შიდა რაგბი

15:21 | 16.08.2017 | ნანახია 2428 - ჯერ

ზაზა ლეჟავა ქართული რაგბის მომავლისთვის

საქართველოს რაგბის აკადემია რაგბის უმაღლესი სასწავლებელია, რომლის სივრცეშიც ნიჭიერი ახალგაზრდები (15-18 წლის) სარაგბო უნარებს ხვეწენ, იღებენ დამატებით განათლებას დიდ რაგბს ყოველმხრივ მომზადებულები ხვდებიან.

რაგბის აკადემიის სივრცეში შედის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილიალი, განვითარების ჯგუფი, მსაჯთა განვითარების ჯგუფი, საფესტივალო რაგბი, 18-წლამდელთა 15-კაცა და 7-კაცა ნაკრებები, ასევე უფროსთა 7-კაცა ნაკრები. აკადემია მჭიდრო კავშირშია საქართველოს 20-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებთან და მათი მწვრთნელების მოთხოვნის შესაბამისად, ხდება ახალგაზრდა მორაგბეების უნარების დახვეწა და განვითარება.

სექტემბრის დასაწყისში, თითოეული კლუბი აკადემიას წარუდგენს 4-5 ნიჭიერ მოთამაშეს, მიმდინარეობს დეტექცია და ხდება განსაკუთრებული მონაცემების მქონე ახალგაზრდების შერჩევა, რომლებიც აკადემიის სივრცეში 2 წელი ვარჯიშობენ და ხვეწენ უნარებს. მნიშვნელოვანი მომენტი: რაგბის აკადემია დახურული არავისთვისაა და თუ რომელიმე მოთამაშე სეზონის მსვლელობისას თავს გამოიჩენს, ის აკადემიაში აუცილებლად მოხვდება (ან დაბრუნდება).

ვარჯიშები ტარდება კვირაში 6 დღე და იწყება დილით, 06:20 საათზე, რათა ახალგაზრდებს სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. გარდა ამისა, ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებისთვის, აკადემიის სივრცეში იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა სახის სოციალურ-საგანმანათლებლო აქტივობები: ვიზიტები თეატრში, შეხვედრები სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან, ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში და ა.შ.

„რაგბი ინტელექტუალური თამაშია, მოთამაშეს მრავალფეროვანი აზროვნება უნდა ქონდეს და ჩვენ ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. დეტექციისას ექვსი უმთავრესი კრიტერიუმი გვაქვს და ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული ყურადღება მოაზროვნე ბავშვებს ექცევა“, - ხაზს უსვამს აზროვნების და განათლების მნიშვნელობას რაგბის აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა.

ზაზა ლეჟავამ საქართველოს რაგბის აკადემია 10-11 თვის წინ ჩაიბარა და ვარჯიშების უთენია დანიშვნა, ასევე ვარჯიშების პროცესში საგანმანათლებლო აქტივობების ჩართვა, სწორედ მისი ინიციატივაა. მის მოსვლას უკავშირდება მოთამაშეთა და მწვრთნელთა შეფასების ახლებური სისტემა და კიდევ მრავალი სიახლე, რომლებიც აკადემიაში ბოლო პერიოდში დაინერგა.

ცხოვრების მატჩი

ზაზა ლეჟავა ერთ-ერთი პირველია იმ მორაგბეთა შორის, რომელმაც ფრანგული კარიერა გაჭრა და ქართველ სპორტსმენებს სახელი გაუთქვა.

ის 1965 წლის 17 აპრილს დაიბადა და რაგბის თამაში იმ პერიოდისთვის ადრეულ ასაკში, 14 წლისამ დაიწყო:

„ჩემი ნათესავი, მალხაზ ნაცვლიშვილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში თამაშობდა და მეც იქ მიმიყვანა. გუნდში უმეტესად სტუდენტები თამაშობდნენ, მე უფრო ვვარჯიშობდი და ვერთობოდი. არც ვფიქრობდი, რომ რაგბს პროფესიონალურ დონეზე გავყვებოდი, რადგან სამხატვრო აკადემიაში ვაპირებდი ჩაბარებას და სწავლას, თუმცა საბოლოოდ საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა გამომივიდა“.

