ქართული

18:23 | 26.08.2017 | ნანახია 2684 - ჯერ

ვახტანგ მაისურაძემ 9-თვიანი უქმობა დაასრულა

გუშინ საფრანგეთის პრო დ2-ში მე-2 ტურის 6 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ჩვენთვის საინტერესო 3 იყო. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ, „ანგულემმა“ საკუთარ მოედანზე წააგო. შალვა სუთიაშვილის გუნდი „დაქსთან“ შეხვედრის პირველ ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდა და ვიდრე ბორჯღალოსნების ექსკაპიტანი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებდა, ხოლო დაქსელთა შორის ელიზბარ ყუფარაძე გამოჩნდებოდა, მასპინძლები 10:3 იგებდნენ. მასობრივი შეცვლების წუთიდან (56-ედან) კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. „დაქსმა“ ინიციატივა ხელთ იგდო, 10 უპასუხო ქულა მიითვალა და თამაში 10:13 დასრულდა. სუთიაშვილმა კვლავ შთამბეჭდავად ითამაშა და ავტორიტეტულმა „მიდი ოლიმპიკმა“ ის მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მონაწილედ დაასახელა. ერთ-ერთ მომენტში ვეტერან მეორე-მესამეხაზელს თანაგუნდელმა 9 ნომერმა გადაცემა დაუგვიანა, თორემ შალვას ლელოს გზაზე ვეღარავინ გადაეღობებოდა.

ძალზე დაძაბული და დრამატული თამაში შედგა მონტობანში, სადაც „ორიაკს“ გასვლითი მატჩი ჰქონდა. ნიკოლოზ ხატიაშვილი და მერაბ შარიქაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯი თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრეღა გამოცვალეს, თუმცა 33-ე წუთზე მას 10-წუთიანი იძულებით დასვენება რეფერიმ გამოუწერა. მსაჯმა ხატიაშვილი და მისი ვიზავი ელვის ტეკასალა შერკინებაში წესების დარღვევისთვის რამდენჯერმე გააფრთხილა, ბოლოს კი ორივე გაასინბინა. მთლიანობაში კი, ქართველმა მორკინალმა ხსენებული ოპონენტი და შემდგომში მისი შემცვლელიც გვარიანად დაჩაგრა.

ბორჯღალოსანთა ამჟამინდელმა კაპიტანმა კი შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი იყო. მე-9 წუთზე მერაბ შარიქაძემ შეტევის ფრონტი მონტობანელთა ნახევრის სიღრმეში მთელი 22 მეტრით გადაწია, 5 წუთში კი თავისი გუნდი ლელოსგან იხსნა, თუმცა დაჯარიმდა და მონტობენელებმა ზუსტი დარტყმით მხოლოდ წონასწორობა აღადგინეს - 3:3. ქართველმა ცენტრმა 22-ე წუთზე სულაც მასპინძელთა ხაზი გაარღვია, მაგრამ ბოლოს შებოჭეს და ბურთი დააკარგვინეს.

ნევერში კი, სადაც ადგილობრივმა გუნდმა უშეღავათო ბრძოლაში „ვანს“ 24:21 მოუგო, ფრიად სასიხარულო ფაქტი დაფიქსირდა: ურთულესი ტრავმით გამოწვეული 9-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე პირველად ვიხილეთ ვახტანგ მაისურაძე. ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა. ეს ამბავი პოზიტიური იმ თვალსაზრისითაცაა, რომ საქართველოს ნაკრებში მეორეხაზელთა დეფიციტი შეიქმნა. ამ კონტექსტში შალვა სუთიაშვილის მშვენიერი კონდიციებიც თვალშისაცემია, თანაც ეს უკანასკნელი ახალ სეზონში თავისი გუნდის შერკინების მეორე ხაზში ასპარეზობს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:11 | 30.08.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

15:58 | 27.08.2017
zangura (109)

ნეტა ოდესმე ვეღირსოთ ამ საიტზე სრულყოფილი სტატიის დაწერას ..

და რა ანგარიშით დასრულდა მონტობანი-ორიაკის შეხვედრა ბარემ ეგეც დაგეწერათ?!
მაგის გარდა ყველაფერი დაწერეთ მემგონი.

0.083724