სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ და „საუთერნ კინგზი“ სუპერ რაგბის მონაწილეთა სტატუსის დაკარგვისთანავე პრო 12-ს დაემატებიან და ამ უკანასკნელს სახელწოდების კორექტირება მოუწევს.
6-წლიანი კონტრაქტი წესით მეტად სარფიანი უნდა იყოს ამ ევროპული ლიგისთვის - სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი მომდევნო 6 წლის განმავლობაში 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის; ამას დაუმატეთ სატელევიზიო შემოსავლების სოლიდური ზრდაც...
მომავალი თანამშრომლობის ყველა ელემენტი შეთანხმებულია და როგორც კი მათი დაკანონება მოხდება, ყველაფერი ოფიციალური პრეზენტაციით დაგვირგვინდება. ყოველივე მომავალ კვირაში იგეგმება.
პრო 14 სექტემბრის პირველ უქმეებზე აიღებს სტარტს. ახალი ლიგა ორი 7-გუნდიანი კონფერენციისგან შედგება. თითოეულში იქნება უელსისა და ირლანდიის 2-2 წარმომადგენელი, ხოლო იტალიას, შოტლანდიას და ამიერიდან სამხრეთ აფრიკასაც - 1-1.
ფორმატი ალბათ შემდეგი იქნება: თანაკონფერენციელები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან - შინ და სტუმრად. ამას დაემატება მეორე კონფერენციის თითოეულ გუნდთან თითო მატჩიც (ზოგთან შინ, ზოგთანაც - გასვლაზე, კენჭისრის ძალით). პლუს ამას, კიდევ 2 მატჩი (1 შინ და 1 სტუმრად) ნებისმიერ მეტოქეებთან - ვისაც კენჭისყრა გარგუნებს. ანუ სულ რეგულარული სეზონი 21 ტურისგან შედგება. თუმცა, ეს პროექტის დონეზეა და ჯერჯერობით სხვა ვარიანტებიც განიხილება.
თუმც, პლეი-ოფის სქემა უკვე ცნობილია: კონფერენციების გამარჯვებულები ნახევარფინალში ავტომატურად გადიან, ხოლო II-III ადგილებზე გასულები ორი დარჩენილი საგზურისთვის წინასწარ პლეი-ოფს გამართავენ.
დღესდრეობით პრო-12 სატელევიზიო ტრანსლაციებით სეზონში 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებს, სამხრეთაფრიკელების მოსვლა კი ამ კუთხით მნიშვნელოვან აღმასვლას ნიშნავს და პრო 14-ს შანსი უჩნდება, ინგლისურ პრემიერშიპს და ფრანგულ ტოპ 14-ს ფინანსური კონკურენცია გაუწიოს და დღეს არსებული დიდი ჩამორჩენა აღმოფხვრას.
ეს სიახლე თითოეულ შოტლანდიურ, ირლანდიურ, უელსურ და იტალიურ კლუბს მომავალ სეზონში დამატებით ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგს მოუტანს.
„ავაზები“ და „სამხრეთელი მეფეები“ ყველაზე სუსტები იყვნენ სუპერ რაგბის მილეულ სეზონში სამხრეთაფრიკულ გუნდებს შორის, ხსენებულმა ლიგამ შემცირება გადაწყვირა და ამიტომაცაა, რომ აფრიკელებმა ევროპას მიაშურეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჭორის დონეზე ადრე გაჟღერდა შეიძლება ქართული კლუბები მიიწვიონო, მაგრამ ჩვენნაირი ჯიბეგაფხეკილები ვის რად უნდა.