საფრანგეთი პრო დ2

17:26 | 5.08.2017 | ნანახია 2727 - ჯერ

სუთიაშვილის ლელო(ები), თეთრაშვილის წითელი და „ტულონის“ რევანში (+VIDEO)

ფრანგულმა კლუბებმა მეორე საკონტროლო უიქ-ენდი მოილიეს. პრო დ2-ისა და ტოპ 14-ის კლუბთა უმრავლესობამ ერთმანეთში („ტულონის“ გარდა) სპარინგები გამართა და ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, ამ საწვრთნელ თამაშებსაც მაყურებელთა სოლიდური რაოდენობა დაესწრო.

საფრანგეთში მოთამაშე ქართველთა მონაგარი არაერთგვაროვანია. ბევრმა მათგანმა სულაც იუქმა პარასკევისა და შაბათის მატჩებში. ყველა მწვრთნელს განსხვავებული მიზანი და სტრატეგია აქვს, ზოგიერთი მათგანი ახალგაზრდებს აჩვევს ძირითად გუნდს და ლიდერებს ასვენებს, ზოგი პირიქით - ლიდერებს ათამაშებს და რეზერვს ჯერ არ ტვირთავს. არიან ისეთებიც, ვინც ორივე კატეგორიას ცდის ამ თამაშებში.

მოკლედ, ეს მხოლოდ ძალების შემოწმებაა და მატჩების შედეგებს, დიდი-დიდი, ფსიქოლოგიური ღირებულება ჰქონდეს. მაშ ასე:

ოიონა - გრენობლი 33:21

ბექა გიგაშვილმა პირველად ითამაშა „გრენობლის“ შემადგენლობაში, თანაც სასტარტოში იყო. შესვენების შემდეგ კი მოედანზე ირაკლი მირცხულავა გამოჩნდა - „ოიონას“ ბურჯი, ხოლო მისი თანაგუნდელი და თანაამპლუელი გიორგი ვეფხვაძე განაცხადს მიღმა დარჩა. შეგახსენებთ, გასული სეზონის შედეგად, „ოიონა“ ტოპ 14-ში დაბრუნდა, ხოლო „გრენობლი“ პირიქით - პრო დ2-ში დაქვეითდა.

ანგულემი - პო 21:40

პრო დ2-ის „ანგულემმა“ შინ 21:40 ტოპ 14-ის „პოსთან“ წააგო. სტუმრები აშკარად ჯობნიდნენ მეტოქეს და პირველი ტაიმში ქულაც არ ააღებინეს, მაგრამ მეორე ნახევრის დებიუტში ბორჯღალოსანმა შალვა სუთიაშვილმა ნავსი გატეხა, მშვენიერი იერიში ძალისმიერი და ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა, ხოლო რამდენიმე წუთში პოელთა ლელოში მოლს შეყვა და ზოგიერთი ფრანგული გამოცემის აზრით, ბურთი სწორედ ქართველმა დაამიწა. ჩვენმა ვეტერანმა თავადაც დაადასტურა, ბოლოს ბურთს მე შევეხე, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვსო. სხვათა შორის, სუთიაშვილმა შერკინების მეორე ხაზში ითამაშა.

ერთიც: „პოს“ დამრიგებელი ჯერჯერობით პირველ გუნდს არ აკარებს ახალგაზრდა ომარ ოდიშვილს, ვინც კვლავ ესპუარებთან ერთად ვარჯიშობს.

ნარბონი - მასი 33:29

პრო დ2-ის ამ გუნდების შეხვედრაში უფრო გამოცდილმა „ნარბონმა“ იმარჯვა, ვის შემადგენლობაშიც სრული 80 წუთი ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა ბექა ბიწაძემ ითამაშა. მეორე ელიტური დივიზიონის ახალბედა „მასის“ განაცხადში კვლავ ვერ ვიხილეთ გუნდის ახალწვეული ილია კაიკაციშვილი.

კასტრი - აჟები 49:26

ტოპ 14-ში დაბრუნებულმა „აჟენმა“ „კასტრთან“ წააგო. აჟენელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე იყო, ვინც მეორე ტაიმში შეცვალეს. გიორგი თეთრაშვილმა კი მარცხენა ბურჯის პოზიცია მეორე ტაიმის დაწყებიდანვე დაიკავა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 1,5 წუთი გაატარა, რადგან პირველივე შერკინებაში კასტრელთა სამხრეთაფრიკელმა კვაჭმა ჯოდი ჯენეკერმა ხელი გაარტყა, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღო, რეფერიმ კი ორივე მოჩხუბარი მოედნიდან წითელი ბარათის აფრიალებით მიაბრძანა. იმ მომენტისთვის ანგარიში 21:21 იყო და „თეთრას“ გასვლამ, როგორც ანგარიშიდან ჩანს, „აჟენზე“ ნეგატიურად იმოქმედა. მეორე ტაიმში თამაშში კიდევ ერთი ქართველი ბურჯი ჩაერთო - ვახტანგ ახობაძე.

