ქართული

19:58 | 18.07.2017 | ნანახია 3078 - ჯერ

შალვა მამუკაშვილი - „კარკასონის“ სამედიცინო ჯოკერი

საქართველოს ნაკრების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა თითქმის მთელი გასული სეზონი სამედიცინო ჯოკერის სტატუსით გაატარა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ბორჯღალოსანს (47 სანაკრებო კეპი) მუდმივი სამუშაო ადგილი არ ჰქონია, მას მაინც სოლიდური სათამაშო გამოცდილება დაუგროვდა - „მონპელიეს“ კვართით 11 თამაში (2 ლელო) საფრანგეთის ტოპ 14-ში და 6 მატჩი (1 ლელო) რაგბი ევროპის ჩემპიონთა თასზე, პლუს ამას 1 თამაში „ტულონის“ შემადგენლობაშიც. ამას დავუმატოთ ნაკრებშიც სტაბილური გამოსვლა და თამამად შეიძლება თქმა, რომ მორაგბეს წარმატებული სეზონი ჰქონდა.

ციფრებს თავი დავანებოთ და, შალვას პრესაც მშვენიერი ჰქონდა, ამდენად, ყველა სპეციალისტი, ექსპერტი თუ ქომაგი დარწმუნებული იყო, რომ ახალ სეზონში ქართველ ჰუკერს სოლიდურ კლუბთან კარგი კონტრაქტის გაფორმება არ გაუჭირდებოდა.

მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და შალვა უმუშევარი დარჩა. იყო საუბრები პრო დ2-ის კლუბებზე: თავდაპირველად „დაქსის“ დაინტერესებაზე, შემდეგ „პერნინიანზეც“ ითქვა, მამუკაშვილის დამატებას აპირებსო. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საფრანგეთის რაგბის ეროვნულმა ლიგამ სატრანსფერო სეზონის დასრულებისთანავე გამოაცხადა უკონტრაქტო, თავისუფალი აგენტების სია, რომელშიც მამუკაშვილის გვარიც ფიგურირებდა. ანუ რჩებოდა ორი ვარიანტი - ან სრულფასოვანი ხელშეკრულება ლიგის საგანგებო თანხმობით, ან რომელიმე კლუბს ტრავმის გამო კვაჭი უნდა გამოკლებოდა და მამუკაშვილს სამედიცინო ჯოკერის უკვე კარგად ნაცნობი მისია უნდა ეტვირთა.

ასეც მოხდა. სულ ახლახან ფრანგულმა ინტერნეტპორტალმა „L’Independant” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრო დ2-ის კლუბ „კარკასონში“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შალვა მამუკაშვილი მივიდა. ამ გუნდის ძირითადი კვაჭი, ფრანგი ლუკ ბისუელი ტრავმირებულია და რაგბის თამაშს სულ ცოტა დეკემბრამდე ვერ შეძლებს. კლუბის პრეზიდენტი ფრედერიკ კალამელი ძალიან დიდხანს ეძებდა ბისუელის შემცვლელს და, როგორც „L’Independant” წერს, საბოლოოდ „ნამდვილ მარგალიტს მიაგნო“.

მოკლედ, შალვა მამუკაშვილი სეზონს პრო დ2-ის „კარკასონში“ დაიწყებს, სადაც მას ორი ქართველი ბურჯი დახვდება - 32 წლის გიორგი ნაცარაშვილი და 26 წლის მირიან ბურდული, ვინც ფრანგულ კლუბში თბილისის „ლოკომოტივიდან“ ახლახან გადაბარგდა. ანუ არსებობს ალბათობა, რომ მთლიანად ქართული პირველი ხაზი „მონპელიეს“ მერე „კარკასონშიც“ შეიკრას.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082461