ავსტრალიის ნაკრების ახალი კაპიტანი მაიკლ ჰუპერი იქნება. ამის შესახებ “ვოლაბების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სტივენ მური შემოდგომის ტესტების შემდგომ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ავსტრალიელთა მთავარ მწვრთნელს მაიკლ ჩეიკას დიდხანს არ უფიქრია და კაპიტნის სამკლაური 25 წლის მესამეხაზელს ანდო.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, “ვორათაზის” მორაგბეს ნაკრებში უკვე 68 კეპი აქვს მოხვეჭილი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. ცნობისთვის, მაიკლს “ვოლაბებისთვის” აქამდეც უკაპიტნია – მან პირველად კაპიტნის სამკლაური ჯერ კიდევ 2014 წელს მოირგო, როდესაც მური ტრავმირებული იყო, ხოლო მიმდინარე წლის ივნისში გამართულ ორ ტესტზე მური მარქაფაში იმყოფებოდა და ნაკრებს სწორედ ჰუპერი გაუძღვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია