შიდა რაგბი

12:07 | 21.08.2017 | ნანახია 1895 - ჯერ

დიდი 10: ბაგრატი (ქუთაისი)

ქუთაისის “ბაგრატის” მთავარი მწვრთნელი ბექა სხულუხია დიდი 10-ის მომავალ სეზონში აქცენტს გუნდში მეგობრული ატმოსფეროს შექმნაზე აკეთებს და იმედოვნებს, რომ “ბაგრატი” ექვსეულისთვის იბრძოლებს.

გასულ სეზონში ქუთაისელებმა ელიტაში ადგილი დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვების შედეგად შეინარჩუნეს. ზაფხულში გუნდი ორმა “ბორჯღალოსანმა” დატოვა - გარემარბი გიორგი ფრუიძე სათამაშოდ რუსეთში წავიდა და ვიცე-ჩემპიონ “კრასნი იარს” შეუერთდა, ხოლო მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი კარიერას “არმაზში” გააგრძელებს. წავიდა კიდევ რამდენიმე მოთამაშე.

„რამდენიმე მოთამაშემ დაგვტოვა და მათ ნაცვლად „ა“ ლიგიდან ახალგაზრდები ამოვიყვანეთ. აქცენტს ახალგაზრდებზე, შეკრული და მეგობრული გუნდის ჩამოყალიბებაზე ვაკეთებთ. ქუთაისის “აიადან” იოსებ კიკვაძე დავიმატეთ, რომელიც ყველა დანაკლისს დაფარავს, გარდა რეზი ჯინჭველაშვილისა, რომელიც მართლაც განსაკუთრებული მოთამაშეა და ძალიან დაგვაკლდება“ - ამბობს სხულუხია.

“ბაგრატმა” მომავალი სეზონისთვის მზადება დაახლოებით 2 თვის წინ ქუთაისში დაიწყო. ხვალ ქუთაისელები მესტიაში მიემგზავრებიან, სადაც 26 აგვისტომდე დარჩებიან და ფიზმომზადების ეტაპს გაივლიან, ხოლო 28 აგვისტოდან შეკრებაზე ურეკში მიდიან, ტექნიკურ-ტაქტიკური მომზადება ექნებათ და “ლელო-სარასენსთან” გასამართი მატჩის წინა დღეს ქუთაისში დაბრუნდებიან.

„ამ ეტაპზე გუნდის მომზადებით კმაყოფილი ვარ. ორი საკონტროლო თამაში გვქონდა “ბათუმთან”, რომელიც მართლაც რომ კარგი გუნდია. პირველი ტესტი მართვადი ვარჯიში იყო, დავინახეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, ხოლო გუშინ ბათუმში სრულფასოვანი თამაში გვქონდა და 10:5 ვიმარჯვეთ“ - კმაყოფილია სხულუხია და იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში “ბაგრატი” ექვსეულისთვის იბრძოლებს:

„პროგრამა მინიმუმი დიდ 10-ში დარჩენაა, თუმცა ჩვენ მაქსიმალისტები ვართ. განვლილი საკონტროლო მატჩების შემდეგ ვფიქრობ, რომ შეკრული და მეგობრული გუნდით ექვსეულისთვის ვიბრძოლებთ და დანარჩენი უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას გამოჩნდება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:11 | 21.08.2017
miriani (151)

წარმატებები ბიჭებს!

16:04 | 21.08.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას ვუსურვებ "ბაგრატი"-ს

0.068244