საფრანგეთი პრო დ2

14:52 | 9.08.2017 | ნანახია 2782 - ჯერ

სოლიდური ქართველობა პრო დ2-ში

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ის კარსმომდგარ სეზონში ქართველთა რაოდენობა საგრძნობლად ნაკლები იქნება, ვიდრე წინა პირველობაზე. თუკი ერთი წლის წინ ამ ლიგის 16 კლუბის განაცხადში 23 ქართველი მორაგბე იყო, ახლა მათი რიცხვი 14-მდე შემცირდა.

ეს ძირითადად იმის ხარჯზე მოხდა, რომ ტოპ 14-ში „აჟენი“ და „ოიონა“ ავიდნენ. რომელთაც 5 ჩვენი თანამემამულეც გაიყოლეს პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს სარაგბო ლიგაში. ლაშა ლომიძე „ბეზიედან“ ინგლისში გადაბარგდა, ცნობილ „ლონდონ აირიშში“ ჩაირიცხა. ლაშა თავბერიძე, გიორგი მარგველიანი, არჩილ ბეჟიაშვილი, ლევან დათუნაშვილი და გიორგი შარაშიძე კარიერას ფედერალ ლიგებში გააგრძელებენ...

თანაც, ტოპ 14-დან ჩამოქვეითებულ ორ გუნდში ერთადერთი ქართველია: ფედერალის „შამბერიდან“ „გრენობლში“ მისულ ბექა გიგაშვილს ფრანგულ ელიტაში დებიუტი ელის. იგივე „შამბერიდან“ კიდევ ერთი მორაგბე დაემატა პრო დ2-ის კლუბს - ბორჯღალოსანი ბექა ბიწაძე „ნარბონს“ შეუერთდა. ლიგის დებიუტანტია „მასის“ ბურჯი ილია კაიკაციშვილიც, ხოლო მირიან ბურდული სულაც პირველი ფრანგული სეზონისთვის ემზადება - ის „კარკასონში“ თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა.

„კარკასონში“ ყველაზე მეტი ქართველი იქნება - 3. ბურდულს ამ კლუბში ვეტერანი გიორგი ნაცარაშვილი დახვდა, ხოლო მცირე ხნის წინ კლუბმა სამედიცინო ჯოკერის სტატუსით ბორჯღალოსანი კვაჭი შალვა მამუკაშვილი დაიმატა.

ამავე ლიგაში ითამაშებს მოქმედ და ყოფილ ბორჯღალოსანთა მთელი ჯგუფი: ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ექსკაპიტანი შალვა სუთიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ბექა გორგაძე, ვახტანგ მაისურაძე, ელიზბარ ყუფარაძე... მოკლედ, კომპანია ძალიან სოლიდურია.

გრენობლი (1): ბექა გიგაშვილი.

მონ-დე-მარსანი (1): ბექა გორგაძე*.

კოლომიე (1): ბექა შეყლაშვილი.

ორიაკი (2): მერაბ შარიქაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი.

კარკასონი (3): გიორგი ნაცარაშვილი, მირიან ბურდული, შალვა მამუკაშვილი (სამედიცინო ჯოკერი).

ვანი (1): ვახტანგ მაისურაძე.

ნარბონი (1): ბექა ბიწაძე.

ანგულემი (2): შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნეფარიძე*.

დაქსი (1): ელიზბარ ყუფარაძე.

მასი (1): ილია კაიკაციშვილი.

შენიშვნა: * - ესპუარის კონტრაქტით მოსარგებლე.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:38 | 09.08.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

16:07 | 09.08.2017
პანტელეიმონი (1218)

გამრავლოთ ქართველი ლეგიონერები ელიტაში ! ! !

0.092891