4 აგვისტოს, წინასასეზონო ამხანაგური მატჩების სერიის ეგიდით, საფრანგეთში ერთმანეთს ტოპ 14 ორი კლუბი დაუპირისპირდა - „კასტრი“ და „აჟენი“. ამ თამაშში მოხდა ინციდენტი აჟენელთა ბურჯის, გიორგი თეთრაშვილის მონაწილეობით.
როგორც ასეთი ხასიათის მატჩებშია მიღებული, გუნდები შესვენების შემდეგ ხშირად 100%-ით სახეცვლილი შემადგენლობით გადიან მოედანზე და ასე მოხდა ამ შეხვედრაშიც. „აჟენის“ ქართველი მორკინალი თეთრაშვილი და „კასტრის“ სამხრეთაფრიკელი კვაჭი ჯოდი ჯენეკერიც სწორედ 41-ე წუთიდან ჩაებნენ მატჩში, მაგრამ მოედანზე წუთზე ოდნავ მეტი გაატარეს.
პირველივე შერკინებაში აფრიკელმა გიორგის სახეში მუშტი დაარტყა, რაზეც სულ ცოტა არანაკლებ წონადი პასუხი მიიღო, თუმცა, ამაზე შორს ჯანიანი ბიჭების მუშტი-კრივი აღარ წასულა - თანაგუნდელებმა დროულად გააშველეს. ხოლო რეფერის ბევრი არც უფიქრია და ორივე წითელი ბარათით მოედნიდან მიაბრძანა.
ეს ამბავი კი სადისციპლინო კომისიის განსახილველი და შესასწავლი გახდა. ვერდიქტი შემდეგია: ჯოდი ჯენეკერი 2 კვირითაა დისკვალიფიცირებული და ტოპ 14-ის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს, ხოლო გიორგი თეთრაშვილს თამაში 1 კვირით აეკრძალა, ანუ დღეს „აჟენი“ ამხანაგურად „ლა როშელს“ ეთამაშება და ბორჯღალოსანს ამ მატჩის დასრულებისთანავე დისკვალიფიკაცია ამოეწურება. ეს ნიშნავს, როპ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „აჟენს“ მონპელიეში თეთრაშვილის გამოყენების სრული უფლება ექნება.
ორივე მორაგბემ სადისციპლინო კომისიასთან ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო, მაგრამ სასჯელი, როგორც უკვე იცით, არცერთს აცდა. თუმცა, ჯენეკერი, როგორც ჩხუბის წამომწყები, გიორგიზე მკაცრად დაისაჯა.
რაც შეეხება „ლა როშელისა“ და „აჟენის“ დღევანდელ ამხანაგურ შეხვედრას, მასში სამი ქართველი მორაგბე მიიღებს მონაწილეობას. „ლა როშელის“ მარქაფაშია ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, ხოლო „აჟენის“ სასტარტოში იქნება ბორჯღალოსანი თამაზ მჭედლიძე, შეცვლაზე კი ბურჯი ვახტანგ ახობაძე შევა.
თამაში თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. მისი ინტერნეტ-ტრანსლაცია განხორციელდება შემდეგ მისამართზე: http://www.dailymotion.com/video/x5x6fkt
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაუბერდა მარჯვენა.