ქართული

19:25 | 12.07.2017 | ნანახია 3093 - ჯერ

7-კაცა: ექსეთერში მედლებისთვის

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს. განვლილ სამივე ეტაპზე პალიკო ჯიმშელაძის გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაშიც მერვე ადგილზეა (18 ქულა). აღსანიშნავია, რომ ჩვენმა 7-კაცამ ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლა და პლეი ოფებში მეტოქეებმა მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში მოახერხეს გამარჯვება.

„განვლილ ტურნირებს თუ გადავხედავთ, მეოთხე თამაშში (მეოთხედფინალში) გამარჯვებისთვის ყველა ჯერზე მცირედი გვაკლდებოდა და თანაც იმ გუნდთან, რომელიც საბოლოოდ საპრიზო ადგილს იკავებდა. შედეგად, სამივე ეტაპი მე-8 ადგილზე დავასრულეთ, არადა აშკარად მეტი გვეკუთვნოდა. მთელი კვირა ამაზე ვსაუბრობდით და ვეცდებით ექსეთერში ეს ნაკლი გამოვასწოროთ. დიდი ხანია ეტაპი საპრიზო ადგილზე არ დაგვისრულებია და ინგლისში ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ“ - გვიყვება ჯიმშელაძე.

ექსეთერის ეტაპზე „ბ“ ჯგუფში რუსეთის, უელსისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ვითამაშებთ. სამი ეტაპის შემდეგ რუსეთს 54 ქულა აქვს, მეორე ადგილზე და 2-ით ჩამორჩება ლიდერ ირლანდიას. მას პირველ (მოსკოვის) და მეორე (ლოძის) ეტაპებზე მეოთხედფინალებში შევხვდით (14:22 და 14:19), უელსს მოსკოვში 17:5 მოვუგეთ, თუმცა საერთო ჩათვლაში მას ჩვენზე უკეთესი, მე-6 ადგილი უჭირავს (29 ქულა); პოლონეთთან, რომელიც 4 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზეა, წელს ჯერ არ გვითამაშია.

„7-კაცა ისეთი თამაშია, სადაც ნებისმიერ გუნდს ბოლომდე უნდა ეთამაშო. პოლონეთი ისეთი ხელწამოსაკრავი გუნდი აღარაა, როგორიც შარშან იყო და ჩვენ ყველა მეტოქესთან მაქსიმალურად დავიხარჯებით“ - ამბობს 7-კაცას მწვრთნელი.

ორი კვირის წინანდელი, კლერმონის (საფრანგეთი) ეტაპისგან განსხვავებით, 12-კაციან შემადგენლობაში 4 ცვლილებაა. გუნდში ბრუნდებიან რამაზ ხარაზიშვილი და რევაზ ჯინჯიხაძე, რომელთაც პირველ ორ ეტაპზე ითამაშეს. პირველი ეტაპის შემდეგ ბრუნდებიან ნიკო აფციაური და ნიკოლოზ გიგაური. ექსეთერში არ მიდიან იოსებ მათიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, გიორგი ბაბუნაშვილი და ბექა ურჯუკაშვილი.

„ხარაზიშვილი და ჯინჯიხაძე ჩვენი გუნდის წევრები არიან და კლერმონის ეტაპზე იმის გამო არ იყვნენ, რომ თავის გამოჩენის შანსი სხვებსაც მივეცით. აფციაურმა ტრავმა მოიშუშა და ჩვენთან ერთად მოდის. გარდა ამისა, ვახდენთ გუნდის გაახალგაზრდავებას და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთში მოდებაძე და ტაბუცაძე წავიყვანეთ, რომლებიც ახლაც ჩვენთან არიან“ - გვიხსნის ცვლილებების მიზეზებს ჯიმშელაძე.

გუნდი ექსეთერში პარასკევს გამთენიისას მიემგზავრება და 15 ივლისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გამართავს. ექსეთერში პირველი თამაში უელსთან გვაქვს (თბილისის დროით 14:36 საათზე), მერე რუსეთს ვხვდებით (16:59), ხოლო ჯგუფურ ეტაპს პოლონეთთან დავასრულებთ (20:06). 16 ივლისს პლეი ოფებისა და ფინალების დღეა.

მეოთხე, ექსეთერის (ინგლისი) ეტაპზე ითამაშებენ:

1 ზურაბ ძნელაძე (აია),

2 ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი),

3 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი),

4 ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი),

5 ანზორ სიჭინავა (აკადემია),

6 ლაშა ხმალაძე (ბათუმი),

7 რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი),

8 მამუკა ნინიძე (ჯიქი),

9 მირიან მოდებაძე (აია),

10 ნიკო აფციაური (ყოჩები),

11 აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი),

12 ნიკოლოზ გიგაური (არმაზი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:13 | 13.07.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ, მაგრამ ამასთან მოვუწუდებ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას დროულად იფიქრეთ კვალიფიციური უცხოელი 7-კაცა მწვრთნელის მოწვევაზე ! ! !

22:47 | 12.07.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.081193