ლეჟავა რაგბს ჯარშიც თამაშობდა, ერთი სეზონი "ლოკომოტივში" გაატარა, რის შემდეგაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაბრუნდა, რომელიც 1991 წლიდან "ყოჩები" გახდა და ზაზა მის კაპიტნად დაინიშნა. 1995 წელს "გუმარი" ჩამოყალიბდა და მასთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც "ყოჩებში" დაბრუნდა და 1997 წელს მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

1995 წლიდან ზაზას საქართველოს 7-კაცა და ეროვნულ ნაკრებში უხმეს. მის ანგარიშზე 12 სანაკრებო კეპია, ორჯერ დაამარცხა რუსეთი, ერთხელ - ტონგა. ითამაშა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.

„მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ზედიზედ ორი თამაში რომ წაგვეგო ნაკრებს შესაძლოა არც ეარსება. ყველა შეხვედრა გადარჩენისთვის ბრძოლა იყო. 1996 წელს, როდესაც რუსეთი პირველად დავამარცხეთ (29:20), პირველად ვითამაშე ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში (მანამდე ერთხელ შეცვლაზე ჰქონდა ნათამაშები). დაცვაში კარგად ვითამაშე, უამრავი ბოჭვა გავაკეთე და ფრანგმა მსაჯმა, რომელიც ამ შეხვედრას ემსახურებოდა, ჩემზე დაწერა - ეს ბიჭი საფრანგეთის რომელიმე ელიტარულ გუნდში რომ დავაყენოთ, დღესვე ითამაშებსო. არ ვიცი რატომ გამომარჩია, შესაძლოა იმიტომ, რომ მაშინ გრძელი თმები მქონდა, მაგრამ მისი ასეთი შეფასება ჩემთვის სასიამოვნო იყო ამან თავდაჯერებულობა შემმატა, სტიმული მომცა.

რუსეთს მეორედ 1998 წელს, მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში მოვუგე და იმავე წელს, 1999 წლის მსოფლიოს შესარჩევში რუმინეთთან 23:27 დავმარცხდით. დღესაც ვთვლი, რომ მაშინ ჩემი ცხოვრების თამაში წავაგე, რადგან გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო თასზე ვითამაშებდი. ბოლო სანაკრებო თამაში 1999 წელს, კვლავ მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში ტონგას წინააღმდეგ "ეროვნულზე" მქონდა და დაძაბულ ბრძოლაში 28:27 მოვიგეთ, თუმცა პირველი შეხვედრა დიდი სხვაობით დავთმეთ და მსოფლიოზე ვერ მოვხდით“, - იხსენებს ნაკრებში გატარებულ წლებს ზაზა ლეჟავა.

ფრანგული კარიერა

ბოლო სანაკრებო თამაშებისას ზაზა ლეჟავა უკვე ლეგიონერი იყო და ქართველი მორაგბეების ნიჭს სახელს საფრანგეთში უხვეჭდა. ის იყო პირველი ქართველი მესამეხაზელი, რომელმაც ფრანგულ ელიტაში ითამაშა:

„ჩემი მეგობარი, ფრანგი ჟურნალისტი ლუკ ოლივიე იყო ჩამოსული, რომელიც საქართველოზე, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყანაზე სტატიას წერდა. მან კარიერის საფრანგეთში გაგრძელება შემომთავაზა და 1997 წელს ასე აღმოვჩნდი მესამე დივიზიონის გუნდ "ლე-პუი-აველე"-ში. იქ 4 თვე ვითამაშე, რის შემდეგაც "ორიაკთან" ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე.

