საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ ProD2-ის მოწინავე ოთხეულს ქართველი ლეგიონერების გუნდები ლიდერობენ და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ისინი Top14-ში აღზევების პრეტენდენტთა შორისაც იქნებიან.
სატურნირო ცხრილს 6-იდან 6 მოგებით და 26 ქულით გიორგი ნაცარაშვილის “პო” ლიდერობს, რომლის ლიდერობასაც მინიმუმ ორი ტური არაფერი ემუქრება. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მე-6 წუთზე შერკინებაში დაჯარიმდა და მასპინძლები დაწინაურდნენ, მისი და “ბურგონის” პირველი ნომრის ძიძგილაობა შემდეგ შერკინებებშიც გაგრძელდა და 28-ე წუთზე რეფერიმ ორივე 10-10 წუთით დაითხოვა. სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღარ გარისკა და ნაცარაშვილი სავარაუდო, მეორე ყვითელისთვის წითელი ბარათით რომ არ დასჯილიყო, 38-ე წუთზე შეცვალა, თუმცა ქართველს შეხვედრის მიწურულს ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად ისევ მოუწია მოედანზე რამდენიმე წუთით დაბრუნება. ტაიმი 3:3 დასრულდა, “პომ” მეორე ნახევარის დებიუტში ორი ჯარიმით უპირატესობა მოიპოვა, 63-ე წუთზე ლელოთი 14:6 დაწინაურდა, 75-ე წუთზე თამაშში დაბრუნებულ ნაცარაშვილს “ბურგონის” ბურჯი ვერ დაუდგა და “პომ” 17:12 იმარჯვა.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა, ჯამში 4 მოგება და 19 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა. მეექვსე ტურში ქართველთა გუნდმა ერთ-ერთი კონკურენტი “მონ-დე-მარსანი” 25:21 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში ბასილაია იყო, რომელმაც მე-20 წუთზე ტრავმირებული შერკინების შემკვრელი შეცვალა და 66-ე წუთამდე ითამაშა. ქართველის მოედანზე შესვლისას ანგარიში 3:3 იყო, ტაიმი კი, მასპინძლებმა 9:3 მოიგეს. მეორე ტაიმის მიწურულს ატეხილი ჩხუბის გამო რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბე წითელი, ხოლო სტუმართა კიდევ ერთი მოთამაშე ყვითელი ბარათით გააძევა. 58-ე წუთზე მასპინძლები 19:6 იგებდნენ, მაგრამ ორი ლელო გაუშვეს და დასკვნითი 10 წუთის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე დავიდა. 77-ე წუთზე “პერპინიანმა” ჯარიმით უპირატესობის გაზრდა შეძლო და ბოლო წუთზე მიღებულმა ჯარიმამ მათ ვერაფერი დააკლო, მეტოქემ კი, პრემიალური ქულა ჩაიწერა.
ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ამჯერად გუნდი ქართველი ლეგიონერების გარეშე “მონტობანს” ეწვია და 12:17 მარცხისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერა. შედეგად, “ალბი” 18 ქულით მესამე ადგილზე დაეშვა.
ლაშა ლომიძის “ბეზიემ” “ბიარიცი” 17:9 დაამარცხა და 17 ქულით მეოთხე ადგილზეა. ლომიძე, რომელსაც გასულ ტურში არ უთამაშია, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და შერკინების შემკვრელად შეუცვლელად გაისარჯა. პირველი ტაიმი 12:9 დასრულდა, მეორე ნახევრის უმეტესი დრო ანგარიში აღარ შეცვლილა, 79-ე წუთზე კი, მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და გამარჯვება დაიბევეს.
თამაზ მჭედლიძის, ტარიელ რატიანიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” “კოლომიე” 29:11 დაამარცხა. რატიანიძე და თეთრაშვილი განაცხადში არ იყვნენ, ხოლო მჭედლიძემ გარემარბად სრულად ითამაშა. ანგარიში ლელოთი სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ მერე მასპინძლებისგან 4 ლელო მიიღეს, აქედან ბოლო მე-80 წუთზე და “აჟენმა” პრემიალური ქულაც მიითვალა. მას ჯამში 13 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
13 ქულით მეათეა კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი”, რომელიც “კარკასონთან” 33:36 დამარცხდა და ქულას დასჯერდა. მეორეხაზელმა ნემსაძემ სრულად ითამაშა, ხოლო პირველხაზელი კობერიძე შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა. საწყის 20 წუთში სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ მერე მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმი 22:19 მოიგეს, 58-ე წუთისთვის 36:19 დაწინაურდნენ. 68-ე და 74-ე წუთებზე “ტარბიმ” ორი ლელო გაიტანა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი” “დაქსთან” დამარცხდა - 3:16. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ შარიქაძე იყო და შუამარბად შეუცვლელად ითამაშა. “ორიაკი” 12 ქულით მე-12 ადგილამდე დაეშვა. 9 ქულით მე-15 ადგილზეა ასტამურ იოსელიანის “ნარბონი”, რომელიც ქართველი ლეგიონერის გარეშე ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასისთან” 25:39 დამარცხდა. ProD2-ის ყველაზე ქართული გუნდისთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ელიტა 2-ში და 11 ქულით მე-13 პოზიციაზეა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო, ხოლო კიდევ ორმა შეცვლაზე ითამაშა. სუთიაშვილმა შერკინების მეორე ხაზში 48 წუთი გაატარა, პირველხაზელი აშვეთია ახობაძემ 56-ეზე შეცვალა, ხოლო ყუფარაძე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად თამაშში მე-13 წუთიდან ჩერთო. Pრო D2-ის მომდევნო ტური 11-12 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია