შიდა რაგბი

15:38 | 9.07.2017 | ნანახია 2717 - ჯერ

Red Bull Lelos-ის გამარჯვებული “ელიტა” გახდა

8 ივლისს ყვარელში, ყვარლის ციხის ტერიტორიაზე Red Bull Lelos-ის – სამოყვარულო რაგბის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. მონაწილეობა 16-მა გუნდმა მიიღო და ტურნირის გამარჯვებული “ელიტა” გახდა, რომლის ერთ-ერთი წევრიც გელა აფრასიძე იყო.

აღნიშნული ტურნირი სამოყვარულო ხასიათს ატარებს, თუმცა თითოეულ გუნდს უფლება ჰქონდა, რომ ერთი პროფესიონალი მორაგბე დაემატებინა. მაგალითად, ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთი მორაგბე – ლუკა დვალიშვილი.

ტურნირში, შარშანდელის მსგავსად, მონაწილეობა მიიღო ქალ მორაგბეთა გუნდმა. იყვნენ გუნდები სხვადასხვა რაიონებიდანაც: ხონი, წყალტუბო. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მე-4 ადგილზე გავიდა.

Red Bull Lelos 2017-ის ფინალში ერთმანეთს შარშანდელი გამარჯვებული “Children” და “ელიტა” დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და “ელიტამ” მეტოქე 12:7 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს თასი და 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცა, ფინალისტს 1500 ლარი ერგო, ხოლო მესამეადგილოსანი “აკადემიელები” 500 ლარს დასჯერდა.

Red Bull Lelos პირველად 2015 წელს ჩატარდა. პროექტის მიზანია გახდეს ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირი საქართველოში.

შეჯიბრებაში მონაწილეობის წესები:

- სტადიონის ზომაა 35X35

- თამაშის ხანგრძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი); შესვენება - 1 წუთი ტაიმებს შორის

- გუნდში დასაშვებია მხოლოდ ერთი უმაღლესი ლიგის მოთამაშე

- ფრეს შემთხვევაში მოქმედებს "Golden Try"-ს პრინციპი. თამაშის დროის ამოწურვის შემდეგ ორივე გუნდს წუთში ერთხელ აკლდება თითო მოთამაშე

- შეჯიბრება მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით, წაგებული გუნდი ტოვებს შეჯიბრებას

- მოლი და რაქი არ არის დაშვებული

- დაშვებულია 3 შეხება მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებთან

- ხელით შეხება დაშვებულია მხოლოდ წელს ზევით

- შეხების შემთხვევაში დაცვა ბრუნდება 2 მეტრით უკან

- ოფსაიდის შემთხვევაში შემტევ გუნდს ეძლევა ერთი დამატებითი შეტევის უფლება

- ბურთის დავარდნის შემთხვევაში ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგე გუნდს

- გუნდს ეძლევა დამატებითი ქულა ლელოს ცენტრში დადების და ფეხით გადაკიდების შემთხვევაში - თუ დაიდება ლელო ისე, რომ ბურთი ძირს არ დავარდეს

- ლელო - 5 ქულა, ბონუს ქულა - 2

ტურნირის დასრულებისთანავე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ორივე 9 ნომერს, გელა აფრასიძეს და ლუკა დვალიშვილს ვესაუბრეთ, რომლებმაც ტურნირზე ილაპარაკეს.

გელა აფრასიძე: „ეს ტურნირი არის ძალიან კარგად ორგანიზებული და ვურჩევ ყველა რაგბის მოყვარულს, რომ მოვიდნენ და ითამაშონ. ძალიან კარგად გაერთობიან და მოეწონებათ. მომეწონა ტურნირის ორგანიზება, ასევე თამაშის სტილი და იმედია, კიდევ მივიღებ მონაწილეობას“.

ბოლოსკენ გელას „მონპელიეზეც“ ვკითხეთ და მან გვითხრა, რომ საფრანგეთში ამ თვეში გაემგზავრება და კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.

ლუკა დვალიშვილი: „ეს ტურნირი კარგი იმ მხრივაა, რომ ისეთ მოთამაშეებს უწევთ თამაში, რომლებიც უმაღლეს დონეზე არ ასპარეზობენ. სამოყვარულო ლიგა განვითარებისთვის შესანიშნავია. დღეს ბევრ პროფესიონალ მორაგბეს არ უთამაშია და როგორც წესია, თითოეულ გუნდს მაქსიმუმ ერთი პროფესიონალი ჰყავდა“.

დასასრულს ლუკას ორიოდე სიტყვით მომავალ დიდ 10-ზე ვკითხეთ და ახალგაზრდა ჰავბექმა გვითხრა, რომ ახალი სეზონისთვის მზადებას ორშაბათიდან იწყებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:36 | 11.07.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.102586