7-კაცა

19:36 | 18.08.2017 | ნანახია 1683 - ჯერ

18-წლამდელთა 7-კაცა: აფრიკული შეკრება

18-წლამდე ბორჯღალოსანთა 7-კაცა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 16 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 23 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში 10-დღიან შეკრებაზე გაემგზავრებიან.

18-წლამდელთა 7-კაცა წელს პირველად შეიკრიბა და 9-10 სექტემბერს ჰაიდელბერგში (გერმანია) 16-გუნდა ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები ირლანდიის (მოქმედი ჩემპიონი), გერმანიის და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატისთვის სასელექციო პროცესი მაისში დაიწყო და ასპინძის შეკრების შემდეგ 23 მორაგბე შეირჩა, რომლებიც 14 აგვისტოდან "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დაბანაკდნენ. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, დღეს შეკრებაზე მყოფი მოთამაშეები გუნდებად დაიყვნენ და ერთმანეთში თამაშები გამართეს, რის შემდეგაც სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა 16-კაციანი სია გაცხადდა.

სამხრეთ აფრიკაში 7-კაცას დიდი ყურდღება ექცევა და წელს ამ ქვეყნის 7-კაცა ნაკრებმა მსოფლიო სერია მოიგო. "ვესთერნ პროვინსსა" და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, წელს ამ ბაზაზე შეკრება საქართველოს 7-კაცა ნაკრებმაც გაიარა, მწვრთნელები და მოთამაშეები ამ შეკრებით კმაყოფილი დარჩნენ. ახლა მათ გზას 18-წლამდელთა 7-კაცა გაივლის და სამხრეთ აფრიკაში 3 სექტემბრამდე დარჩება.

აფრიკული შეკრების მსვლელობისას ყურადღება მიექცევა როგორც ფიზმომზადებას, ასევე სათამაშო კომპონენტების დახვეწას. ვარჯიშებს ადგილობრივი სპეციალისტები ჩაატარებენ და საკუთარ ცოდნას ქართველ მწვრთნელებსაც გაუზიარებენ. გუნდი 4 სექტემბერს სამშობლოში ბრუნდება, მწვრთნელები 12 საუკეთესოს შეარჩევენ და 8 სექტემბერს გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

რადგან 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა და ამ ბიჭების ნაწილს 2020 და 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის შესარჩევ ტურნირში ჩართვა მოუწევს, საქართველოს რაგბის აკადემიამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მზადების პროექტი წარუდგინა. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა აკადემიას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან უშუამდგომლა და ორწლიან ციკლში საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან 60 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.

სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან: გიორგი მიქანაძე (არმია), ოთარ ძაგნიძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო სარსენს), ბექა ყორიაული (ლელო სარასენს), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), გიორგი მარგალიტაძე (ლელო სარასენს), დავით გობეჯიშვილი (აია), თედო აბჟანდაძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო სარასენს), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ავთანდილ ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები).

საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორი: ზაზა ლეჟავა

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

ფიზმომზადების მწვრთნელი: გივი ნადარეიშვილი

ექიმი: ნიკოლოზ შათირიშვილი

ჯგუფის ხელმძღვანელი: გოჩა მაჭავარიანი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:47 | 21.08.2017
პანტელეიმონი (1218)

ნაყოფიერ ვარჯის გისურვებთ ! ! !

0.082143