დღეს და ხვალ ბათუმი ქვიშის რაგბის მე-10 ფესტივალს უმასპინძლებს. ტურნირი საერთაშორისოა და კონკურენციაში ქართველებთან ერთად, რუსი და ბრიტანელი სპორტსმენებიც ჩაებმებიან. შჯიბრების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა კი, ქართველი და რუსი გოგონების დაპირისპირება უნდა იყოს. ბათუმში ჩამოსული რუსული კლუბის შემადგენლობაში 6 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც ერთი კვირის წინ, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი სინჯის მედლები მოიპოვეს. ასიატ ალიევა კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია:
„ბავშვობიდან სპორტში ვარ. არაერთი სახეობით ვიყავი დაკავებული და მეტ-ნაკლებად, ყველგან გარკვეულ წარმატებას მივაღწიე. საბრძოლო ხელოვნებით დაწყებული, რაგბით დამთავრებული. რაგბის თამაში 2 წლის წინ დავიწყე. რომ შემომთავაზეს, უყოყმანოდ დავთანხმდი. ამ სახეობაში, პირველ ყოვლისა, მომწონს ის, რომ ორთაბრძოლების გარდა, მიწევს სირბილი, ბურთით თამაში. უფრო სახალისოა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გავმხდერიყავი პროფესიონალი მორაგბე. თუმცა დღესაც კი, პარალელურად ფეხბურთს ვთამაშობ და რაგბის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში ერთი შეხვედრის ჩატარებაც მოვასწარი”.
- რას ნიშნავდა თქვენთვის, როდესაც ქვიშის რაგბის რუსეთის ნაკრებში გამოგიძახეს?
- როდესაც რუსეთის ჩემპიონები გავხდით, უკვე ვიცოდით, რომ რუსეთის ნაკრებში თამაშის შანსი მოგვეცა. ვფიქრობ, ღირსეულად ვითამაშეთ და გუნდი არ დავაღალატეთ.
- გახდით ევროპის ჩემპიონები ქვიშის რაგბში...
- სასიხარულოა, რომ პირველი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გავხდით. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, შევედით ისტორიაში და ამით ძლიერ ვამაყობთ.
- ქვიშის რაგბის ნაკრები თქვენი მაქსიმუმია?
- იმედია, ასე არ იქნება. ვთამაშობთ რუსეთის ჩემპიონატში რაგბი 7-ში და მუდამ ვართ პრიზიორებს შორის. ვნახოთ, როგორ აეწყობა ჩემი კარიერა. მეტის მიღწევა ნამდვილად მსურს.
- ბათუმის ტურნირზე რას ელოდებით?
- ვეცდებით, ჩემპიონები გავხდეთ და რაც მთავარია, ღირსეულად გამოვიდეთ. ბრიტანელების წინააღნდეგ ჯერ არ გვითამაშია და ეს ჩვენი გამოწვევაა. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე ქართველ გოგონებს ნაკრების სახელით ორჯერ ვაჯობეთ, მაგრამ ახლა აქ კლუბის სახელით გამოვდივართ, ნაკრებიდან მხოლოდ ექვსი გოგო ვართ და საქართველოსთან საინტერესო თამაშები გველის.
- საქართველოში პირველად ხართ?
- დიახ და ბათუმი ძალიან მოგვეწონა. ხალხი სტუმართმოყვარეა, ყველა ძალიან თბილად გვხვდება და თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია