“ტულონმა” ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი მალაკაი ფეკიტოა გაიფორმა. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის მორაგბემ ტოპ 14-ის ბინადართან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ფეკიტოა სოციალური ქსელის Facebook–ის მეშვეობით “ოლ ბლექსის” და “ჰაილენდერსის” გულშემატკივრებს დაემშვიდობა. მისი თქმით, ახალი ზელანდიის დატოვება უმძიმესი გადაწყვეტილება იყო, თუმცა კარიერისთვის სწორ ნაბიჯად მიაჩნია და იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც სამშობლოში სათამაშოდ უფრო მეტი გამოცდილებით დაბრუნდება.
ფეკიტოა ახალი ზელანდიის ნაკრების ღირსებას 2014 წლიდან იცავდა, სადაც 24 კეპი მოიხვეჭა და 40 ქულა მოიპოვა. ის “ჰაილენდერსშიც” 2014 წლიდან თამაშობდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 60 მატჩში საკუთარ გუნდს 70 ქულით შეეწია.
შეგახსენებთ, რომ ტოპ14-ის უკანასკნელი ორი სეზონის ფინალისტის ღირსებას ქართველი მორაგბეები მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და ბადრი ალხაზაშვილი იცავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია