ამბები

19:45 | 5.10.2014 | ნანახია 2753 - ჯერ

არგენტინელების ისტორიული გამარჯვება

“ოთხი ერის” 2014 წლის დასკვნით ტურს სატურნირო მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ამ თამაშებს უნდა გაერკვია, შეძლებდნენ თუ არა სამხრეთ აფრიკა და არგენტინა და შესაბამისად, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის დამარცხებას.

მას შემდეგ, რაც არგენტინაში საწყისი 12 წუთის შემდეგ ავსტრალიელი სტუმრები ორი ლელოთი და ზუსტი გარდასახვებით 14:0 დაწინაურდნენ, თითქოს “პუმებს” გარდაუვალი განადგურება ელოდათ, მაგრამ მასპინძლებმა მატჩში გარდატეხის შეტანა და ისტორიული გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. მასპინძლებმა ერთი საპასუხო ლელო 34-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო ზედ შესვენების წინ ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანეს.

მეორე ტაიმში “კენგურუები” უდისციპლინობამ დაღუპა. 43-ე წუთზე ისინი სინბინით კაცნაკლულები დარჩნენ. მეტოქის ჯარიმას ავსტრალიელებმა 47-ე წუთზე ჯარიმითვე უპასუხეს, მაგრამ 52-ე წუთზე არგენტინამ მეტობა გამოიყენა და ხუან იმჰოფის ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო ნიკოლას სანჩესმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა. 74-ე წუთზე მეორე ავსტრალიელი დაისაჯა სინბინით და არგენტინამ ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 21:17.

ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკის დამარცხებასთან და ტურნირის წაუგებლად დასრულებასთან ახლოს იყო, მაგრამ პატრიკ ლამბიემ 78-ე წუთზე ჯარიმა 55 მეტრიდან გაიტანა და “ბოკეს” 27:25 მოაგებინა. “ოლ ბლექსი” 23-ე წუთისთვის ორი ჯარიმით 6:0 დაწინაურდა, უგარდისა და პოლარდისგან (2 ლელო) შესვენებამდე სამი ლელო გაუშვა, თავად ერთი გაიტანა და 13:21 ჩამორჩა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, მაგრამ დასკვნითი წუთები სტუმრების იყო და 65-ე წუთზე ბენ სმიტმა და 69-ეზე დენ კოლემ ორი ლელო გაიტანეს. გარდასახვა მხოლოდ პირველ შემთხვევაში იყო ზუსტი ზდა ზელანდიელები 25:24 დაწინაურდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ლამბიემ შორიდან ზუსტად დაჰკრა და აფრიკას “ოთხი ერი” მაჟორულ ნოტზე დაასრულებინა.

VI ტური. 4 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 27:25 (21:13)

არგენტინა - ავსტრალია 21:17 (8:14)


1.ახალი ზელანდია6411164-9122
2.სამხრეთ აფრიკა6402134-11019
3.ავსტრალია6213115-16011
4.არგენტინა6105105-1573


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.401592