უცხოური

18:56 | 1.07.2017 | ნანახია 4549 - ჯერ

კაცნაკლული “ოლ ბლექსი” ლომებთან დამარცხდა

ახალი ზელანდიის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მეორე ტესტი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

“ვესტპაკ სთედიუმზე” გამართული დაპირისპირება უაღრესად დაძაბული გამოდგა, თუმცა, სანახაობის მხრივ მაყურებელი ალბათ მეტს მოელოდა, მაგრამ მორაგბეებს ამაში ხელი ამინდმა შეუშალა – მთელი შეხვედრის განმალობაში ველინგტონში კოკისპირულად წვიმდა და ბუნებრივია, რომ ამ ფაქტორმა თავისი გავლენა მოახდინა.

პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა. ბიოდენ ბარეტმა და ოუენ ფარელმა სამ-სამი ჯარიმა შეასრულეს ზუსტად და ტაიმი 9:9 დასრულდა. თუმცა, ტაიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი 25-ე წუთზე მოხდა, რამაც შეხვედრის მსვლელობაზე და საბოლოო ანგარიშზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა: “ოლ ბლექსის” შუამარბი სონი ბილ უილიამსი ენტონი უოთსონს მხრით თავში შეასკდა და წითელი ბარათი მიიღო, რამაც მასპინძლებს გეგმები გვარიანად აურია.

მეორე ტაიმი ზელანდიელთათვის სასარგებლო სცენარით დაიწყო, საწყის 18 წუთში ბარეტმა სამი უპასუხო ჯარიმის გატანა მოახერხა და მასპინძლები 9 ქულით გავიდნენ წინ. 56-ე წუთზე ლომებს ბურჯი მაკო ვუნიპოლა გაუსინბინეს და ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა, როგორც მასპინძლებს აწყობდათ, მაგრამ დარჩენილმა დრომ ლომების უპირატესობით ჩაიარა და ეს ტაბლოზეც აისახა. მე-60 წუთზე ტაულუპე ფალეტაუმ იყოჩაღა და კიდესთან ახლოს შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რომელიც ოუენ ფარელმა ვერ გადასახა და უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამ მატჩში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფარელმა დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულა. მთლიანობაში მან 4-ვე ჯარიმა და 2-დან 1 გარდასახვა შეასრულა ზუსტად, ხოლო მისმა ვიზავი ბიოდენ ბარეტმა 10-დან 7 ჯარიმა გაიტანა და როგორც შემდგომში გაირკვა, ეს გაფუჭებული დარტყმები “ოლ ბლექსისთვის” საბედისწერო აღმოჩნდა.

დასკვნით 15 წუთში “ოლ ბლექსმა” მხოლოდ 3 ქულის მოპოვება მოახერხა – 67-ე წუთზე ბარეტმა მე-7 ჯარიმა შეასრულა ზუსტად. სამაგიეროდ, ორიოდე წუთში ლომების ჰავბექის, კონორ მიურეის რამდენიმე ცრუმოძრაობას ზელანდიელებმა ვერაფერი მოუხერხეს და მეორე ლელო მიიღეს, რომელიც ფარელმა გარდასახა და ანგარიში გათანაბრდა. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი ფარელმა გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაიტანა და შეხვედრა ლომების გამარჯვებით დასრულდა - 24:21.

ამრიგად, “ოლ ბლექსის” და ლომების ტესტებში ანგარიში გათანაბრდა - 1:1 გახდა. მათი დასკვნითი, მესამე დაპირისპირება კი 8 ივლისს ოკლენდში, “ედენ პარკზე” გაიმართება და ამ მატჩით ლომები ახალზელანდიურ ტურნეს დაასრულებენ.

ახალი ზელანდია – ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 21:24 (9:9)

ახალი ზელანდია: 7 ჯარიმა – ბიოდენ ბარეტი (20; 32; 37; 48; 54; 58; 67); 1 გაძევება – სონი ბილ უილიამსი (25)

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები: 2 ლელო – ფალეტაუ (60), მიურეი (69); 4 ჯარიმა – ფარელი (23; 34; 40+3; 78); 1 გარდასახვა – ფარელი (70); 1 სინბინი – ვუნიპოლა (56)

მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=WiuCwlf2CXw


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122764