ქართული

12:18 | 21.08.2017 | ნანახია 2709 - ჯერ

დიდი 10: ტრანსფერები 2017-18

დიდი 10-ის 2017/2018 წლების სეზონის დაწყებამდე 10 დღე დარჩა. გუნდები მზადების დასკვნით ეტაპს გადიან და სულ მალე საჩემპიონო რბოლაში ჩაერთვებიან.

დიდი 10-ის გუნდებმა შემადგენლობების დაკომპლექტება უკვე დაასრულეს. დარჩენილია რამდენიმე თავისუფალი აგენტი, რომლებმაც შესაძლოა ამა თუ იმ კლუბთან კონტრაქტი გააფორმონ. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 100-ზე მეტი ტრანსფერი განხორციელდა და გუნდების უმეტესობა მომავალ სეზონს მნიშვნელოვნად სახეცვლილი ხვდება.

სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტად “ბათუმმა” და თბილისის “ლოკომოტივმა” იაქტიურეს, თუმცა სუბორდინაციის დაცვით, ჩვენს მიმოხილვას ჩემპიონი გუნდით ვიწყებთ:

ჯიქი: 2017 წლის საქართველოს ჩემპიონმა გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, თუმცა ორი წამყვანი მოთამაშე დაკარგა. ესენი არიან 2016/2017 წლების დიდი 10-ის საუკეთესო მექულე რამაზ ხარაზიშვილი და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე ბექა მამრიკიშვილი. ხარაზიშვილმა, რომელიც გუნდის ლიდერი და კარში დამრტყმელი იყო, გასულ სეზონში 199 ქულას მოუყარა თავი და 46 ქულით აჯობა უახლოეს მდევარ იოსებ მათიაშვილს. მის ანგარიშზე 9 ლელო იყო და კარიერის “ლოკომოტივში” გაგრძელება გადაწყვიტა. “ბათუმში” გადავიდა ბექა მამრიკიშვილი, რომელმაც გასულ სეზონში 10 ლელო გაიტანა და საუკეთესო მელელოვეთა დავაში მე-3 ადგილზე გავიდა.

მომავალ სეზონში “ჯიქში” ითამაშებს “ლელო-სარასენსის” აწ უკვე ყოფილი კვაჭი, ბორჯღალოსანი გიორგი ჭყოიძე. ჩემპიონ გუნდს შეუერთდა მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე (ყოჩები), რომელმაც 2016 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშა; კარიერას ჩემპიონ გუნდში გააგრძელებენ გიორგი ჯიმშელაძე (არმია), ნიკა პატარაია (ბათუმი) და ირაკლი ქორიძე (ლოკომოტივი);

ბათუმი: “ბათუმი” დიდი 10-ის გარდა მესამე დონის ევროტურნირზე - “კონტინენტის ფარზეც” ითამაშებს, რომელიც ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირია და შემადგენლობაც შესაბამისად გაძლიერდა. გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე წავიდა, მათ ნაცვლად კი ზღვისპირელებმა ცნობილ მორაგბეებს უხმეს.

ყველაზე დიდი შენაძენი ბორჯღალოსანთა მგეზავი ლაშა ხმალაძეა (56 კეპი), რომელიც ზღვისპირეთში “ლელო-სარასენსიდან” გადავიდა. “ბათუმში” ითამაშებს “ლელოს” აღზრდილი მეორეხაზელი, დიდი 10-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე სანდრო ქოიავა; ჩემპიონი “ჯიქიდან” “ბათუმს” მიაშურა ზემოთნახსენებმა ბექა მამრიკიშვილმა, ასევე ბურჯმა ტარიელ დონაძემ; ბათუმშია “არმიას” ყოფილი შუამარბი და კარში დამრტყმელი ბექა ურჯუკაშვილი, რომელსაც ბორჯღალოსნების მაისურით 7-ჯერ უთამაშია (2 ლელო და 3 ჯარიმა); საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და “ბათუმში” ითამაშებს ფედერალ 1-ის “ვალანსის” ყოფილი მესამეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი, რომელსაც მეორე ხაზის დაფარვაც შეუძლია;

ლელო: საქართველოს 2013-2016 წლების ჩემპიონმა “ლელო-სარასენსმა” ამ ზაფხულს ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა. გუნდი დატოვეს გელა აფრასიძემ, ლაშა ხმალაძემ, სანდრო ქოიავამ, გიორგი ჭყოიძემ, ზვიად მაისურაძემ, გიორგი ტალახაძემ, ნოდარ ჭეიშვილმა, გიორგი კვესელაძემ...

მათ ნაცვლად პირველ გუნდში ახალგაზრდები დაწინაურდნენ, თუმცა “ლელო-სარასენსმა” გამოცდილი ბურჯი ბაჩანა გოგიშვილიც დაიმატა.

