რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) 2017 წლის გათამაშების და “ბლედისლოუს” თასის გახსნითი შეხვედრა სიდნეიში, “სთედიუმ ავსტრალიაზე” გაიმართა, სადაც ავსტრალიის ნაკრები “ოლ ბლექსს” დაუხვდა და უშანსოდ დამარცხდა.
მართალია, ახალი ზელანდიის საბოლოო უპირატესობა 20-ქულიანი გამოდგა, თუმცა ვინც შეხვედრას უყურა, კარგად დაინახავდა, თუ რამხელა სხვაობაა ამ ორ გუნდს შორის ამჟამად, და “ოლ ბლექსს” უფრო მეტად რომ მოენდომებინა და შეხვედრის დასკვნით ნახევარ საათში არ მოდუნებულიყო, ტაბლოზე საბოლოოდ დაფიქსირდებოდა “ვოლაბებისთვის” სამარცხვინო ანგარიში.
“შავებმა” პირველი 50 წუთი საოცრად ჩაატარეს, ერთმანეთზე ლამაზი ლელოები გაიტანეს, ხოლო მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს “ოლ ბლექსის” ავსტრალიის ნაკრებს კი არა, რომელიმე მეორე დონის გუნდს ეთამაშებოდა...
თავიდან მასპინძელებმა შეუტიეს და მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ბერნარდ ფოლეიმ აქცია 3 ქულად. “ოლ ბლექსმა” სულ მალე მეტოქეს გატანილი ლელოთი უპასუხა: დამიან მაკკენზიმ მეტოქის ხაზი გაჭრა, რასაც ხელდახელ სწრაფი გათამაშება და ლიამ სქუეარის ლელო მოჰყვა. 15-ე წუთზე მასპინძლებმა კვლავ ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ამის შემდეგ ავსტრალიელთათვის ჯოჯოხეთური ნახევარი საათი დაიწყო და ამ დროის განმალობაში “ოლ ბლექსმა” მასპინძლები 8-ჯერ (!) დაალელოვა.
18-ე და მე-20 წუთებზე დუბლი გაიფორმა რიეკო იოანემ. ბიოდენ ბარეტმა მეორე ლელოს გარდასახვა ვერ მოახერხა და უნდა ითქვას, რომ ეს იყო ერთადერთი გარდასახვა, რომელიც ახალზელანდიელმა მგეზავმა გააცუდა, დანარჩენი 7 დარტყმა მან უნაკლოდ შეასრულა. 24-ე და მე-40 წუთებზე დუბლი შეასრულა რიან კროტიმაც, ხოლო იქამდე 33-ე წუთზე სონი ბილ უილიამსმაც გახსნა პირადი ანგარიში მიმდინარე 4 ერზე და ტაიმი 6:40 დასრულდა.
ავსტრალიელთა კოშმარი მეორე ნახევარის დებიუტშიც გაგრძელდა და 42-ე წუთზე “ოლ ბლექსის” მაისურით პირველი ლელო გაიტანა 2017 წლის სუპერ რაგბის საუკეთესო მოთამაშემ დამიან მაკკენზიმ, ხუთიოდე წუთში კი ბენ სმიტის ჯერიც დადგა და ტაბლო მასპინძელთათვის შემარცხვენელი ანგარიში 6:54 აციმციმდა.
ამის შემდეგ, ან ავსტრალიის ნაკრებმა გამოიღვიძა, ან კიდევ სტუმრებმა დაიწყეს ძალების დაზოგვაზე ფიქრი. ალბათ უფრო მეორეა, რადგან “ვოლაბებს” ახალი ზელანდიისთვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა რომ შესძლებოდა, 50-ე წუთისთვის ასეთი კატასტროფული სხვაობა არ იქნებოდა.
შეხვედრის დარჩენილ მონაკვეთში დებიუტანტმა კურტის რონამ, ტევიტა კურიდრანიმ, ქერთლი ბილიმ და იზრაელ ფოლაუმ “ოლ ბლექსს” 4 საპასუხო ლელო გაუტანეს, ხოლო ბერნარდ ფოლეიმ ოთხივე შემთხვევაში ზუსტად შეასრულა გარდასახვა და ავსტრალიელებმა სამარცხვინო მარცხის თავიდან აცილება მოახერხეს – 34:54.
უნდა ითქვას, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიას 159-ედ დაუპირისპირდა და დღეს სარეკორდო გამარჯვება მოიპოვა. "ოლ ბლექსს" აქამდე "ვოლაბებისთვის" ყველაზე მეტი, 51 ქულა გაეტანა (2014 წელს).
ავსტრალია – ახალი ზელანდია 34:54 (6:40)
ავსტრალია: 4 ლელო – რონა (51), კურიდრანი (54), ბილი (60), ფოლაუ (68); 2 ჯარიმა – ფოლეი (4; 15), 4 გარდასახვა – ფოლეი (52; 55; 61; 68)
ახალი ზელანდია: 8 ლელო – სქუეარი (9), იოანე (18; 21), კროტი (24; 40), უილიამსი (33), მაკკენზი (42), ბ.სმიტი (47); 7 გარდასახვა – ბარეტი (11; 21; 25; 34; 40; 44; 48)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოლოს მოდუნდა შავების არმია თორემ 70 ქულამდეც შეეძლოთ ასვლა
+1
აპამპულავებს ჯენგურუები