წუხელ საფრანგეთში წინასასეზონო ამხანაგური მატჩების მე-4 უიქ-ენდი გაიხსნა. 3 მატჩი გაიმართა, რომლებშიც 4-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ნიშანდობლივია, რომ ოთხივე მათგანი მარჯვენა ბურჯია.
პირველი მატჩი ბასკეთში შედგა, სადაც „ბიარიცმა“ „დაქსს“ უმასპინძლა. პრო დ2-ის ამ გუნდების შეხვედრა უფრო ავტორიტეტული „ბიარიცის“ გამარჯვებით დასრულდა - 33:24, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში მეორე ტაიმი ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ელიზბარ ყუფარაძემ ითამაშა.
ამავე ლიგაში ახლახან დაქვეითებულმა „გრენობლმა“ ფედერალ 1-ის „პროვანსი“ მიიღო და იოლად დაამარცხა. გრენობლელთა სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ბექა გიგაშვილმა იასპარეზა. ფრანგული მედიის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა სავსებით კმაყოფილია ქართველი მორკინალის კონდიციებითა და შესაძლებლობებით. ბექა პირველი ლელოს თანაავტორი გახდა - თანაგუნდელს ბურთის დამიწებაში უშუალოდ დაეხმარა. „გრენობლმა“ კი იოლად, 38:16 მოიგო.
გარდა ამისა, გაიმართა მთავარი ელიტური ლიგის, ტოპ 14-ის გუნდების მატჩიც. „ლა როშელმა“ საკუთარ სტადიონზე „ბორდოს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 19:17 დაამარცხა. ბორდოელები 12:0 იგებდნენ, მაგრამ მასპინძელთა მძლავრ იერიშებს ვერ გაუძლეს და 12:19 ჩამორჩნენ, ბოლო წამებზე ლელო გაიტანეს (17:19), მაგრამ ვერ გარდასახეს და ფრესაც ვერ შეწვდნენ.
ორივე გუნდში შეცვლაზე ქართველები გამოჩნდნენ: „ლა როშელში“ - ლექსო ყაულაშვილი, „ბორდოში“ - ახალგაზრდა ლაშა ტაბიძე. ყაულაშვილი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, მე-11 წუთზე ჩაერთო თამაშში - ჯერ გაძევებული თანაამპლუელი ჩაანაცვლა, ხოლო 28-ეზე უკვე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა და 68-ე წუთამდე ითამაშა. ხოლო ტაბიძემ მეორე ტაიმი თავიდან ბოლომდე გაატარა მოედანზე.
დღეს კიდევ 6 საკონტროლო მატჩია, რომელშიც არაერთი ქართველი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, ამის შესახებ - ხვალინდელ მიმოხილვაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია