უცხოური

23:19 | 12.07.2017 | ნანახია 1883 - ჯერ

“ტულონმა” ავსტრალიელი ფულბექი დაიმატა

“ტულონმა” ავსტრალიური “რებელსის” ფულბექი ჯონა პლესიდი დაიმატა. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის მორაგბემ თავის ახალ კლუბთან 2-წლიანი, ჯერჯერობით ესპუარის კონტრაქტი გააფორმა.

ტოპ 14-ის ორი უკანასკნელი სეზონის ფინალისტი ახალგაზრდა მორაგბეს უელსელი ვარსკვლავის, ლი ჰალფპენის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს. ჰალფპენიმ “ტულონი” გასული სეზონის ბოლოს დატოვა და კლუბის ხელმძღვანელობამ ორი ცნობილი ფულბექი პლესიდამდეც დაიმატა – საფტანგეთის ნაკრების 15 ნომერი იუგო ბონევალი და მისი თანაამპლუელი იტალიის ნაკრებიდან ედოარდო პადოვანი. ჯონა პლესიდს კი, ფულბექის გარდა, შუამარბის და გარემარბის პოზიციებზე თამაშიც შეუძლია.

პლესიდი სუპერ რაგბიში 2014 წლიდან თამაშობდა. ის ჯერ “რედსის” ღირსებას იცავდა (1 მატჩი), ხოლო 2015 წლიდან “რებელსის” კვართს ატარებდა. ჯონა 2013-2015 წლებში ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა და 10 მატჩში ამდენივე ქულის მოპოვება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ “ტულონის” ღირსებას ქართველი მორაგბეები მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და ბადრი ალხაზაშვილი იცავენ.

ირაკლი ალიმბარაშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.068552