ქართული

15:56 | 20.07.2017 | ნანახია 4541 - ჯერ

ქართველი მწვრთნელი რუმინეთში

თუ უცხოური კლუბებისთვის აქამდე მთავარ სამიზნეს ქართველი ბურჯები წარმოადგენდნენ, ახლა მოთხოვნა ქართველ მწვრთნელებზეც გაჩნდა და "არმიას" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ლაშა თავართქილაძე, მომავალ 2 სეზონს რუმინეთის სუპერ-ლიგაში, ბუქარესტის CSM-ში გაატარებს.

ფესვები

30 წლის თავართქილაძისთვის რუმინეთი უცხო არაა. წლების წინ ის ამ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, "ფარულ-კონსტანცაში" თამაშობდა და თიმ ლეინმა 2009 წელს ეროვნულ გუნდშიც მიიწვია, სადაც 9 კეპი მოიხვეჭი. იქ გატარებული წლები თავართქილაძეს კარგად ახსენდება და მის მწვრთნელად მიწვევას იმ პერიოდსაც უკავშირებს:

„რუმინეთში 5 ძალიან კარგი სეზონი გავატარე. იქ 19 წლის ასაკში წავედი. მაშინ საქართველოში უმაღლესი ლიგაც (ახლანდელი დიდი 10) არ მქონდა ნათამაშები და "ფარულ-კონსტანცაში", რომელიც ცოტა ხნის წინ ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა, 5 წელიწადი გავატარე. იმ პერიოდში ჩვენი გუნდი რუმინეთში მუდამ ჩემპიონობისთვის იბრძოდა, 2-ჯერ ავიღე ბრინჯაოს მედლები და რუმინეთის 7-კაცა რაგბის ჩემპიონატი მოვიგე. სწორედ :ფარულ-კონსტანცაში" თამაშის პერიოდში მიმიწვიეს საქართველოს ნაკრებში და ბედნიერი ვარ, რომ მისი მაისურით რამდენიმე შეხვედრის ჩატარება მომიწია“.

რუმინეთში გატარებულმა წლებმა ლაშა თავართქილაძეს რუმინული ენის დაუფლების საშუალება მისცა. სამშობლოში დაბრუნებულმა მორაგბემ 4 სეზონი თბილისის "არმიაში" გაატარა, მერე ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის "ოლდ ბლუში" ითამაშა და იქ ინგლისური დახვეწა:

„რუმინეთში სკოლაში დავდიოდი და ენას ძალიან კარგად ვფლობ. ერთი წელი ამერიკის აღმოსავლეთ დივიზიონის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ოლდ ბლუში" გავატარე და ახლა ინგლისურადაც კარგად ვსაუბრობ. ამ ორი ენის ცოდნა ჩემთვის ძალიან დიდი პლუსი აღმოჩნდა, მოთამაშეებთან კონტაქტი, აზრის გადაცემა არ მიჭირს და ენების დაუფლებამ დიდი სამსახური გამიწია“.

ლაშა ოჯახური პრობლემების გამო შარშან საქართველოში, "არმიაში" დაბრუნდა და დიდ 10-ის გასულ სეზონში მოთამაშე მწვრთნელად მოგვევლინა.

კურსები დასაქმებით

რაგბზე შეყვარებულმა თავართქილაძემ ცხოვრება სპორტის ამ სახეობას სრულად დაუკავშირა და საქართველოში პირველი და მეორე დონის სამწვრთნელო კურსები გაიარა, ამა წლის მაისში კი, რუმინეთში მესამე დონის კურსების გასავლელად გაემგზავრა და სწორედ იქ გადაწყდა მისი ბედი:

„რაგბის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელის, გია ჭუმბურიძის ინიციტივითა და რეკომენდაციით, მაისში მე და დავით გურგენიძე ბუქარესტში, მესამე დონის მწვრთნელთა კურსების გასავლელად გავემგზავრეთ. კურსები რამდენიმე ეტაპად ტარდება, პირველი ეტაპის გავლის შემდეგ დავალება მივიღე და შინ დავბრუნდი. რუმინელები საქართველოს რაგბის კავშირის მეშვეობით დაახლოებით 1 თვის წინ დამიკავშირდნენ და CSM-ში შერკინების მწვრთნელად მიმიწვიეს. დავალება დეკემბრამდე უნდა შევასრულო და დარწმუნებული ვარ, მესამე დონის მწვრთნელის ლიცენზიას ავიღებ, პარალელურად კი, ბუქარესტულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე“ - ამბობს თავართქილაძე და ახალი კლუბის შესახებ გვიყვება:

„ჩემი გუნდი დიდი სპორტული კლუბის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს კლუბი მოიცავს ხელბურთს, ფრენბურთს, ქალ ხელბურთელთა გუნდი ერთ-ერთი უძლიერესია ევროპაში. სარაგბო კლუბმა სუპერ-ლიგის გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. მასთან შეხება სემინარის დროს მქონდა და ძალიან მომეწონა. ბევრი ისეთი ნიუანსი აღმოვაჩინე, რომლებსაც სამწუხაროდ ქართულ კლუბებში ვერ შეხვდები.

