საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top14-ის მერვე ტურში ცხრა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.
მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “ოიონაქსი” სტუმრად 21:18 დაამარცხა და 28 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. ჩილაჩავას ტრავმა აწუხებს და ის ერთი კვირით თბილისში იყო ჩამოსული, გორგოძემ, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანს გასულ ტურში დაუბრუნდა და შეცვლაზე ითამაშა, ამჯერად ფლანკერად სრულად გაისარჯა, ხოლო მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა. სტუმრებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს. მათ ექვსი ჯარიმა გაუშვეს და 66-ე წუთზე 14:18 ჩამორჩნენ, მაგრამ 70-ეზე თავისი მეორე ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და 3 ქულით იმარჯვეს.
“ტულონმა” გადაასწრო დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს”, რომელიც ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” დიდი ანგარიშით - 51:21 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ კოლელიშვილი იყო, ის შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა, მაგრამ გუნდს ვეღარაფერი უშველა. ბორდოელებმა 6 ლელო გაიტანეს, პრემიალური ქულა ჩაიწერეს და ჯამში 22 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო “კლერმონს” 27 ქულა დარჩა და მეორე ადგილზე დაეშვა.
22-22 ქულა აქვთ “მონპელიეს” და “სტად ფრანსეს”, რომლებიც მეოთხე-მეექვსე ადგილზე არიან. მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” გიორგი ჟღენტის “ბაიონი” სტუმრად 15:10 დაამარცხა. ნარიაშვილმა პირველ ნომრად შეუცვლელად ითამაშა და “მონპელიეს” შერკინება მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა. “ბაიონის” ბურჯი ჟღენტი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. ანგარიში მასპინძლებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ სტუმრებმა შესვენებამდე ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანეს, ხოლო 44-ე წუთზე მეორე ლელო მიითვალეს და 15:3 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ერთი ლელო და გარდასახვა 50-ე წუთზე გაქვითეს, მაგრამ დარჩენილ ნახევარ საათში ანგარიში აღარ შეცვლილა. “ბაიონმა” 1 ქულა ჩაიწერა და ჯამში 16 ქულით მე-8 ადგილზეა.
დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” სტუმრად ვასილ კაკოვინის “ტულუზასთან” 10:22 დამარცხდა. კაკოვინი ტრავმირებულია, ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჟვანია შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა და ბურჯად ითამაშა. მასპინძლებმა პარიზელებს ყველა კომპონენტში აჯობეს, ჯარიმები გამოიყენეს და მეორე ტაიმის დებიუტში 15:3 დაწინაურდნენ. “სტად ფრანსემ” 47-ე წუთზე ბურთი ჩაჭრა და ლელო-გარდასახვით მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ სამ წუთში თავად მიიღო ლელო, გარდასახვაც ზუსტი იყო და დარჩენილ 30 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა. “ტულუზას” 14 ქულა გაუხდა, ბოლო ადგილს თავი დააღწია და მე-11 პოზიციაზეა.
დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივს”უმასპინძლა და ლელოუხვ მატჩში პრემიალური ქულით 46:32 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ასიეშვილი იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ტაიმში “რასინგ მეტრომ” სამი ლელო გაიტანა და ერთი გაუშვა, ხოლო თამაშის განახლებიდან 10 წუთში კიდევ სამჯერ გადაკვეთა სტუმერთა ჩათვლის მოედნის ხაზი და 41:13 დაწინაურდა. ამის შემდეგ სამი ლელო უკვე “ბრივმა” გაიტანა და დასკვნითი 10 წუთის წინ მატჩის გადარჩენის იმედიც გაუჩნდა (32:41), მაგრამ ორიოდე წუთში მეშვიდე ლელო გაუშვა და “რასინგ მეტროს” პრემიალური ქულაც გაატანა. ხინჩაგიშვილის გუნდი 23 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “ბრივი” 13 ქულით მეცამეტეა.
ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” “ლიონი” 29:10 დაამარცხა, ქართველმა ბურჯმა კი, შეცვლაზე დასკვნითი 12 წუთი ითამაშა. მასპინძლებმა ტაიმი 17:0 მოიგეს, 70-ეზე მეოთხე ლელო გაიტანეს და ბოლო წუთზე მიღებულმა ერთმა ლელომ მათ პრემიალური ქულა ვეღარ წაართვა. “ლა როშელი” 15 ქულით მე-9 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში შალვა მამუკაშვილის “სეილ შარქსმა” “უოსპსი” 25:14 დაამარცხა და 11 ქულით მერვე ადგილზეა. ქართველი კვაჭი განაცხადში არ იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია