სიახლეები

19:09 | 9.07.2017 | ნანახია 5403 - ჯერ

გიორგი ნემსაძე: უმაღლეს დონეზეც გავთამამდით

ივნისის საერთაშორისო ტურნეს შემდეგ ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე ინგლისში გაემგზავრა, სადაც საკუთარ კლუბთან, ‘ავივა ფრემიერშიფიდან’ დაქვეითებულ ‘ბრისტოლთან’ ერთად ‘ჩემპიონშიფის’ (ინგლისის რანგით მეორე პირელობა) ახალი სეზონისთვის განაგრძობს მზადებას.

მანამდე 32 წლის მეორეხაზელი ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა და სამივე ტესტი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო - კანადასთან (13:0), აშშ-სთან (21:17) და არგენტინასთან (29:45).

არგენტინასთან მატჩის მიწურულს მან მხრის ტრავმა მიიღო, თუმცა საშიში არაფერია და კლუბში დაბრუნებამდე ფორმის შესანარჩუნებლად ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიშობდა.

- გიორგი ნემსაძე 2017 წლის ამერიკული ტურნეს შესახებ:

- წლევანდელი ივნისის ტესტები შარშანდელივით წარმატებული გამოდგა. შარშან ოკეანეთში რომ წავედით ჩვენგან გამარჯვებას არავინ ელოდა, თუმცა ორი თამაში მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. წელსაც რატომღაც დაახლოებით იგივე მოლოდინი იყო, მაგრამ ორი მატჩი მოვიგეთ და ერთში დავმარცხდით. ტურნემდე ვფიქრობდი, რომ კანადასთან აუცილებლად მოვიგებდით, ამერიკასთან ცოტა გაგვიჭირდებოდა, ხოლო არგენტინა სულ სხვა დონეზეა და მასთან მოგებას ვერ დავგეგმავდით.

საბოლოოდ ჩემი მოლოდინი გამართლდა და მთლიანობაში ამ ტურნეს დადებითად შევაფასებ, რადგან აქამდე კანადაში და ამერიკაში არასდროს მოგვიგია, წელს კი ეს უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიეთ. არგენტინასთან მატჩის დასაწყისში სირთულეები გვქონდა, ჩვენ თამაშში ჩართვა გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ მობილიზება მოვახერხეთ და 4 ლელო დავუდეთ პირველი ეშელონის გუნდს, რაც ყველასთვის დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

- კანადასთან და ამერიკასთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვებები რისი მანიშნებელია?

- აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ წინა წასვლებზე ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას ვერ ვახერხებდით. უძლიერესი გუნდი არც ახლა გვყავდა, მაგრამ ჩვენი ნაკრები უკვე ისე გაიზარდა, რომ ორი-სამი მოთამაშის გამოკლება არაფერს წყვეტს. გვყავდა კარგი შემადგენლობა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

- კანადასთან თამაშის ხარისხი სასურველი ვერ იყო...

- ამ შეხვედრის სიგნალი ძალიან ცუდი იყო და შესაძლოა ყველაფერი კარგად არ ჩანდა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ თამაშის ხარისხი კარგი იყო და გულშემატკივარმა ვერ დაინახა. უბრალოდ, ვითამაშეთ ძალიან ცუდ კლიმატურ პირობებში: საშინელი ქარი, წვიმა, სიცივე. ჩვენ კანადაში ივნისში, სიცხიდან ჩავედით და იქ საშინელი სიცივე დაგვხვდა. მორაგბეები მოედანზე ვკანკალებდით, ვერ გავხურდით, განსაკუთრებით უკანა ხაზის მოთამაშეები. შესაბამისად, როგორც ჩვენი, ასევე მეტოქის მხრიდან ძალიან ბევრი იყო ტექნიკური წუნი.

სოციალურ ქსელებზე უკმაყოფილო კომენტარებს მოვკარით თვალი, რომ ვერ ვითამაშეთ, ბურთი ვერ გავშალეთ. მესმის, რომ ხალხი ჩვენგან უკვე ბევრს მოითხოვს, თუმცა სანამ კრიტიკულ შეფასებას გავაკეთებთ, ალბათ სჯობს მოვიძიოთ ყველანაირი ინფორმაცია. მსგავს კლიმატურ პირობებში, დარწმუნებული ვარ ვერც ახალი ზელანდიის და ინგლისის ნაკრებები მოახერხებდა თამაშის გაშლას. გადავწყვიტეთ, რომ თამაში ბოლომდე ჩაგვეკეტა, გვეთამაშა შედეგზე და ამას მივაღწიეთ.

- მეორე თამაში ამერიკასთან გვქონდა, სადაც პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა ბოლოში ძალიან გაგვიჭირდა.

