ერთი თვეც არ გასულა რაც საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა და ჩვენმა ქვეყანამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო. გაისად მაისში, 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ გაიმართება ტურნირი, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ითამაშებს.
ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და დირექტორთა საბჭოს წევრმა, 20-წლამდელთა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ლაშა (ბაჩო) ხურციძემ ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
საუკეთესო ტურნირი
პრესკონფერენციის დასაწყისში სვანიძემ იმ გამოხმაურებებზე ისაუბრა, რომელიც თბილისსა და ქუთაისში გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატს მოყვა:
„20-წლამდელთა ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა როგორც საორგანიზაციო, ასევე სპორტული კუთხით. ‘მსოფლიო რაგბის’ და სტუმარი გუნდების ყველა წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ საორგანიზაციო თვალსაზრისით საქართველომ ახალი სტანდარტი დაამკვიდრა და ეს ტურნირი ყველა წინამორბედს აღემატებოდა. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბაჩო ხურციძეს და მის გუნდს, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ საორგანიზაციო საკითხებზე. ისინი საუკეთესოდ გაუძღვნენ ორგანიზაციულ მხარეს და ყველა დეტალი წამი-წამში იყო გათვლილი.
„აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ საქართველოს ნაკრების კარგი თამაში. მიუხედავად შემადგენლობის მუდმივი ცვლილებისა, ბოლო სამი წელია, ეს გუნდი ტურნირიდან ტურნირამდე იზრდება და ამაში ბიჭებთან ერთად უდიდესი წვლილი მწვრთნელთა სამეულის (ილია მაისურაძე, ლადო კილასონია და ზურა ამონაშვილი) მიუძღვის“ - თქვა სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
ლაშა ხურციძე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ტურნირის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული და ამბობს, რომ ‘მსოფლიო რაგბისგან’ პოზიტიური შეფასება წერილობითაც მიიღო:
„დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, ხელისუფლებას, რომელიც ორგანიზების ყველა ეტაპზე იყო ჩართული, ‘ქართუს’ და თიბისი-ს, რადგან მათი თანადგომის გარეშე ეს ტურნირი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. 20-წლამდელთა ჩემპიონატი მე-10-ედ გაიმართა და საქართველოში ჩატარებული ტურნირი საუკეთესოდ აღიარეს, რის დასტურადაც ‘მსოფლიო რაგბისგან’ წერილიც მივიღეთ. ტურნირის დირექტორმა საიმონ ქიბლმა გვითხრა, რომ ჩვენ ყოველ წელს შეგვიძლია ვუმასპინძლოთ 20-წლამდელთა ჩემპიონატს. ის იმდენად მოხიბლული იყო ორგანიზაციული მხარით, რომ გვთავაზობს ვიბრძოლოთ 7-კაცას მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის და ჩვენ ამ საკითხზე აუცილებლად დავფიქრდებით“.
მაისში ექვსი ერის გუნდებთან!
გოჩა სვანიძემ პრესკონფერენციაზე სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა, რაც ამ 20-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობის შემდეგ, პირველი ხელშესახები სიგნალია.
6 ერის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, 2018 წლის მაისიდან 20-წლამდელთა ექვსი ერის გარდა, რომელიც ტრადიციულად თებერვალ-მარტში ტარდება, ყოველწლიურად (მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ) გაიმართება ახალი ტურნირი, რომელშიც ექვსი ერის გუნდებთან ერთად საქართველოსა და რუმინეთის 20-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ:
„20-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებული კამპანიის დასასრულს მივიღეთ ახალი გამოწვევა! გაისად, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მაისში გაიმართება ტურნირი, რომელშიც ექვსი ერის გუნდები, საქართველო და რუმინეთი ითამაშებენ. ჯერ არ ვიცით რა ფორმატით ჩატარდება ეს ტურნირი, მაგრამ უკვე მივიღეთ შეთავაზება, რომ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში. ესაა ის ბონუსი, რაც ამ ტურნირის მასპინძლობის შედეგად მივიღეთ“.
ერთი კლუბით ევროპაში
პრესკონფერენციაზე სვანიძეს და ხურციძეს საკლუბო რაგბზეც დაეკითხნენ, კერძოდ, ჩაერთვება თუ არა წელს ქართული კლუბი ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირში:
„ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპი არ შეიცვალა და ისეთივე დარჩა, როგორიც შარშან იყო. შედეგად, ჩვენ გვაქვს ერთი ადგილი და ნებისმიერ კლუბს (რიგითობის მიხედვით), რომელიც შეძლებს მასში მონაწილეობისთვის საჭირო თანხის გამონახვას, შეუძლია ამ უფლებით ისარგებლოს“ - თქვა გოჩა სვანიძემ.
„ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ ევროპის ლიგაზე, რომელიც ჩელენჯ ქაფის ტურნირი უნდა ყოფილიყო, ორი გუნდით ჩართვის შესაძლებლობა გვექნებოდა, მაგრამ წელს ამ ტურნირის დაწყება ვერ ესწრება. არსებულ ტურნირს ის გაისად შცვლის, მასში 12 გუნდი იქნება ჩართული და მაშინ საქართველოს 2 კლუბით, ან კლუბების ნაკრებით შეეძლება მონაწილეობის მიღება“ - დაამატა ბაჩო სვანიძემ.
წარმატებული ამერიკული ტურნე
სრკ-ს პრეზიდენტმა განვლილ ექვს თვეში ბორჯღალოსნების მიერ ჩატარებულ თამაშებზეც ისაუბრა:
„რაგბი ევროპის ჩემპიონატი შედეგის თვალსაზრისით წარმატებული ვერ აღმოჩნდა. რუმინეთთან არ უნდა წაგვეგო და ამისთვის გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდით. თუმცა იყო დადებითი მომენტებიც - ამ რაოდენობის ახალბედების გამოცდა აქამდე არასდროს მომხდარა.
ნაკრებმა ზაფხულის ტურნე წარმატებით ჩაატარა. პირველად მოვიგეთ კანადასთან და ამერიკასთან გასვლაზე, ხოლო არგენტინასთან ის თამაშის ხარისხი ვაჩვენეთ, რაც გვინდა რომ ხშირად ვნახოთ. ამ თამაშის ხარისხი წინა ორს ჯობდა და იმედია ეს პროგრესი გაგრძელდება“.
პრესკონფერენციაზე დაისვა კითხვა - რა დაჯდა 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა, რაზეც სვანიძემ უპასუხა:
„საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოს 5-მილიონზე მეტი დაუჯდა, რასაც ემატება მსოფლიო რაგბის მიერ გაწეული ხარჯები. დათვლა ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მისგან ფინანსური მოგება არ მიგვიღია“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წაგვადგება.