ქართული

13:05 | 23.08.2017 | ნანახია 1563 - ჯერ

დიდი 10: არმია (თბილისი)

თბილისის ‘არმიამ’ დიდი 10-ის მომავალი სეზონის წინ რამდენიმე მოთამაშე დაკარგა, თუმცა პირველ ლიგაში დაქვეითებული ბოლნისის ‘ ყოჩებიდან’ სრულფასოვანი შევსება მიიღო.

გუნდი დატოვა საუკეთესო მექულემ, შუამარბმა და კარში დამრტყმელმა ბექა ურჯუკაშვილმა, რომელიც გასული სეზონის შემდეგ საუკეთესო მექულეთა შორის მეოთხე ადგილზე იყო (135 ქულა). ის კარიერას ‘ბათუმში’ გააგრძელებს. გორის ‘ჯიქში’ გადავიდნენ ბურჯი მიხეილ ფსუტური და უკანახაზელი გიორგი ჯიმშელაძე, რუმინეთში წავიდა მეორეხაზელი ლაშა აზალაძე, ხოლო უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი ილია სპანდერაშვილი ‘არმაზში’ ითამაშებს.

სამაგიეროდ ‘არმიაში’ მივიდნენ ‘ყოჩების’ ყოფილი მოთამაშეები - ფლანკერი ნიკო აფციაური, რომელიც საქართველოს 7-კაცა ნაკრებში რეგულარულად თამაშობს, მესამეხაზელი ნიკა ჩხიკვაძე, შუამარბი გიორგი ხარშილაძე და გარემარბი ნიკა ცირეკიძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლოზ ჭავჭავაძე მიიჩნევს, რომ ამ შევსებით დანაკლისის გადაფარვა სრულად მოხდება:

„მართალია რამდენიმე კარგმა მოთამაშემ დაგვტოვა, მაგრამ ბოლნისის ‘ყოჩებიდან’ სერიოზული შევსება მივიღეთ და ახალ სეზონს გაძლიერებული ვხვდებით“.

‘არმიამ’ მომავალი სეზონისთვის მზადება სხვებზე გვიან, 10 აგვისტოს დაიწყო:

„პირობებიდან გამომდინარე მზადება გვიან დავიწყეთ. 10 აგვისტოს თბილისში შევიკრიბეთ და ადგილზე ვემზადებით. პირველი ეტაპი ფიზმომზადებას დაეთმო, მერე საქმეში ბურთი ჩავრთეთ და პირველლიგელ კიკეთის ‘იუნკერებთან’ ერთი ამხანაგური თამაშიც გავმართეთ. პარასკევს პირველი ლიგის გუნდთან კიდევ ერთი ამხანაგური თამაში გვექნება და ერთ კვირაში დიდი 10 იწყება“ - ამბობს ჭავჭავაძე და დარწმუნებულია, რომ ‘არმია’ მომავალ სეზონში ექვსეულისთვის იბრძოლებს:

„მიუხედავად იმისა, რომ მზადება გვიან დავიწყეთ, ჩემპიონატს კარგ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით, ფიზმომზადებას კი რაგბში წამყვანი ადგილი უჭირავს. მიზანი საჩემპიონო ექვსეულში შესვლაა, დანარჩენს კი ჩემპიონატის მსვლელობა დაგვანახებს და მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავებას ვეცდებით“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072687