ქართული

21:06 | 18.08.2017 | ნანახია 1950 - ჯერ

დიდი 10: არმაზი (მარნეული)

დიდი 10-ის ახალ სეზონში "არმაზი" მარნეულის სახელით და დიდი ცვლილებებით წარსდგება.

კლუბისა და მარნეულის რაიონის ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "არმაზი" მარნეულის სახელით ითამაშებს და რაიონში რაგბის განვითარებაზე იზრუნებს. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, კლუბმა რეგიონში მწვრთნელები მიავლინა და მათი ხელმძღვანელობით 200-მდე ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვი ერთად ვარჯიშობს.

„ჩვენი კლუბი მარნეულის რაიონში რაგბის განვითარებაზე იზრუნებს და ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მარნეულში 200-მდე ბავშვი უკვე ვარჯიშობს, ისინი და მათი მშობლები დამეგობრდნენ, ეს ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, სამომავლოდ მარნეულში სტადიონს გამოგვიყოფენ და იქ თამაშები გვექნება“ - ამბობს "არმაზის" მთავარი მწვრთნელი ირაკლი მაჩხანელი.

მანამდე "არმაზს" საშინაო არენა თბილისში ექნება. ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში დაწყებული მოედნის მშენებლობის დასრულება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება.

ნამატი 20-წლამდელებიდან

დიდი 10-ის ახალი სეზონისთვის "არმაზი" 17 ივლისიდან ემზადება და ამჟამად 10-დღიან შეკრებას ასპინძის სარაგბო ბაზაზე გადის.

„გარკვეული მიზეზების გამო მზადების დაწყება დაგვიგვიანდა. გუნდი 17 ივლისს შევკრიბეთ და ვარჯიში თბილისში დავიწყეთ, ხოლო 9 აგვისტოს ასპინძაში ჩამოვედით, აქ 19 აგვისტომდე დავრჩებით. ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, ამ 10 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად 20 დღის სამუშაო შევასრულეთ და ის დანაკლისი, რაც ვარჯიშის გვიან დაწყებით გვქონდა, ნაწილობრივ ავინაზღაურეთ. თბილისში დაბრუნების შემდეგ საკონტროლო მატჩს პატარძეულის "ვეფხვებთან" გავმართავთ. ვფიქრობ, მობილიზება მოვახერხეთ, დანარჩენი კი თამაშების მსვლელობისას გამოჩნდება“, - გვიყვება ბორჯღალოსნების ექსკაპიტანი მაჩხანელი.

მომავალ სეზონს "არმაზი" მნიშვნელოვნად გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება. გუნდი რამდენიმე მორაგბემ დატოვა, მათ შორის გარემარბმა მურაზ გიორგაძემ, თუმცა ნამატი მნიშვნელოვანია: ბორჯღალოსანთა მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი ("ბაგრატიდან") და უმცროსი ბორჯღალოსნები - ილია სპანდერაშვილი ("არმიადან") და გიორგი კვესელაძე ("ლელო-სარასენსიდან").

„ახალ სეზონს მნიშვნელოვანი ცვლილებებით ვხვდებით. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად ტრანსფერი არ განგვიხორციელებია, პირიქით, ყოველ წელს მოთამაშეებს ვკარგავდით, ახლა კი ისეთი მოთამაშეები დავიმატეთ როგორებიც რეზი ჯინჭველაშვილი, ილია სპანდერაშვილი და გიორგი კვესელაძე არიან. ჯინჭველაშვილი ძალიან კარგი მოთამაშე და პიროვნებაა, ნაკრებშიც დამსახურებულად თამაშობს. მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებენ სპანდერაშვილი და კვესელაძე, რომლებმაც ივნისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოიჩინეს თავი. მათ გარდა კიდევ 4 მოთამაშე დავიმატეთ და წელს ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება“, - ტრანსფერებით კმაყოფილია მაჩხანელი და უმნიშვნელოვანეს შენაძენად სამწვრთნელო შტაბის 20-წლამდელთა ნაკრების თავკაცებით გამდიდრებას მიიჩნევს:

„გუნდის გაძლიერების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელების - ილია მაისურაძისა და ლადო კილასონიას დამატებაა. ისინი ჩვენთან ერთად ასპინძის შეკრებაზე არიან, გვეხმარებიან და უამრავი სიახლე შემოიტანეს. ბიჭებს მათთან მუშაობა სიამოვნებთ და მოტივირებული არიან. მე ეროვნულ ნაკრებში და საფრანგეთში მითამაშია, თამამად შემიძლია ვთქვა - მაისურაძე და კილასონია 100%-ით პროფესიონალები არიან“.

მწვრთნელებისა და ახალი მორაგბეების დამატების შემდეგ, მაჩხანელი ფიქრობს, რომ წელს ‘არმაზი’ აუტსაიდერთა შორის აღარ იქნება და საჩემპიონო პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძოლებს:

„წელს აუტსაიდერები ნამდვილად არ ვიქნებით. არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომოვიდეს, მაგრამ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვლება, არ მიებმება ტრავმები და ყველაფერი კარგად აეწყობა, ექვსეულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. ყოველ შემთხვევაში, მაისურაძისა და კილასონიას ფაქტორის, ასევე ახალი მოთამაშეების ფაქტორის გათვალისწინებით, ლოგიკურად ასე უნდა იყოს“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:52 | 21.08.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას ვუსურვებ "არმაზი"-ს

0.081358