უცხოური

15:35 | 26.08.2017 | ნანახია 2721 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: “ოლ ბლექსი” “ბლედისლოუს თასს” ბოლო შეტევით დაეუფლა (+VIDEO)

რაგბი ჩემპიონშიპის და “ბლედისლოუს თასის” მეორე ტურის მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრები დანიდინში ავსტრალიას დაუხვდა და გამარჯვების მოპოვება დასკვნითი შეტევით მოახერხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული, სანახაობრივი გამოდგა და რაგბის გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო. ავსტრალიის ნაკრები ერთი კვირის წინ საკუთარ მოედანზე შერცხვა და დღეს “ვოლაბები” მაქსიმალურად კონცენტირებულნი გავიდნენ მინდორზე, რაც პირველივე წუთებზე გამოჩნდა.

სტუმრებმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და უკვე 25-ე წამზე ლელოს დადება მოახერხეს: იზრაელ ფოლაუმ დამიან მაკკენზის გადაცემა ჩაუჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა. “ვოლაბებმა” ასევე აქტიურად განაგრძეს და 15 წუთში მაიკლ ჰუპერმა და ბერნარდ ფოლიმ კიდევ ორი ლელოს გატანა მოახერხეს, რომელთაგან ფოლიმ მხოლოდ ერთი გარდასახა და ანგარიში 0:17 გახდა. უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ სწორედ ავსტრალიელთა მგეზავის არაზუსტი დარტყმები აღმოჩნდა გადამწყვეტი. ფოლიმ 5-დან 3 გარდასახვა და ერთი ჯარიმა გააცუდა (საინტერესოა, რომ ბურთი სამჯერ ძელს მოარტყა), რაც ჯამში პოტენციურ 9 ქულას უდრის.

ამასობაში ახალი ზელანდიაც მოეგო გონს და 22-ე წუთზე რიეკო იოანემ “შავების” პირველი ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო გაწითლებულ დროში აარონ სმიტი შერკინებიდან გამოსული ბურთი სწრაფად აიტაცა და “ვოლაბები” მეორედ დაალელოვა. ბიოდენ ბარეტმა ორივე შემთხვევაში ზუსტად შეასრულა გარდასახვა (ფოლისგან განსხვავებით, ბარეტმა ყველა გარდასახვა გაიტანა) და ტაიმი 14:17 დასრულდა.

მეორე ნახევარი, როგორც მოსალოდნელი იყო, “ოლ ბლექსის” შეტევებით დაიწყო და 53-ე წუთზე მასპინძლები თითქოს პირველად უნდა გასულიყვნენ წინ, თუმცა ნაიჯელ ოუენსმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ლელო გააუქმა და ანგარიში კიდევ ცოტა ხანი უცვლელი დარჩა, ხოლო 61-ე წუთზე ახალზელანდიელებმა შერკინებიდან სწრაფად გამოიტანეს ბურთი და აარონ სმიტის გადაცემის შემდეგ ბიოდენ ბარეტმა მეტოქე დაალელოვა. ავსტრალიელებმა სწრაფად უპასუხეს, 67-ე წუთზე უილ გენიამ ბურთი აიტაცა, მასპინძელთა დაცვის ხაზი გაჭრა და შესანიშნავი ლელო გაიტანა.

4 წუთში სტივ ჰანსენის შეგირდები კვლავ დაწინაურდნენ: სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, მარჯვენა ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს და ბენ სმიტს შეტევის დაგვირგვინება არ გასჭირვებია. “ვოლაბებს” გასულ კვირას განცდილი მწარე მარცხი კარგად ახსოვდათ და დანებებას არ აპირებდნენ, უმალ შეუტიეს და 75-ე წუთზე ქერთლი ბეილმ საკუთარი გუნდის მიძალება ლელოთი დაასრულა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე “ვოლაბები” კვლავ წინ გავიდნენ და სენსაციასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ “ოლ ბლექსმა” მაინც იძალა: მასპინძლებმა ცენტრიდან შეყვანილი ბურთი მოიგეს და ნახევარ წუთში ხელდახელ ისეთი კომბინაცია გაათამაშეს, რომ მთელი ავსტრალია გააბრუეს და ბიოდენ ბარეტმა თავის მეორე ლელოთი საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუპოვა – 35:29.

ამრიგად, ახალმა ზელანდიამ რაგბი ჩემპიონშიპში მეორე მატჩი მოიგო და 9 ქულა დააგროვა, ხოლო ავსტრალიას ერთი ბონუს-ქულით მოუწია დაკმაყოფილება. გარდა ამისა, “ოლ ბლექსი” ”ბლედისლოუს თასის” გამარჯვებული ნაადრევად გახდა.

ახალი ზელანდია – ავსტრალია 35:29 (14:17)

ახალი ზელანდია: 5 ლელო – იოანე (23), ა. სმიტი (40+1), ბ. ბარეტი (61; 78), ბ. სმიტი (71); 5 გარდასახვა – ბ. ბარეტი (23; 40+2; 63; 73; 79)

ავსტრალია: 5 ლელო – ფოლაუ (1), ჰუპერი (11), ფოლი (15), გენია (67), ბეილი (76); 2 გარდასახვა – ფოლი (12; 77)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:11 | 26.08.2017
sport..»farther more rugby (86)

ავსტრალიას საღოლ, რა უომია, აი ამ საღამოს კი არგენტინაზე ვდგები!

0.180639