საფრანგეთი პრო დ2

14:45 | 29.07.2017 | ნანახია 2621 - ჯერ

ქართველები წინასასეზონო მატჩებში

გუშინ საფრანგეთში წინასასეზონო მატჩების მორიგი დღე იყო. ტოპ 14-ისა და პრო დ2-ის კლუბებმა 8 საწვრთნელი მატჩი გამართეს, თუმცა, ამ შეხვედრებს იმდენი ადამიანი დაესწრო, ოფიციალურ სანაკრებო მატჩსაც რომ მოუხდებოდა. მაგალითად, ლა როშელში სტადიონის ტრიბუნებზე 15 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. თავად განსაჯეთ...

ლიონი - გრენობლი 26:17

ლიონის შემოგარენ ვიანში ტოპ 14-ის „ლიონმა“ პრო დ2-ში დაქვეითებულ „გრენობლს“ 26:17 აჯობა. ლიონელთა სასტარტო შემადგენლობაში 20 წლის მარჯვენა ბურჯი გურამ პაპიძე იყო, ხოლო როცა შესვენების შემდეგ შემადგენლობა სრულად შეიცვალა, თამაშში ახალგაზრდა ბორჯღალოსანი, მარცხენა ბურჯი თორნიკე მატარაძე ჩაერთო. გრენობლელთა განაცხადში მათი ახალწვეული ბექა გიგაშვილი არ ფიგურირებდა.

ორიაკი - ნევერი 15:27

პრო დ2-ის „ორიაკმა“ ამ ლიგაში ახლახან ასულ „ნევერს“ შესუსტებული შემადგენლობით უმასპინძლა და 15:27 დამარცხდა. ორიაკელთა მწვრთნელებმა გუნდის ლიდერები დაასვენეს, მათ შორის ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე და პირველხაზელი ნიკოლოზ ხატიაშვილი.

ვანი - მასი 7:29

პრო დ2-ის „ვანის“ განაცხადში არ ყოფილა მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე, ისევე, როგორც ამავე ლიგაში ახლახან აღზევებული „მასიში“ - მისი ახალწვეული ბურჯი ილია კაიკაციშვილი.

მონ-დე-მარსანი - დაქსი 21:21

საქართველოს ნაკრების 8 ნომერი ბექა გორგაძე ტრავმას ჯერაც იშუშებს და პირველი საკონტროლო მატჩი ამიტომ გააცდინა. რაც შეეხება ვეტერან ელიზბარ ყუფარაძეს, საქართველოს ნაკრების ექსბურჯმა „დაქსის“ შემადგენლობაში პირველი ტაიმი ჩაატარა, რომელიც მისმა გუნდმა 19:7 მოიგო.

ბეზიე - ნარბონი 31:28

„ბეზიე“ ფრანგული ელიტისთვის იშვიათი უქართველებო გუნდია, ხოლო „ნარბონის“ სასტარტო 8 ნომრის პოზიციაზე ბორჯღალოსანი ბექა ბიწაძე ვიხილეთ, ვინც ამ გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა. პრო დ2-ის ამ გუნდების დაპირისპირება მეტად დაძაბული გამოდგა.

აჟენი - ანგულემი 31:0

ტოპ 14-ში დაწინაურებულმა „აჟენმა“ პრო დ2-ში დარჩენილი „ანგულემი“ არ დაინდო და მშრალი ანგარიშით გაანადგურა. აჟენელთა შორის იყვნენ ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და ვახტანგ ახობაძე, ხოლო თამაზ მჭედლიშვილი განაცხადს მიღმა დარჩა. რაც შეეხება „ანგულემს“, ამ გუნდში ითამაშა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა შალვა სუთიაშვილმა.

მონტობანი - კოლომიე 7:20

პრო დ2-ის „კოლომიეში“ თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა ვეტერანმა ბექა შეყლაშვილმა, ვინც ამ გუნდში ფედერალ 1-ში დაქვეითებული „ალბიდან“ მივიდა. ბექას დებიუტი იღბლიანი გამოუვიდა - მისმა გუნდმა ერთობ ძლიერ თანალიგელ „მონტობანთან“ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა, ხოლო საქართველოს ნაკრების ყოფილმა ბურჯმა მეორე ტაიმში ითამაშა.

ლა როშელი - ბრივი 26:33

ყველაზე მოულოდნელი შედეგი კი ლა როშელში, ტოპ 14-ის გუნდებს შორის დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივი გუნდი, რომელმაც გასული ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მოიგო, ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით მოასპარეზე „ბრივთან“ დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში მეორე ტაიმში ბურჯი ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა, ხოლო ბრიველთა განაცხადში 4 ბორჯღალოსანი ქართველისგან (კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ცუცქირიძე) არცერთი ყოფილა.

დღეს კი არგენტინაში მეტად საინტერესო მატჩია: ბუენოს აირესში ადგილობრივი „ხაგუარესი“ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონ „ტულონს“ უმასპინძლებს. თამაშის დასაწყისი - 20:10 თბილისის დროით. ცნობისთვის, „ხაგუარესს“ თამამად შეიძლება „პუმებიც“ ეწოდოს - კლუბსა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებს იდენტური შემადგენლობები აქვთ. მამუკა გორგოძე ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში შერკინების მეორე ხაზში იქნება, ბადრი ალხაზაშვილს ალბათ მეორე ტაიმში ვიხილავთ, ხოლო ლევან ჩილაჩავა ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას გადის და ამ მატჩს გამოტოვებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:01 | 04.08.2017
პანტელეიმონი (1218)

გამრავლოთ ბიჭებო ! ! !

0.082658