ქართული

16:30 | 22.07.2017 | ნანახია 3012 - ჯერ

სეზონისთვის მზადება შარიქაძის ლელოთი დაიწყო

გუშინ საფრანგეთში პირველი წინასასეზონო მატჩი გაიმართა. პრო დ2-ში მოასპარეზე „კარკასონმა“ თანალიგელ „ანგულემს“ უმასპინძლა და 31:7 დაამარცხა.

კარკასონელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ნაცარაშვილი იყო. ვეტერანმა მარჯვენა ბურჯმა საწყისი 30 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც გუნდის შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა და მოედანზე „კარკასონის“ მეორე 15-ეული გავიდა - ნაცარაშვილის ადგილი კლუბის ახალწვეულმა, თბილისის „ლოკომოტივიდან“ საფრანგეთში ახალგადასულმა მირიან ბურდულმა დაიკავა.

საწვრთნელი მატჩი 90 წუთს გაგრძელდა და მესამე 30-წუთეულმა უკვე კარკასონელი ქართველების გარეშე ჩაიარა. თამაშში მონაწილეობა არ მიუღია ამ კლუბის სამედიცინო ჯოკერ შალვა მამუკაშვილს. ბორჯღალოსანი კვაჭი „კარკასონს“ ახლაღა შეუერთდა, თუმცა ნაკრებში სეზონის გახანგრძლივების გამო წვრთნა ჯერ არ დაუწყია.

რაც შეეხება „ანგულემს“, ამ გუნდის სასტარტო 15-ეულში იყო ვეტერანი ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი, ხოლო ამ კლუბში „მონ-დე-მარსანიდან“ გადასული ახალგაზრდა ჰუკერი გიორგი ნეფარიძე ესპუარებშია და კარკასონში არ უთამაშია.

გაიმართა კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი, მაგრამ აქ ერთი კლუბის ორი გუნდი ეთამაშებოდა ერთმანეთს - „ორიაკის“ „სავარაუდო“ შემადგენლობა „ორიაკის“ „შესაძლო“ შემადგენლობის წინააღმდეგ.

„სავარაუდოში“ ძირითადი შემადგენლობის ხალხი იყო თავმოყრილი. ამ გუნდის სასტარტოში იყვნენ ბორჯღალოსნებიც - მარჯვენა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი და ჩვენი ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ქართველების გუნდმა 4 ლელო დადო და 26:7 მოიგო. ხატიაშვილი შერკინებაში გამეორებული გაფრთხილებების გამო 45-ე წუთზე გაასინბინეს, ისევე, როგორც მისი ოპონენტი, მეტოქე გუნდის მარცხენა ბურჯი. რაც შეეხება შარიქაძეს, ორიაკელთა ცენტრმა თავისი გუნდის მე-3 ლელო მიითვალა.

ერთიც, „ორიაკის“ ამ ვარჯიშს 1200 მაყურებელი დაესწრო...


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:03 | 04.08.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.08515