ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ "მონპელიეს", ქუთაისის "აიასა" და საქართველოს რაგბის კავშირს შორის დაწყებული ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.
ფრანგული გრანდის მფლობელი საქართველოს შარშან სტუმრობდა და სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; წელს სრკ-ს პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და "აიას" პრეზიდენტი (ასევე სრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი) გიორგი გორგასლიძე საფრანგეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ და რადგან იურიდიულად კლუბებს შორის ხელშეკრულების გაფორმება ვერ ხერხდებოდა, შეთანხმება სრკ-ს, "აიასა" და "ალტრად ჯგუფს" შორის გაფორმდა.
ამ ხელშეკრულების ფარგლებში, ივნისში საქართველოს "ალტრად ჯგუფისა" და "მონპელიეს" ფორმაციის ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ და ჩვენს ქვეყანაში 5 დღე გაატარეს. "მონპელიეს" ფორმაციის ცენტრი, ფაქტობრივად, კლუბის აკადემიაა. თბილისსა და ქუთაისში მისი დირექტორი ჟან-ფილიპ ლაკოსტი, ასევე "მონპელიეს" განვითარების დირექტორი ჟან-პოლ გალტიე იმყოფებოდნენ.
სრკ-სა და "აიას" ხელმძღვანელობამ ისინი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ მატჩებზე დაპატიჟეს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ 18 ივნისს "მიხეილ მესხზე" გამართული მატჩებიდან ყველაზე მეტად საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა მოეწონათ, მეორე დღეს კი ქუთაისში გაემგზავრნენ.
გალტიე და ლაკოსტი 4 დღის განმავლობაში "აიას" ბაზაზე მდებარე სასტუმროში ცხოვრობდნენ და საქართველოს რაგბის აკადემიის დასავლეთის ფილიალის 16 წლამდე მორაგბეთა ვარჯიშებს ესწრებოდნენ. დასკვნით დღეს ქუთაისში აღმოსავლეთ ფილიალის გუნდი ჩავიდა და ფრანგი სტუმრები თამაშს დაესწრნენ.
„ფრანგი სტუმრები ყველა ვარჯიშს ესწრებოდნენ, ბოლო დღეს რაგბის აკადემიის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფილიალების გუნდების შეხვედრა ნახეს. მათ აღნიშნეს, რომ ამ ასაკში ფრანგი მორაგბეები ასეთი კარგები არ არიან. 10-12 მოთამაშე განსაკუთრებით მოეწონათ.
გალტიე და ლაკოსტი ვარჯიშის პროცესში არ ერეოდნენ, მისი დასრულების შემდეგ კი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებდნენ და რჩევებს გვაძლევდნენ. იყო ისეთი ვარჯიშებიც, რომლებიც მოეწონათ და დასავლეთის აკადემიის მაგალითზე თავიანთ ფორმაციის ცენტრში დანერგავენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანებთან პირადი ურთიერთობის დამყარება. გაგვაცნეს თავიანთი მუშაობის ძირითადი პრინციპები და მას შემდეგ მიმოწერით ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს“, - კმაყოფილია აკადემიის დასავლეთის ფილიალის ფიზმომზადების უფროსი დავით ნემსაძე, რომელიც ასევე "აიას" ფიზმომზადების მწვრთნელია.
სიახლეებია "ალტრად ჯგუფსა" და "აიას" თანამშრომლობის კუთხითაც. წლის ბოლოს, დეკემბერში, ქუთაისის "აიას" ოთხი სპეციალისტი - მთავარი მწვრთნელი, ფიზმომზადების მწვრთნელი, ვიდეო-ანალიტიკოსი და კიდევ ერთი სპეციალისტი მონპელიეს ეწვევა და კლუბის ბაზაზე 2-კვირიან სემინარს გაივლის. სტუმრები მოხიბლულები დარჩნენ "აიას" ბაზით და გაისად ქუთაისში "მონპელიეს" ესპუართა გუნდის ჩამოყვანის შესაძლებლობას განიხილავენ:
„ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან მონპელიეში გვექნება წვდომა ყველა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციასთან და სხვადასხვა სფეროში უდიდეს გამოცდილებას მივიღებთ. გარდა ამისა, წინასწარი შეთანხმებით, მომავალ წელს ქუთაისში "მონპელიეს" ესპუართა გუნდი ჩამოვა და წინასასეზონო მომზადებას ქუთაისის "აიასთან" ერთად გაივლის. რა თქმა უნდა, გვექნება საკონტროლო თამაშებიც“, - ამბობს ნემსაძე.
საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ფრანგმა სტუმრებმა მასპინძლებს მადლობის წერილი გამოუგზავნეს, რომელშიც ვკითხულობთ:
„მე და ჟან-ფილიპს გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თბილი მიღებისთვის. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. მოხიბლულები ვართ თქვენი კულტურით და ღირებულებებით, რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება რაგბის! ახლა ჩემთვის გასაგებია, რატომაა საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სარაგბო ქვეყანა - ის თქვენი ქვეყნის ნაწილია“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ევროპაზე გასასვლელად საჭიროა ფინანსები, ძლიერი სპონსორის პოვნა ჩვენს ქვეყანაში ჭირს, ამიტომ ამდენ გადასახადს ვიხდით ფეხბურთში და შედეგი ნულია, ამიტომ შევამციროთ ფეხბურთის დაფინანსება და გავზარდოთ რეგბის საკლუბო ჩემპიონატის დაფინანსება სოლიდური თანხებით, რათა მოხდეს დიდი ნაბიჯებით წინ სვლა, მოთამაშეების ხელფასების, სტიპენდიებისა და სხვა სათამაშო კომპონენტებისათვის საჭირო წახალისება-დაჯილდოვება. რასაც ჩვენ ფეხბურთს ვახარჯებთ იგივე რეგბის საკლუბო ჩემპიონატში რომ დავხარჯოთ, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება... ფეხბურთის მესვეურებმა ფულის ჭამას თავი დაანებონ ჯობია!!! უკვე რომ ჩავედით უფსკრულში ფაქტია, პიველი ეტაპი უკვე ორი წელია ჩვენთის დაუძლეველი გახდა, ეს არ იკმარეს და უკვე გამანადგურებელი ანგარიშებით ვაგებთ მეტოქეებთან. შეკრიბეთ ჩვენი გუნდების გაშვებული და გატანილი გოლების რაოდენობა, დაინახავთ სრულ კატასტროფას ციფრებში!!! მეტი ფული რეგბს, სვანაძეს მოვუწოდებ მეტი ფხა გამოიჩინოს და მოითხოვოს სახელმწიფოსგან მეტი თანხების მობილიზება, პარალელურად გააქტიურდეს კერძო სექტორის სპონსორების მოზიდვის მხრივ... წარმატებები ყველას სრულიად ქართულ სპორტს!!!!
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ევროტურნირებზე გუნდებს როდის გავიყვანთ ბატონო გოჩა?!!!
ჯიქი და ბათუმი აპირებენ გასვლას, დაველოდოთ რა გამოვა ამ საქმიდან
იმედია ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოუვათ.