ლეგიონერები

10:52 | 4.08.2017 | ნანახია 4850 - ჯერ

ვასილ კაკოვინი: „ხინჩაგიშვილი ოდესღაც ძალიან დამეხმარა“

ქართველ ბურჯ ვასილ კაკოვინს მისი ახალი კლუბის, „რასინგის“ ოფიციალური საიტის ჟურნალისტი გაესაუბრა. შეხსენებისთვის, კაკოვინმა გასული სეზონი „ტულუზაში“ დაასრულა და შვებულების შემდეგ პარიზულ კლუბს შეუერთდა, რომელიც ახალი სეზონისთვის ინტენსიურად ემზადება.

„საქართველოს ნაკრების მორაგბე ვასილ კაკოვინი „რასინგში“ გამარჯვების ამბიციით მოვიდა. „ბრივში“ და შემდეგ „ტულუზაში“ ნათამაშები მარცხენა ბურჯი ცნობილია სტატიკურ შერკინებაში თავისი ეფექტურობით და კარგი პოზიციური თამაშით. 4-კვირიანი საწვრთნელი პერიოდის შემდეგ კაკოვინი კარიერის განვლილ ეტაპებზე, „რასინგში“ მოსვლასა და სეზონისთვის მზადებაზე საუბრობს.

- როგორ აღმოჩნდით რაგბში?

- ჩემი უფროსი ძმა თამაშობდა რაგბს, მის 2-3 თამაშს დავესწარი და თავადაც დავიწყე ვარჯიში. ეს 2003 წელს მოხდა, 12 წლის ვიყავი.

- თავიდანვე ბურჯად თამაშობდით?

- 14-დან 16 წლამდე 8 ნომერი ვიყავი, მაგრამ ასაკობრივ ნარებებში (U18, U19, U20) მალევე ვიქეცი მარცხენა ბურჯად.

- მსოფლიო თასზე თამაშის გამოცდილება გაქვთ. მოგვიყევით...

- 2011 წლის მსოფლიო თასზე ვითამაშე. 20 წლის ვიყავი, ეს ალბათ ცოტათი ახალგაზრდული ასაკია ნაკრების ბურჯისთვის. ორ მატჩში მივიღე მონაწილეობა - რუმინეთთან და არგენტინასთან. და როცა ნაკრებიდან „ბრივში“ დავბრუნდი, თავი ვეტარანად ვიგრძენი, იმხელა გამოცდილება შემძინა მსოფლიო თასმა. ამ ტურნირის 3-4 მატჩის განმავლობაში 200%-იან მზადყოფნაში ხარ, 30-32 წლის თანაგუნდელები გყავს. და როცა კლუბში დავბრუნდი, რეალური განსხვავება დავინახე.

- ფრანგული კარიერის რომელი ეპიზოდი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- 2010 წლის 28 აგვისტო. იმ დღეს „კლერმონის“ წინააღმდეგ ვითამაშე და ეს იყო ჩემი დებიუტი ტოპ 14-ში.

- როგორ მოეწყვეთ პარიზში?

- ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. 5 კვირაა, რაც პარიზში გადმოვბარგდი და ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გუნდში თავს მშვენივრად ვგრძნობ. მაგრამ ამ ეტაპზე ისე ვარ დატვირთული ვარჯიშებით, რომ პარიზი ხეირიანად არც მინახავს. რამდენიმე კვირის მოცდა მომიწევს. აი, მერე კი მეტი დრო მექნება, რათა დედაქალაქი გავიცნო!

- „რასინგი“ როგორ მოგეწონათ?

- მართლაც მაგარი ყოფილა. აქ ყველაფერია ვარჯიშისა და აღდგენისთვის: დასვენების ოთახი, კრიოთერაპია, მასაჟისტი... საკვებიც ჩინებულია! დანარჩენი ჩვენზეა, ამ პირობებით შესაძლებლობების 100% უნდა გამოვავლინოთ.

- რამ გიბიძგათ „რასინგში“ გადასვლისკენ?

- როცა 2012-ში „ტულუზასთან“ კონტრაქტი გავაფორმე, ეს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი იყო, მაგრამ 5 წლის განმავლობაში მასთან ერთად ვერაფერი მოვიგე. ბოლო 2-3 სეზონია, ყველა ვხედავთ, რომ „რასინგი“ პროგრესირებს - ყოველი სეზონი წინაზე უკეთესი აქვს. ვიცი, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ მსურს, ტიტულები „რასინგთან“ ერთად მოვიპოვო.

- პირად მიზნებზე რას გვეტყვით?

- აქ მწვრთნელები ბურჯებისგან მაღალ მობილურობას ითხოვენ. ჩემი ამპლუის მოთამაშეს ბურთისა და ტერიტორიის მოპოვება მოეთხოვება, განსაკუთრებით შერკინებაში. თუ შერკინება არ ვარგა, გუნდი ვერ თამაშობს. აი, სწორედ ესაა ჩემი მიზანი და წერტილი, რომელზეც კონცენტრირებული ვარ.

- არ გაგიკვირდათ, როცა „რასინგში“ ტულუზელი თანაგუნდელები დაგხვდნენ?

- მართლაც სასიამოვნო იყო ძველ თანაგუნდელებთან ერთ გუნდში მოხვედრა. როცა კონტრაქტს ვაფორმებდი, უკვე ვიცოდი, რომ სენზასი (ჯონსტონი - ს.გ.) აქ დამხვდებოდა, მაგრამ პატოს (პატრისიო ალბასეტე) და ედვინის (მაკა) დამატება სიურპრიზი იყო. პატომ ეს ამბავი ტელეფონით მაცნობა, ძალიან ბედნიერი იყო. ახლა კი, გასახდელში ჩვენი კარადებიც გვერდიგვერდ აღმოვაჩინეთ!

- ახლა ორ ნორჩ ქართველ ესპუარსაც (ლუკა გოგინავა და ლაშა საჯაია) გაუწევთ მფარველობას...

- რასაკვირველია! როცა თავად ვიყავი ჭაბუკი და „ბრივში“ ჩავირიცხე, იქ დამხვდა დავით ხინჩაგიშვილი, ვისაც შემდგომში, სხვათა შორის, „რასინგშიც“ უთამაშია. დათო ძალიან დამეხმარა. ახლა სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას ლუკას და ლაშას, რათა მაქსიმალურად დავეხმარო. თანაც, ბიჭები ჯერჯერობით ფრანგულსაც ვერ ფლობენ ისე, როგორც საჭიროა. მაგრამ მე ქართველი ვარ, გამოცდილება მაქვს და ბიჭები დიდი ყურადღებით მისმენენ. ვატყობ, ძალიან ბედნიერები არიან, რომ აქ თამაშობენ.

- როგორი იყო ფიზიკური მომზადების პერიოდი და შემდეგ ბურთით ვარჯიშებზე გადასვლა?

- კარგი იყო, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. პირველი სამი კვირის განმავლობაში ბურთს თითქმის არ გავკარებივართ. ყურადღება გამძლეობისა და ძალის გაზრდაზე გვქონდა გამახვილებული. მწვრთნელები მაქსისუმს ითხოვდნენ, მაგრამ ახლა, მომზადების მე-5 კვირის მსვლელობისას ფიზიკური დატვირთვები შეგვიმცირდა. უკვე ბურთითაც ვვარჯიშობთ და ორი მომავალი ამხანაგური მატჩისთვის კომბინაციების დამუშავებასაც შევუდექით“.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:19 | 04.08.2017
ogafa (407)

წარმატებები

17:00 | 04.08.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ვასო ! ! !

14:07 | 04.08.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

12:09 | 04.08.2017
mindia (74)

კარგია ასეთი ინტერვიუები თუ ხშირად დაიდება ხოლმე საიტზე. მადლობა ავტორს.

12:58 | 04.08.2017
zangura (109)

მართლაც კარგია ესეთი ინტერვიუები, მაგრამ სამცუხაროდ ამას ქართველი ჟურნალისტები არ აკეთებენ. უცხოურ გაზეთში თუ დაიბეჭდება ჩენს ბიჭებზე სტატია მაგეებს აკოპირებენ და თარგმნიან.

0.093758