ხვალ საღამოს 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები 10-დღიან შეკრებაზე სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება. შეკრების მიზანი 18-წლამდელთა 7-კაცის ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაა, რომელსაც 9-10 სექტემბერს ჰაიდელბერგი (გერმანია) უმასპინძელბს.
18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი პირველად მონაწილეობს. 16-გუნდა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ევროპის მოქმედი ჩემპიონი ირლანდია, მასპინძელი გერმანია და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან. პირველი დღის მიზანი ჯგუფური ეტაპიდან თასის მეოთხედფინალში გასვლაა, ხოლო სატურნირო გეგმები ხუთეულში შესვლაა.
სამხრეთ აფრიკაში ჩვენი გუნდი წელს მეორე შეკრება გაივლის. გაზაფხულზე ‘ვესთერნ პროვინსის’ აკადემიაში 10-დღიანი შეკრება 7-კაცას პირველმა გუნდმა გაიარა და როგორც მწვრთნელები, ასევე მოთამაშები, შინ კმაყოფილები დაბრუნდნენ. ახლა მათ გზას ახლგაზრდები გაივლიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორმა ზაზა ლეჟავამ, 7-კაცას დირექტორმა კახა ალანიამ და 18-წლამდელთა 7-კაცას მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ პრესკონფერენცია გამართეს:
გოჩა სვანიძე: „ძალიან დიდი საქმე დავიწყეთ. აქამდე ასაკობრივი 7-კაცას ნაკრები არ გვყავდა, შარშან ზაზა ლეჟავა მისი შექმნის ინიციატივით გამოვიდა და წელს ჩვენი გუნდი პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ესაა მომავლის გუნდის საფუძველი, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადაზე ითამაშებს და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ მიზნის განსახორციელებლად გარკვეული თანხა გამოყო, რომელიც სექტემბრიდან ჩაგვერიცხება. საქმის გადადება არ ივარგებდა და წინსწრებად გამოვნახეთ თანხები, რათა გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაგვეგზავნა და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო. 18-წლამდელთა 7-კაცას ლევან ობოლაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძლიერი სპეციალისტია“.
ზაზა ლეჟავა: „ხანგრძლივი განვითარების გეგმის თანახმად, საქართველო მსოფლიოს მოწინავე ათეულში უნდა შევიდეს და ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებია. მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ქვედა საფეხურზე მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებიც მორაგბეებს უნარების დახვეწაში დაეხმარებიან, ხოლო ბიჭებს მრავლად ქონდეთ ძლიერ მეტოქეებთან თამაშის გამოცდილება. სწორედ ამ გზით შევძლებთ წინ წაწევას და სასურველი მიზნის მიღწევას. 7-კაცა ხაზის მოთამაშეების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და მოთამაშეები ადრეული ასაკიდან მიეჩვევიან სწრაფიდა სწორი გადაწყვეტილებების მიღებას“.
კახა ალანია: „წელს აფრიკაში მეორედ მივდივართ. გაზაფხულზე იქ შეკრება 7-კაცას ნაკრებმა გაიარა და ყველა კმაყოფილი დარჩა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ეს გზა ახალგაზრდებსაც გაეარათ. 5 მოთამაშე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მიდის, 20-წლამდელთა ნაკრებში ავა, ხოლო დანარჩენები გაისადაც ამ გუნდის წევრები იქნებიან. სამხრეთ აფრიკაში 8-10 მაღალი დონის სპეციალისტთან ვიმუშავებთ, გვექნება თამაშები, ხოლო წამოსვლის წინ კოლეჯების ჩემპიონატში მივიღებთ მონაწილეობას. აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილებით ეს თაობა წინამორბედებზე წინ იქნება.
სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივ სპეციალისტებს შეკვეთას ჩვენი მწვრთნელები მისცემენ და ვარჯიშები ერთობლივად ჩატარდება. ვიმუშავებთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე. გუნდს ბესიკ ხამაშურიძეც მიყვება და დუბაის ტურნირზე 18-წლამდელთა 3 ბიჭი უფროსი ასაკის 7-კაცას ნაკრებში დაწინაურდება“.
„7-კაცას თავისი სპეციფიკა აქვს და ბევრს ვიმუშავებთ აღდგენაზე, ასევე მიწაზე თამაშზე. ბოლოს გვექნება 2-დღიანი ტურნირი და მაღალ ტემპში თამაშს მივეჩვევით, რაც გერმანიაში გამოგვადგება“ - დაამატა ზაზა ლეჟავამ.
ლევან ობოლაძე: „მინდა ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინა. ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება მაისში დავიწყით. შეირჩა 50 მოთამაშე, ასპინძაში გვქონდა მინი-ტურნირი და 23 მორაგბე გამოვარჩიეთ, რომელთაც ‘შევარდენზე’ 2-კვირიანი შეკრება ქონდათ და სამხრეთ აფრიკაში 16 მიგვყავს. ევროპის ჩემპიონატისთვის ამ 16-იდან 12-ს შევარჩევთ.
ევროპის ჩემპიონატზე პირველად გვიწევს თამაში და ვეცდებით მაქსიმალურად მაღალი შედეგი ვაჩვენოთ. ბიჭებს ექნებათ შესაძლებლობა, წელსვე ექვსი ერის გუნდებთან რამდენჯერმე ითამაშონ და ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა. გერმანიაში პირველი შეხვედრა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ირლანდიასთან გვაქვს, მაგრამ წელს საქართველოს განსაკუთრებით კარგად მოაზროვნე თაობა ყავს და დასახული მიზნის მიღწევა სავსებით რეალურია“.
სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან: გიორგი მიქანაძე (არმია), ოთარ ძაგნიძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო სარსენს), ბექა ყორიაული (ლელო სარასენს), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), გიორგი მარგალიტაძე (ლელო სარასენს), დავით გობეჯიშვილი (აია), თედო აბჟანდაძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო სარასენს), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ავთანდილ ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები).
საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორი: ზაზა ლეჟავა
მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე
მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე
ფიზმომზადების მწვრთნელი: გივი ნადარეიშვილი
ექიმი: ნიკოლოზ შათირიშვილი
ჯგუფის ხელმძღვანელი: გოჩა მაჭავარიანი
მენეჯერი: პაატა მაისურაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია 7-კაცას მიეხედოს იქნებ თანდათან. 7-კაცას განვითარების კვალდაკვალ უდნა გამოგვიჩნდეს სწრაფი უკანახაზელები.
წარმატებები, ნაყოფიერი მზადება და შედეგიანი გამოსვლა.
წარმატებები