ჩემპიონატები

23:02 | 29.07.2017 | ნანახია 2129 - ჯერ

სუპერ რაგბი: “ლაიონსი” და “კრუსეიდერსი” ფინალში არიან (+VIDEO)

სუპერ რაგბის 2017 წლის გათამაშების ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. 1/2 ფინალური მატჩებში “ლაიონსმა” იოჰანესბურგში მოქმედი ჩემპიონი “ჰარიკეინსი” დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, ხოლო “კრუსეიდერსმა” “ჩიფსს” სძლია.

პირველი 1/2 ფინალური დაპირისპირება კრაისტჩერჩში გაიმართა.”კრუსეიდერსი” 80 წუთის განმალობაში სათამაშო ინიციატივას ფლობდა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. მასპინძელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ანგარიში მე-13 წუთზე რიჩი მო’უნგამ საჯარიმო დარტყმით გახსნა, ხოლო სამ წუთში “კრუსეიდერსმა” მშვენიერი შეტევა გაშალა და ეპიზოდი ბრინ ჰოლის ლელოთი დასრულდა, რომელიც მო’უნგამ გარდასახა და ანგარიში 10:0 გახდა. სტუმრებმა ტაიმის ბოლომდე დამიან მაკკენზის ორი შედეგიანი ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე სამჯერ დაალელოვეს, რასაც “ჩიფსმა” მხოლოდ ერთი პრესტიჟის ლელოთი უპასუხა, რომლის გატანაც 77-ე წუთზე ბროდი რეტალიკმა მოახერხა – 27:13.

შესანიშნავი შეხვედრა შედგა იოჰანესბურგში, სადაც “ლაიონსმა” სუსტად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდგომ, საკუთარ ქომაგს შესანიშნავი “ქამბექი” შესთავაზა და სუპერ რაგბის მოქმედი ჩემპიონი 15 ქულით დაამარცხა.

ანგარიში მე-4 წუთზე ელტონ იანტისმა საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც ახალზელანდიელებმა მომდევნო 25 წუთის განმალობაში ამდენივე ჯარიმით და სამი ლელოთი უპასუხეს, რომელთაგან ორი გარდასხვა ჯორდი ბარეტმა ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა მე-5 წუთზე მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, რითაც ტიჯეი პერენარამ შესანიშნავად ისარგებლა, ბურთი ფეხით გაიგდო და სისწრაფის ხარჯზე შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. მე-10 წუთზე სტუმრებმა ხელდახელ შესანიშნავად გაათამაშეს ბურთი, რასაც გუსენის ლელო მოჰყვა, ხოლო 29-ე წუთზე არდი სავეამ მოედნის ცენტრთან მოახერხა ხაზის გაჭრა, რომელიც ვეღარავინ შეაჩერა და ანგარიში 3:22 გახადა. აფრიკელებმა სხვაობის შემცირება 38-ე წუთზე მოახერხეს: ვან რუიენის მიძალება ლელოთი დასრულდა, რომელიც იანტისმა გარდასახა და ტაიმი 10:22 დასრულდა.

მეორე ტაიმი კი სულ სხვანაირი გამოვიდა და ეს პირველ რიგში ტაბლოზე აისახა. მასპინძლებმა თავიდანვე ძალიან აქტიურად შეუტიეს და 43-ე წუთზე კრონიემ მასპინძელთა მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, ხოლო იანტისმა გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა. “ლაიონსის” შეტევები გაგრძელდა და 52-ე წუთზე მალკოლმ მარქსმა ახალზელანდიელები მესამედ დაალელოვა. იანტისის გარდასახვა ამჯერად არაზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში 22:22 გახდა.

ტაიმის დებიუტში ორმა გაშვებულმა ლელომ სტუმრები გააბრაზა და სამ წუთში ლამაზად გათამაშებული შეტევა ლაუმაპემ ლელოთი დააგვირგვინა, ჯორდი ბარეტმა კი გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა და კვლავ “ჰარიკეინსი” დაწინაურდა, თუმცა ეს ამ მატჩში ბოლო სასიხარულო მომენტი იყო მათთვის.

57-ე წუთზე ბიოდენ ბარეტმა მეტოქეს შეტევა წესების დარღვევით შეუნელა და ამის გამო ყვითელი ბარათი დაიმსახურა. აფრიკელებმა რიცხობრივი უპირატესობა მშვენივრად გამოიყენეს და ამ 10 წუთში 17 ქულის მოპოვება მოახერხეს. იანტისმა დანიშნული ჯარიმა იოლად გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, ხოლო დარჩენილ 20 წუთში “ლაიონსმა” მეტოქე სამჯერ დაალელოვა, საპასუხოდ არცერთი ქულა არ მიუღია და 12 ქულით წაგებული პირველი ტაიმის შემდგომ, “ჰარიკეინსი” 44:29 დაამარცხა.

ცნობისთვის, "ლაიონსი" მეორე აფრიკული გუნდია, რომელიც სუპერ რაგბის ფინალში ზედიზედ ორჯერ გავიდა. პირველად ამის გაკეთება "ბულსმა" 2009 და 2010 წლებში მოახერხა.

სუპერ რაგბის 2017 წლის სეზონის ფინალი 5 აგვისტოს იოჰანესბურგში “ემირეითს აირლაინ პარკზე” გაიმართება, სადაც როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთმანეთს მასპინძელი “ლაიონსი” და “კრუსეიდერსი” დაუპირისპირდებიან.

კრუსეიდერსი – ჩიფსი 27:13 (10:6)

კრუსეიდერსი: 4 ლელო - ჰოლი (16), დაგი (48), ტამანივალუ (57; 72); 1 ჯარიმა – მო’უნგა (13); 2 გარდასახვა – მო’უნგა (17; 58)

ჩიფსი: 1 ლელო - რეტალიკი (77); 2 ჯარიმა - მაკკენზი (26; 37); 1 გარდასახვა – მაკკენზი (77)

ლაიონსი – ჰარიკეინსი 44:29 (10:22)

ლაიონსი: 6 ლელო - ვან რუიენი (38), კრონიე (43), მარქსი (52), ვორსტერი (61), იანტისი (68), კ.სმიტი (73); 2 ჯარიმა - იანტისი (4; 58); 4 გარდასახვა – იანტისი (39; 45; 62; 69)

ჰარიკეინსი: 4 ლელო – პერენარა (6), გუსენი (10), ა.სავეა (29), ლაუმაპე (55); 1 ჯარიმა – ჯ.ბარეტი (19); 3 გარდასახვა – ჯ.ბარეტი (11; 30; 56), 1 სინბინი – ბ.ბარეტი (57)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094021