ქართული

17:42 | 25.08.2017 | ნანახია 1696 - ჯერ

დიდი 10: ლოკომოტივი (თბილისი)

თბილისის “ლოკომოტივმა” 2017/2018 წლების დიდი 10-ის სეზონის წინ ყველა სხვა გუნდზე მეტი მოთამაშე დაკარგა და ასევე ყველაზე მეტი მორაგბე დაიმატა.

„ახალი სეზონის წინ ყველაზე მეტი მოთამაშე დავიმატეთ, თუმცა ყველაზე მეტიც დავკარგეთ. ჯამში გუნდიდან 12 მორაგბე წავიდა, ნაწილმა საფრანგეთს მიაშურა, ზოგმა სხვა გუნდში ირჩია, ზოგიც ჩვენ გავუშვით. მათ ნაცვლად ასევე ბევრი მორაგბე დავიმატეთ და ძლიერი შემადგენლობა შევკრიბეთ, შემადგენლობა, რომელმაც ჩემპიონობამდე უნდა მიგვიყვანოს“ - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი.

გუნდის განაცხადშია ბორჯღალოსანი (46 კეპი) კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც 2012-2014 წლებში ფრანგულ გრანდ “ტულუზის”, ხოლო გასულ ორ სეზონში ინგლისის “ავივა პრემიერშიპის” “ვუსთერის” ღირსებას იცავდა, თუმცა ის “ლოკომოტივის” მაისურით არ ითამაშებს.

„ჯაბა ბრეგვაძეს ჩვენთან უნდა ეთამაშა, თუმცა ბოლო მომენტში კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების შანსი გაუჩნდა და დაგვტოვა. ძალიან საწყენია ასე რომ მოხდა, ის მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებდა, თუმცა რამდენიმე კარგი მოთამაშე მაინც დავიმატეთ, მათ შორის გიორგი ბეგაძე, რამაზ ხარაზიშვილი, ზვიად მაისურაძე და სხვები. კიდევ სამი მოთამაშის დამატება გვსურდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით“ - გვიყვება სატრანსფერო სიახლეებზე ბენდიაშვილი.

“ლოკომოტივმა” ახალი სეზონისთვის მზადება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო. გუნდი 5 ივნისს შეიკრიბა და მზადებას თბილისში შეუდგა, ამჟამად კი ურეკში იმყოფება:

„ჩემპიონატებს შორის ძალიან დიდი პაუზაა, არ გვსურდა, რომ დიდი წყვეტა გვქონოდა და ამის გამო მზადება ადრიანად დავიწყეთ. ჩავატარეთ ორი ამხანაგური თამაში, ახლა კი ზღვისპირეთში, ურეკში ვარჯიშობთ. გვსურდა შეკრება მთაში გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არაა ადგილები სადაც ცხოვრებასთან ერთად სავარჯიშო პირობებიც გვექნება. ურეკი ფაქტობრივად ერთადერთი ადგილია, თუნდაც ზღვისპირეთში, სადაც სასტუმროცაა და სავარჯიშო მოედანიც“.

რკინიგზელები ახალი სეზონის პირველ მატჩს 3 სექტემბერს ქუთაისში, “აიას” წინააღმდეგ გამართავენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუნდის მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა საწყის ტურებში “ლოკომოტივს” ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე დააკლდება. ცნობისათვის, ქვეყნის 9-გზის ჩემპიონმა ოქროს მედლებით მკერდი ბოლოს 2010 წელს დაიმშვენა და მას შემდეგ ორ-ორჯერ ვერცხლსა და ბრინჯაოს დასჯერდა.

„ვთვლი, რომ გასულ სეზონშიც საჩემპიონო გუნდი გვყავდა, მაგრამ სასურველს ვერ მივაღწიეთ. იმედია ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. პირველ თამაშს ტრავმებით ვხვდებით. რამდენიმე მოთამაშემ ოპერაცია გაიკეთა და გარკვეული დროით ვერ დაგვეხმარებიან. მათ შორის არიან გიორგი აფციაური, გიორგი ტალახაძე და რამაზ ხარაზიშვილი“ - ამბობს ბენდიაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:10 | 30.08.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ! ! !

0.091696