აკადემია: ახალ სეზონს ყველაზე ნაკლები ცვლილებით ხვდება თბილისის “აკადემია”, რომელმაც ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა.

ლოკომოტივი: მრავლადაა ცვლილებები თბილისის “ლოკომოტივში”, საიდანაც რამდენიმე მოთამაშე წავიდა, მათ შორის ბორჯღალოსანთა 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილი, თუმცა ნამატი სერიოზულია.

“რკინიგზელთა” რიგებში ითამაშებს ბორჯღალოსანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც გასული ორი სეზონი ინგლისის პრემიერშიფის “ვუსთერში” გაატარა. მის ანგარიშზე 46 სანაკრებო კეპია. “ლოკომოტივშია” ბორჯღალოსანთა 9 ნომერი გიორგი ბეგაძე (58 კეპი), რომელიც ახალ გუნდს ბოლნისის “ყოჩებიდან” შეუერთდა; “ლოკომოტივშია” დიდი 10-ის გასული სეზონის საუკეთესო მექულე რამაზ ხარაზიშვილი; რუსეთიდან დაბრუნებული გიორგი შკინინი და ლევან დარასელია; რუმინეთიდან დაბრუნებული დავით გულიტაშვილი და გიორგი ცუცქირიძე; ყოფილი ლელოელები ზვიად მაისურაძე, გიორგი ტალახაძე, დავით ხიდეშელი “ყოჩებიდან” და ივანე დავითაშვილი “ აკადემიიდან”.

აია: ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და საკუთარი კლუბის აღზრდილი ახალგაზრდებით გაძლიერდა ქუთაისის “აია”.

არმია: თბილისის “არმიამ” შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა. გუნდი დატოვეს ბექა ურჯუკაშვილმა, გიორგი ჯიმშელაძემ, ილია სპანდერაშვილმა...

შემადგენლობა უმთავრესად პირველ ლიგაში დაქვეითებული ბოლნისის “ყოჩების” მოთამაშეებით შეივსო, რომელთაც გამოცდილება არ აკლიათ და მათი სახელები გულშემატკივრისთვისაც კარგადაა ნაცნობი: ნიკო აფციაური, ნიკა ჩხიკვაძე, გიორგი ხარშილაძე...

ბაგრატი: ბორჯღალოსნების - რეზი ჯინჭველაშვილისა და გიორგი ფრუიძის წასვლით, ქუთაისის “ბაგრატმა” დიდი დანაკლისი განიცადა, თუმცა მწვრთნელები აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებენ და პირველ გუნდში მოთამაშეები „ა“ ლიგიდან დაწინაურდნენ. “ბაგრატს” თანაქალაქელი “აიადან” შეუერთდა იოსებ კიკვაძე.

არმაზი: “არმაზი” ახალ სეზონში მარნეულის სახელით ითამაშებს და შემადგენლობაც უწინდელზე ძლიერი ეყოლება. ბორჯღალოსანი რეზი ჯინჭველაშვილი, უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი ილია სპანდერაშვილი და ასევე უმცროსი ბორჯღალოსანი გიორგი კვესელაძე მნიშვნელოვანი ნამატია.

ხარები: დიდ 10-ში დაბრუნებულმა რუსთავის “ხარებმა” “ლოკომოტივიდან” 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილი დაიბრუნა. პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნდა უშანგი მჭედლიშვილი, “ჯიქიდან” “ხარებში” გადავიდნენ ბიძინა ჯიმშიტაშვილი და ნიკა ბეჟუაშვილი, ხოლო “არმაზიდან” ირაკლი ჩომახაშვილი.

I ლიგა: მომავალ სეზონში რამდენიმე საინტერესო მოთამაშეს პირველ ლიგაშიც შევხვდებით. დიდი 10-იდან დაქავეითებული ბოლნისის “ ყოჩები” 17-მა მოთამაშემ დატოვა, თუმცა იქ “ბათუმიდან” 2014/15 და 2015/16 წლების დიდი 10-ის საუკეთესო მექულე თემურ სოხაძე დაბრუნდა.

პატარძეულის “ ვეფხვებში” ითამაშებენ ბორჯღალოსანი მურაზ გიორგაძე (არმაზიდან) და ვანო გაბროშვილი (ბათუმიდან). ქუთაისის “აიადან” პირველ ლიგაში აღზევებულ “არესს” რამდენიმე მოთამაშე შეუერთდა, მათ შორის გაგა სინაურიძე.

ყველა ტრანსფერი >>>

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:13 | 21.08.2017
temuchin (431)

დიდი ხანია ველოდები ამ ინფორმაციას, მადლობა! წარმატებები ჩვენს დიდ ათს

16:09 | 21.08.2017
პანტელეიმონი (1218)

განვითარებას და გაძლიერებას ვუსურვებ "დიდი 10" -ის კლუბებს ! ! !

0.08875