- დიახ და ამის შესახებ მატჩის შემდეგ გუნდშიც ვისაუბრეთ. თამაში ჩვენს სასარგებლოდ დაიწყო, ჩაიკეტა, მეკომ შესანიშნავი ლელო დადო და მეტოქე დაითრგუნა. აშშ ძალიან კარგი გუნდია, ჩვენ მათი თამაშები განვიხილეთ და კარგ რაგბს თამაშობენ, მაგრამ იმ დღეს ეს ვერ მოახერხეს, რაც ჩვენი დამსახურებაა! ტაიმნახევარი ვერ შეძლეს იმის აწყობა, რისი სურვილიც ქონდათ. ბოლოს ეს შეძლეს და ყველამ დავინახეთ რა დონის გუნდია. ვთვლი, რომ ეს თამაში აქტივში უნდა ჩავიწეროთ, რადგან უმეტესი დროის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რაც ჩვენ გვიდოდა და თამაში მოვიგეთ. მე ამ გუნდში საფრთხეს ვხედავდი, თუმცა ამ საფრთხეს გავუმკლავდით და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ.

- არგენტინასთან მატჩის დასკვნით 20 წუთს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლოს ვართ პირველი დონის გუნდებთან ტოლ-სწორედ თამაშთან...

- ჩვენ ვართ პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის. მართალია რუმინეთთან ბოლო შეხვედრა დავთმეთ, მაგრამ ამის მიზეზი სულ სხვა რამ იყო. მეორე დონის გუნდებს თავისუფლად ვეთამაშებით, ბევრ რამეში ვჯაბნით, ხოლო პირველი დონის გუნდებთან ჯერ ვერ მივედით. თუმცა, შარშანდელის შემდეგ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. აქ ერთი პრობლემაა: ჩვენ გვაკლია ამ დონის მეტოქეებთან თამაშის გამოცდილება და სიხშირე.

არგენტინასთან, გარდამტეხ მომენტებში მათ ჩვენი შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენეს, რასაც ჩვენ კარგად ვახერხებთ გერმანელებთან და რუმინელებთან, ამ დონეზე კი, ჯერ კიდევ გვიჭირს. იმისათვის, რომ იგივე პირველი დონის გუნდებთან მოვახერხოთ, მათთან თამაშის მეტი პრაქტიკაა საჭირო. ჩვენ ამ დონეზეც გავთამამდით, არგენტინას შესანიშნავი ლელო დავუდეთ, ხმალაძემ მე რომ ფეხით გადამიკიდა ლელომდე სულ ცოტა დაგვაკლდა, უკვე ბევრი რამ გამოგვდის ძლიერ გუნდებთანაც, მაგრამ 2-3 წლიანი პრაქტიკა გვაკლია და მერე შედეგები სულ სხვა იქნება. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ პირველი დონის გუნდებს გავუტოლდეთ.

- ახალ სეზონს კვლავ "ბრისტოლში" იწყებთ. გუნდში რა სიტუაცია გხვდებათ?

- ამ გუნდში წინა სეზონი ძალიან ცუდად ამეწყო. ენდი რობინსონს, რომელმაც "ბრისტოლში" წამიყვანა, გუნდის ასაწყობად დრო დაჭირდა და როდესაც უკვე მპირდებოდა, რომ ძირითადის მოთამაშე გავხდებოდი, ამ დროს გუნდიდან გაუშვეს. მანამდე ანგლო-უელსის თასზე მათამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. მერე ნოემბრის ტესტებზე ნაკრებში ვითამაშე და უკან რომ დავბრუნდი ახალი მწვრთნელი დამხვდა, რომელმაც შანსი აღარ მომცა. მის გადაწყვეტილებაში მე ვერ ჩავერევი, სპორტულ კარიერაში დიდი წილი გამართლებას უჭირავს და არ გამიმართლა. სეზონის ბოლომდე კიდევ ახალი მწვრთნელი მოიყვანეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშებამდე ის მპირდებოდა, რომ შანსს მივიღებდი, თუმცა რუმინეთთან მატჩისას ბარძაყის უკანა კუნთი 8 სანტიმეტრზე გამეხა და "ბრისტოლში" ვეღარ ვითამაშე.

ახლაც ახალი მწვრთნელი გვყავს, პათ ლამი, რომელსაც არაერთი წარმატებებისთვის მიუღწევია. ბოლოს ის "კონახტის" მწვრთნელი იყო და ყველასათვის მოულოდნელად ერთი წლის წინ გუნდი პრო 12-ის ჩემპიონი გახადა. მასთან მიმოწერა მქონდა და მითხრა, რომ ნაკრებში ჩემი თამაშები ნახა და ახალ სეზონში შანსი აუცილებლად მექნება. ორშაბათიდან ვარჯიშებს ვიწყებთ. არგენტინასთან მატჩისას მხრის მცირე ტრავმა მივიღე, თუმცა 1 კვირაში მწყობრში ვიქნები და ვნახოთ, რა როგორ იქნება. მიზანი წელსვე პრემიერშიპში დაბრუნებაა, კლუბის ბიუჯეტი გაიზარდა, მოიყვანეს რამდენიმე ვარსკვლავი, იან მადიგანი, ლუა ტუა და წესით, მიზნის მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:13 | 09.07.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.085997