მონ-დე-მარსანი - ბაიონი 26:21

„მონ-დე-მარსანმა“ დიდ ბრძოლაში აჯობა „ბაიონს“ და მასპინძელთა შორის კვლავ ვერ ვიხილეთ ჩვენი ნაკრების 8 ნომერი ბექა გორგაძე, ვინც ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას გადის.

კარკასონი - მონტობანი 33:39

ასევე არ გამოჩენილა შალვა მამუკაშვილიც, რომელიც „კარკასონს“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაემატა. სამაგიეროდ, ამ გუნდში მარჯვენა ბურჯებად მხოლოდ ქართველები თამაშობენ - პირველ ტაიმში ეს ამპლუა გიორგი ნაცარაშვილმა მოირგო, ხოლო შესვენების შემდეგ - მირიან ბურდულმა.

ბიარიცი - ბორდო 21:40

ჩვენი 20-წლამდელების ლიდერი ლაშა ტაბიძე „ბორდოს“ შემადგენლობაში შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე სეზონისთვის ამ კლუბის ესპუარებში ემზადება.

ბრივი - ორიაკი 38:21

ტოპ 14-ის „ბრივმა“ პრო დ2-ის „ორიაკი“ დამაჯერებლად დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ქართველთაგან მხოლოდ სოსო ბეკოშვილმა ითამაშა - შესვენების შემდეგ შეცვლაზე შევიდა. კარლენ ასიეშვილი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა, ხოლო ვასილ ლობჟანიძე და გიორგი ცუცქირიძე ესპუართა გუნდში არიან.

ქვედალიგელთა სასტარტოში კი ერთბაშად ორი ბორჯღალოსანი იყო: ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ სრული 80 წუთი დაჰყო მოედანზე.

მონპელიე - ლიონი 12:40

ერთობ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა მონპელიეში, თუმცა, ვიმეორებთ, ციფრებს ამ ეტაპზე დიდი ნიშვნელობა არ ენიჭება. პირველმა ტაიმმა უქართველებოდ ჩაიარა, შესვენების შემდეგ კი „მონპელიეში“ მიხეილ ნარიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე გამოჩნდნენ, ხოლო „ლიონში“ - ახალგაზრდა გურამ პაპიძე. დავით ქუბრიაშვილი ვერნ კოტერის გუნდის განაცხადს მიღმა დარჩა, ისევე როგორც „ლიონში“ - თორნიკე მატარაძე. გელა აფრასიძე, უშანგი ჭეიშვილი და ლუკა აზარიაშვილი „მონპელიეს“ მომზადების ცენტრში არიან.

ტულუზა - კოლომიე 33:28

„კოლომიეს“ ახალწვეული ბექა შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.

პერპინიანი - სტად ფრანსე 24:12

აი, კიდევ მოულოდნელობა: მეორე ელიტურ დივიზიონში მოასპარეზე „პერპინიანმა“ დედაქალაქური „სტად ფრანსე“ 24:12 დაამარცხა. პარიზელთა სასტარტო კვაჭი და მარჯვენა ბურჯი შესაბამისად ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე იყვნენ და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ვიდრე ბორჯღალოსნები მოედანიდან გავიდოდნენ, ანგარიში 5:5 იყო...

მზარდი პუმები - ტულონი 29:36

დაბოლოს, „ტულონის“ არგენტინული ტურნეს მეორე მატჩზეც გეტყვით, რომელიც დღეს დილით ტუკუმანში დასრულდა. საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონმა ერთი კვირის წინ არგენტინის „ბ“ ნაკრებთან განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ამ ძალიან სანახაობრივ მატჩში მამუკა გორგოძე კვლავ სასტარტო მეორეხაზელი იყო, ხოლო ლევან ჩილაჩავა თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. რაც შეეხება ბადრი ალხაზაშვილს, ახალგაზრდა კვაჭი ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:06 | 07.08.2017
GiorgiG83 (525)

სუთი ა(ღა)რ გვინდა ნაკრებში?
წტF

23:25 | 05.08.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

20:40 | 05.08.2017
temuchin (431)

კარგი სტატიაა, მადლობა ავტორს.

0.080218