"ორიაკი" იმ რეგიონის წამყვანი კლუბია, სადაც მე ვთამაშობდი. გაირკვა, რომ ისინი მთელი 4 თვის განმავლობაში მაკვირდებოდნენ, ახალი სეზონის წინ 1-კვირიანი სინჯები გავიარე და 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. იქ ჩვენი მწვრთნელი მიშელ პორშესტრადი იყო, რომელიც 1999 და 2000 წლებში საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. იმ წელს მოვიგეთ მეორე დივიზიონი და ავედით ფრანგულ ელიტაში. შედეგად, საფრანგეთის ყველა დივიზიონი ვითამაშე“.

"ორიაკის" შემდეგ ზაზა ლეჟავამ რაგბი კიდევ 3 წელი ითამაშა. მან კონტრაქტი ქვედა დივიზიონის "ორლეანთან" გააფორმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ჟაკ ფურუ იყო (1987 წლის მსოფლიო თასზე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი):

„მან ჩემს მწვრთნელად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. ჟაკმა კლუბის ხელმძღვანელობას შესთავაზა, რომ ჩემთვის მწვრთნელის ფუნქციები შეეთავსებინათ და ‘ორლეანში’ თამაშის პარალელურად შერკინების მწვრთნელი ვიყავი“.

ლიცენზირებული მწვრთნელი

საფრანგეთში ნაადრევად წასვლამ და ფრანგული ენის დაუფლებამ, ზაზა ლეჟავას სამწვრთნელო კარიერის აწყობაში დიდი დახმარება გაუწია. ის კლოდ სორელთან საქართველოს 7-კაცა ნაკრებში მენეჯერად, თარჯიმნად და დამხმარე მწვრთნელად მუშაობდა. 2001 წელს ჩვენი 7-კაცა გახდა პირველი გუნდი, რომელმაც გუნდურ სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და იქ მე-10 ადგილი დაიკავა.

„ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება! ჩვენი 7-კაცა მსოფლიო თასზე გავიდა! კლოდის დამხმარე ვიყავი და სწორედ მაშინ ვისწავლე და შემიყვარდა 7-კაცა. რაღაც-რაღაც ვარჯიშებს დამოუკიდებლად ვატარებდი, 2001 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი, ჩვენი 7-კაცა რამდენიმე ტურნირზე დამოუკიდებლად გავიყვანე. 2003 წელს 7-კაცასთან ერთად ორი ტურნირი მოვიგე, მე და მალხაზ ჭეიშვილმა გუნდი მსოფლიო სერიის ერთ-ერთ ეტაპზე, სამხრეთ აფრიკაში ვათამაშეთ და იქ მე-4 ადგილი დავიკავეთ. 2004 წლიდან 7-კაცას მთავარი მწვრთნელი გავხდი, 2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით და ჰონკონგში მე-11 ადგილი დავიკავეთ. მას შემდეგ 7-კაცა მსოფლიო სერიის ორ, პარიზისა და ლონდონის ეტაპზე ვათამაშე“, - გვიყვება საქართველოს 7-კაცა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა.

ლეჟავა საფრანგეთში დაბრუნდა და "ბლუა" ჩაიბარა, რომელიც ფედერალ 3-ში გამოდიოდა. ქართველმა სპეციალისტმა გუნდი მომდევნო სეზონში ფედერალ 2-ში აიყვანა, ხოლო მეოთხე წელიწადს ფედერალ 1-ის საგზური მოიპოვა. მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო გუნდმა ამ უფლებაზე უარი თქვა და ზაზამ კლუბი დატოვა:

„ამ კლუბის მადლობელი ვარ, რადგან იქ შევიგრძენი რას ნიშნავს იყო მთავარი მწვრთნელი. გარდა ამისა, მათ 6-თვიანი კურსები დამიფინანსეს, სადაც მწვრთნელის ხელოვნებას დავეუფლე და მესამე (უმაღლესი) დონის ლიცენზია მოვიპოვე“.

