ბორჯღალოსნები

19:44 | 15.08.2017 | ნანახია 1399 - ჯერ

18-წლამდელები - ჰაიდელბერგამდე აფრიკაში

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, 18-წლამდე ბორჯღალოსანთა 7-კაცა ნაკრები, 9-10 სექტემბერს ევროპის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს.

ტურნირს გერმანია, ჰაიდელბერგი უმასპინძლებს და მასში 16 გუნდი იასპარეზებს. აქამდე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში 12 გუნდიი მონაწილეობდა, წელს კი მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

ჩვენი ახალგაზრდები „ა“ ჯგუფშიი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ირლანდიასთან, მასპინძელ გერმანიასთან და ლუქსემბურგთან ითამაშებენ; „ბ“ ჯგუფში საფრანგეთი, რუმინეთი, პოლონეთი და ბელგია გაერთიანდნენ; „გ“ ჯგუფში პორტუგალია, რუსეთი, ისრაელი და უელსი; ხოლო „დ“ ჯგუფში იტალია, ესპანეთი, ლიტვა და ინგლისი.

გერმანიამდე სამხრეთ აფრიკაში

18-წლამდე 7-კაცამ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება გაზაფხულზე დაიწყო და ივნისში ასპინძაში გამართული რაგბის ეროვნული აკადემიის შეკრება, ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევას ემსახურებოდა. 23-კაციანი შემადგენლობა დასკვნით შეკრებაზე შევარდენზე გუშინ შევიდა და მათგან 16 მორაგბე 23 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში, ვესთერნ პროვინსის აკადემიაში შეკრებაზე გაემგზავრება (სადაც რამდენიმე ხნის წინ ეროვნული 7-კაცა ემზადებოდა).

„აკადემიის განვითარების გეგმაში 7-კაცას დიდი ადგილი უჭირავს და ჩვენი მიზანია, რომ ყოველ წელს ვითამაშოთ 7-კაცას ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატზე. მომავალი ტურნირისთვის რამდენიმე თვეა ვემზადებით. ივნისში ასპინძაში გამართული შეკრება ამ მზადების ერთ-ერთი ნაწილი იყო და მოხდა კანდიდატთა შერჩევა. გუნდში მრავლად არიან ის ბიჭები, რომლებმაც აპრილში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ითამაშეს და მეორე ადგილი დაიკავეს“ - ამბობს საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა და მოკლევადიანთან ერთად გრძელვადიან მიზნებზე გვესაუბრება:

„ევროპის ჩემპიონატი 9-10 სექტემბერს გერმანიაში, ჰაიდელბერგში იმართება და ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. კარგი იქნება თუ ოთხეულში შევალთ, თუმცა არც ხუთეულს ჩავთვლით უარყოფით შედეგად.

„ამ გუნდის ბირთი 17 წლის მოთამაშეებისგან შედგება და მათი უმრავლესობა მომავალი ორ ზაფხულის ოლიმპიადისთვის შესარჩევ ტურნირს ითამაშებს. 2020 წლისთვის ეს ბიჭები 20, ხოლო 2024 წლისთვის 24 წლისანი იქნებიან და ახლა ეყრება საფუძველი იმ ნაკრების ბირთვს, რომელმაც ოლიმპიადაზე უნდა ითამაშოს“.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკაში, ‘ვესთერნ პროვინსის აკადემიაში, გუნდს ფიზმომზადების გარდა მინი-ტურნირიც ელის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წელს ამ აკადემიაში 10-დღიანი შეკრება საქართველოს 7-კაცა ნაკრებმაც გაიარა.

„დღეისათვის 23 მოთამაშე ვარჯიშობს, რომელთაგან 16 საუკეთესოს შევარჩევთ და 23 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში მივემგზავრებით. 10-დღიანი შეკრების განმავლობაში გვექნება როგორც ფიზმომზადების ვარჯიშები, ასევე საკონტროლო თამაშები.

ჩვენი საბოლოო მოზანია მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის და შევარჩიოთ ის 12 მოთამაშე, რომლებიც ამ ტურნირზე საქართველოს სახელით ითამაშებენ. ჰაიდელბერგში პირველ დღეს ორი თამაში უნდა მოვიგოთ, რათა თასის მეოთხედფინალში გავიდეთ და მეორე დღეს მოვიგოთ პირველი შეხვედრა, რაც ოთხეულს დაგვიბევებს. ევროპის ჩემპიონატში პირველად ვმონაწილეობთ და ვფიქრობ, ოთხეულში მოხვედრა კარგი შედეგი იქნება.

„მეტოქეების შესახებ დიდ ინფორმაციას არ ვფლობთ. ლუქსუმბურგი შარშანაც მონაწილეობდა ამ ტურნირში და შედეგიანობით ვერ გამოირჩა. გერმანიას ის უპირატესობა აქვს, რომ მასპინძელია და სტაბილურად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება ირლანდიას, მან შარშან ფინალში საფრანგეთი დაამარცხა, რომელიც 18-წლამდელთა 7-კაცის უცვლელი ჩემპიონი იყო და ევროპის ჩემპიონი გახდა“.

18-წლამდელთა 7-კაცის ერთ-ერთი წევრია თედო აბჟანდაძე, რომელმაც წელს ივნისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშა:

„ორშაბათს დასკვნითი შეკრება დავიწყეთ. ევროპის ჩემპიონატამდე 10-დღიანი შეკრება სამხრეთ აფრიკაში გვექნება. ყველანი სრულად ვიხარჯებით, რათა ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. მიზანი ოთხეულში შესვლა, მინიმუმ მე-5 ადგილის დაკავებაა და ვნახოთ რა შედეგი გვექნება“.

18-წლამდე 7-კაცა შეკრებაზე:

ლადო ჩაჩანიძე (ყოჩები), ბექა ყორიაული (ლელო სარასენს), იოანე იაშაღაშვილი (ჩოხოსნები), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), საბა კურატიშვილი (არმაზი), ვანო კარკაძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო სარსენს), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), დემურ თაფლაძე (ლელო სარასენს), გიორგი მარგალიტაძე (ლელო სარასენს), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), ანდრო ახვლედიანი (აია), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), თედო აბჟანდაძე (აია), დათო გობეჯიშვილი (აია), გიორგი მიქანაძე (არმია), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები), ოთარ ძაგნიძე (აია).

www.site.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:10 | 15.08.2017
temuchin (431)

წარმატებები ლომებო! ვეფხვებო!

0.096554