ქართული

12:18 | 19.08.2017 | ნანახია 2318 - ჯერ

ბექა შეყლაშვილმა პრო დ2 ლელოთი გახსნა

გუშინ საღამოს საფრანგეთში მეორე ელიტური დივიზიონის, პრო დ2-ის ახალი სეზონი დაიწყო. გაიმართა 6 მატჩი, რომლებშიც მონაწილეობა 7-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. ზოგიერთ მათგანს ამ ლიგაში ჭიპი აქვს მოჭრილი, ზოგს დებიუტი ჰქონდა, ყველაზე სასიამოვნო ამბავი კი ისაა, რომ ვეტერანმა ბექა შეყლაშვილმა ლელო გაიტანა...

„ორიაკში“ სეზონის დაწყებამდე არ მალავდნენ ამბიციას, რომ ტოპ 14-ში აღზევებას გეგმავენ, მაგრამ ჩემპიონატის სტარტზევე ორიაკელებმა ცივი შხაპი მიიღეს - შინ „კოლომიესგან“ მარცხი იწვნიეს. მასპინძელთა შემადგენლობაში ორივე ქართველმა პირველიდან ბოლო წუთამდე შეუცვლელად ითამაშა და თუ ბორჯღალოსანთა კაპიტნის, მერაბ შარიქაძისთვის, მისი ამპლუიდან გამომდინარე, მოედანზე 80 წუთის გატარება ჩვეული საქმეა, ნიკოლოზ ხატიაშვილი ბურჯი გახლავთ და ხშირად როდი ხდება, რომ პირველხაზელს თამაში შეუცვლელად უწევდეს. საქართველოს ნაკრების ბურჯს კი სწორედაც რომ მოუწია 80 წუთის თამაშმა.

„კოლომიეში“ კი თავისი სადებიუტო მატჩი ბექა შეყლაშვილმა ჩაატარა - უფროსი თაობის ბორჯღალოსანმა. 31 წლის ბურჯი შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა და 8 წუთის შემდეგ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 23:30. დებიუტიც ასეთი უნდა!

სეზონის სტარტზე საკუთარ მოედანზე მოქმედი ბორჯღალოსნების კიდევ ორმა გუნდმა წააგო: „ნარბონი“ „მონტობანთან“ 13:18, ხოლო „კარკასონი“ „მასისთან“ - 10:49.

საქართველოს ნაკრების 8 ნომერი ბექა ბიწაძე ნარბონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა არა თავის ჩვეულ პოზიციაზე იდგა (8 ნომრად წინასასეზონო მატჩებშიც ირჯებოდა), არამედ 7 ნომერზე. ასეა თუ ისე, ბექა 55-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო მისმა ახალმა ფრანგულმა გუნდმა სეზონი საშინაო მარცხით დაიწყო, თუმცა, ბონუს-ქულას ხელი კი გამოკრა.

„კარკასონი“ კი, პირდაპირ ვთქვათ, განადგურდა! არავინ ელოდა, რომ ეს გუნდი საკუთარ მოედანზე ფედერალ 1-დან ახალამოსულ „მასის“ აბსოლუტურად ვერაფერს დაუპირისპირებდა და უკვე პირველ ტაიმში ჩამორჩებოდა 29 (!) ქულით. საბოლოოდ მასპინძლებმა 10:49 შეირცხვინეს თავი. ვეტერანი ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი და საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი კარკასონელთა სასტარტო 15-ეულში იყვნენ. პირველი მათგანი შესვენების შემდეგ მოედანზე არც დაბრუნებულა, ხოლო ბორჯღალოსანი ჰუკერი 57-ეზე გამოცვალეს. მირიან ბურდული „კარკასონის“ განაცხადში არ იყო, ისევე, როგორც ილია კაიკაციშვილი - „მასიში“.

შალვა სუთიაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა - პირველიდან მე-80 წუთამდე. საქართველოს ნაკრების ექსკაპიტნის ფრანგულმა კლუბმა „ანგულემმა“ პრო დ2-ის კიდევ ერთ ახალბედას, „ნევერს“ დაუძაბავად აჯობა - 27:5. „ანგულემმა“ 3 ლელოს გატანისთვის ბონუსიც გამოიმუშავა და სეზონი 5 ქულის მოპოვებით დაიწყო, ხოლო სუთიაშვილმა, ისევე, როგორც წინასასეზონო მატჩებში, კვლავ მეორე ხაზში ითამაშა და ეს მატჩი მის პირად აქტივში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს. კერძოდ, პირველი ლელო ფაქტობრივად შალვამ შექმნა, დერეფნებში მას ბადალი საერთოდ არ ჰყავდა, თანაც, მისი პირადი დამსახურებაა, რომ ბოლო 20 წუთი "ანგულემმა" რიცხობრივ უმრავლესობაში გაატარა. რეფერიმ ნევერელი ჟორდან სენეკა მას შემდეგ გააძევა წითელი ბარათით, რაც სუთიაშვილმა ეს უკანასკნელი ბურთიანად შებოჭა და ფრანგმა ბურთის შენარჩუნება წესების დარღვევით სცადა.

ხვალ ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი" ბექა გიგაშვილის "გრენობლს" უმასპინძლებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:53 | 21.08.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.080574