„გუნდს შორს მიმავალი გეგმები აქვს და მწვრთნელად ცნობილი რუმინელი სპეციალისტი ეუჯენ აპიოკი მოიწვიეს, რომელსაც რუმინეთის ჩემპიონატი 4-ჯერ და თასი 2-ჯერ აქვს მოგებული. ის 5 წლის განმავლობაში რუმინეთის ნაკრებში ხაზის მწვრთნელად მუშაობდა და 2015 წლის მსოფლიო თასზეც იყო“.

უკეთესი საკლუბო სტრუქტურა

სანაკრებო დონეზე, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველომ რუმინეთი დიდი ხანია უკან მოიტოვა, თუმცა საპირისპირო სიტუაციაა საკლუბო დონეზე. რუმინულ კლუბებს თუ კლუბების ნაკრებს, მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან ჩელნჯ ქაფზე თამაშის ყველაზე დიდი სტაჟი აქვს. სუპერ-ლიგის კლუბები ფინანსურად უზრუნველყოფილი არიან და ყველა მათგანში თამაშობენ ლეგიონერები, მათ შორის ახალ ზელანდიელი, ავსტრალიელი და კუნძულელი მორაგბეები.

„ქართულ კლუბებს არ ვაკნინებ, თუმცა რუმინელები ბევრ რამეში ჩვენზე წინ არიან. ძალიან დიდი სხვაობაა და რა თქმა უნდა, ამაში მათ ფინანსებიც უწყობთ ხელს. რუმინულ კლუბებში მენეჯმენტი კარგადაა დაგეგმილი, საქმე სწორადაა გადანაწილებული და ნებისმიერი კუთხით მაღალი პროფესიონალიზმი იგრძნობა. ჩვენს გუნდში ტონგელი, ახალ ზელანდიელი და ფიჯელი ლეგიონერები თამაშობენ, გვყავს რუმინეთის ნაკრების მორაგბეები და სუპერ-ლიგის პრაქტიკულად ყველა გუნდში იგივე სიტუაციაა“.

CSM-ში ახალი სეზონიდან ქართველი მეორეხაზელი ლაშა აზალაძე ითამაშებს, რომელსაც რეკომენდაცია სწორედ თავართქილაძემ გაუწია და გუნდმა ამ პოზიციაზე არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ახალწვეულს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ლაშას გუნდში დიდ პატივს სცემენ და მის აზრს პირველივე დღიდან ითვალსწინებენ:

„საქართველოს შემდეგ ყველაზე დიდი დრო რუმინეთში მაქვს გატარებული. აქ უამრავი მეგობარი მყავს, მათ შორის ჩვენს გუნდშიც და შეგუების მხრივ პრობლემა არ მქონია. რომ ჩამოვედი მეორე ხაზის მოთამაშეს ეძებდნენ, მე გუნდს ლაშა აზალაძის ვარიანტი შევთავაზე და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა“.

სამეულში დასამკვიდრებლად

CSM ბუქარესტი წინასასეზონო მზადებას კარპატებში გადის და თამაშები 5 აგვისტოდან ეწყება. გუნდს სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. ჩემპიონატში ის მიღწეულის შენარჩუნებას ეცდება.

„უკვე 2 კვირაა რაც კარპატებში ვართ შეკრებაზე და აქ კიდევ 5 დღე დავრჩებით. ძალიან ლამაზი ადგილია, ზღვის დონიდან დაახლოებით 2-ათას მეტრზე. აქ დიდი კომპლექსია, აქ 2015 წლის მსოფლიო თასის წინ მომზადება რუმინეთის ნაკრებმა გაიარა. რაღაცით ეს ადგილი რაჭას და ყაზბეგს წააგავს. მერე ბუქარესტში ვბრუნდებით და 5 აგვისტოდან რუმინეთის სამეფო თასი იწყება, სადაც ქვეყნის 4 მოწინავე გუნდი თამაშობს. ამას მიყვება სუპერ-ლიგის პირველი წრე და მერე ქვეყნის თასისთვის ვიბრძოლებთ. აგვისტოდან დეკემბრამდე 17 თამაში გვიწევს, რაც რუმინული კლუბის რესურსზე თავის თავად მეტყველებს.

ჩემპიონატში გამორჩეული გუნდები არიან "ბაია მარე" და "ტიმიშოარა სარასენსი", რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა. კარგი გუნდი ჰყავს ბუქარესტის "სტიაუას", რომელსაც შარშან მცირე ფინალი მოვუგეთ. წელს ჩვენი მიზანი წინსვლა, განვითარება და მინიმუმ სამეულში დამკვიდრება იქნება“ - გვიყვება ახალი გუნდის გეგმებზე თავართქილაძე, რომელსაც პირადი მიზნებიც აქვს:

„ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა ასეთი დონის გუნდში მუშაობა და მაქსიმალურად ვეცდები თავის გამოჩენას. მსურს ჩემი ქვეყანა, ოჯახი ვასახელო. სწორედ ეს მამოძრავებდა რაგბში ჩართვის პირველივე დღიდან, ამის გამო მიხაროდა საქართველოს ნაკრებში თამაში და ახლაც არაფერი შეცვლილა“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:45 | 22.07.2017
qomagi (248)

წარმატებები!!!

17:37 | 20.07.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე, წარმატებას გისურვებ ! ! !

0.090749