რომ წლის ბოლოდან საკუთარი სტადიონი გვექნება და ბევრად უკეთეს პირობებში მოვემზადებით. ნუცუბიზე მდებარე სტადიონს ბოლნისის ‘ყოჩებთან’ გავიყოფთ, გვექნება საკუთარი სავარჯიშო დარბაზი და მოედანი. როგორც კი ბუნებრივი საფარი ექსპლუატაციაში შევა, ნუცუბიზე სრულად გადვბარგდებით და საშინაო თამაშებსაც იქ ჩავატარებთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ სტადიონის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა და ასევე მათ, ვინც განვლილ წლებში ყველანაირად გვეხმარებოდა და სავარჯიშოდ საუკეთესო პირობებს გვიქმნიდა“ - კმაყოფილია მოსალოდნელი სიახლით ლევან ობოლაძე.

‘აკადემიის’ უწინარესი მიზანი მიმდინარე სეზონშიც საჩემპიონო ექვსეულში შესვლაა:

„ჩვენი მიზანია, რომ რეგულარული გათამაშება ექვსეულში დავასრულოთ და მერე ვნახოთ რა სიტუაცია გვექნება. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როდის და როგორ შეძლებენ შემოერთებას ტრავმირებული მოთამაშეები“ - ამბობს ობოლაძე.

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:19 | 30.08.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ "აკადემია" ! ! !

0.080888