2009-2012 წლებში ზაზა ლეჟავა უკრაინის 7-კაცა ნაკრებს და ოდესის "კრედო 1963"-ს ავარჯიშებდა. ის კლუბთან ერთად თბილისში გამართულ "შავი ზღვის თასზე" მონაწილეობდა და "კრედომ" ორი რუმინული გუნდი დაამარცხა, ხოლო უკრაინის 7-კაცა ევროპის გრან პრის სერიებში წარმატებით თამაშობდა.

5 წლის წინ ის საქართველოში დაბრუნდა განვითარების ჯგუფში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად, საქართველოს 7-კაცა ნაკრებში დაცვის მწვრთნელი იყო, ხოლო კლუბ "არმიაში" მეორე მწვრთნელი, რის შემდეგაც პალიკო ჯიმშელაძესთან ერთად "ჯიქში" მივიდა, ხოლო შარშან საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორად დაინიშნა:

„მსოფლიო რაგბის მოთხოვნა იყო, რომ აკადემიის ხელმძღვანელი შესაფერისი ლიცენზიის მქონე სპეციალისტი ყოფილიყო და საქართველოს რაგბის კავშირმა მე მომმართა. დავწერე და წარვადგინე 4-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც აგერ უკვე 1 წელია ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რომ ავაწყოთ იმ ვერტიკალის ქვედა დონე, რასაც ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებები ქვია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმით მსოფლიოს მოწინავე ათეულში ადგილს დავიმკვიდრებთ“.

აკადემიის მიზნები

საქართველოს რაგბის აკადემია ახალი ზელანდიის სისტემაზეა მორგებული და მისი მიზანი მაღალი დონის, ინტელექტუალი მოთამაშის მომზადებაა. ყველა ის სპორტსმენი, რომელიც ამ აკადემიას გაივლის, ყველა მიმართულებით გამორჩეული უნდა იყოს: სწრაფი აზროვნება, ტექნიკური და ფიზიკური მაჩვენებლები, პასი და სიჩქარე.

„ჩვენი მიზანი ისეთი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეების აღზრდაა, რომლებსაც კომპლექსურად ყველა საჭირო თვისება ექნება და ნებისმიერ გუნდს მოერგებიან. აქ განსაკუთრებული ყურადღება მენტალურ მზაობას ექცევა, რასაც სხვა დანარჩენი მოყვება. აკადემიის სივრცეში ჩატარებული ვარჯიშების უმეტესობა სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას ემსახურება. განსაკუთრულ ყურადღებას ვუთმობთ იმ მიმართულებებს, რაშიც განსაკუთრებით გვიჭირს. ერთ-ერთი ასეთია სივრცის აღქმა და სწორედ ამიტომ, 7-კაცას დიდ ყურადღებას ვუთმობთ.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ჩამოვაყალიბეთ 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები, რომელიც წელს სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მოზარდები აქედანვე მიეჩვევიან მაღალ სიჩქარეზე თამაშს და აზროვნებას, ეს 2-3 წელიწადში შედეგს აუცილებლად მოგვცემს.

პარალელურად, ჩვენს სივრცეში ვზრდით მწვრთნელებს. ახალგაზრდა სპეციალისტებს ვასაქმებთ დაბალ ასაკობრივ ჯგუფებში და მოთამაშეთა მსგავსად, ვახდენთ მათ შეფასებას კრიტერიუმების მიხედვით, რის მიხედვითაც მათ ხელფასი ენიშნებათ. აქ ყველა მიმართულებით ფასდება შრომა და განათლება. შედეგად, ჩვენ მივიღებთ მაღალი დონის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, რაც ქართული რაგბის წინსვლის გარანტი იქნება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:36 | 21.08.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ! ! !

13:14 | 17.08.2017
geogoli (367)

2-3 წლის შემდეგ 20 წლამდელების მსოფლიოზე მხოლოდ 1 გამარჯვება აღარ დაგვაკმაყოფილებს. აკადემიის ბიჭებმა უკვე უნდა აჩვენონ შედეგი

16:08 | 16.08.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.079098