ქართული

17:09 | 1.07.2017 | ნანახია 2317 - ჯერ

ქართველი მსაჯები ელიტისკენ მიიწევენ

‘მსოფლიო რაგბიმ’ ივნისის ტესტ-სერიის ერთ-ერთი მატჩის განსჯა ქართველ რეფერის პირველად ანდო და ეს მისია შოთა თევზაძემ წარმატებით შეასრულა.

23 წლის ქართველი მსაჯი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მუშაობდა და ვითარდებოდა, 24 ივნისს კი ბუქარესტში, რუმინეთისა და ბრაზილიის ტესტ-მატჩისას მთავარი მსაჯი იყო.

რაგბი კომპლექსური სპორტია და იმისათვის, რომ ქართული რაგბი წინ წავიდეს, მორაგბეები, მწვრთნელები და მსაჯები ერთდროულად უნდა განვითარდნენ. ამისათვის საჭიროა მეტი გამოცდილება და სასიხარულოა, რომ ამ გამოცდილებას, საერთაშორისო მასშტაბით თევზაძე და ნიკა ამაშუკელი იღებენ. ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ, ყოველ წელს ერთი საფეხურით მაღლა ადიან და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა (რასაც მსაჯობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა), მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის ტურნირებსა და მატჩებზე გამოჩნდნენ.

ბუქარესტიდან დაბრუნებულ შოთა თევზაძეს ‘მსოფლიო რაგბიდან’ ივნისის ტესტ-მატჩზე მიწვევის შესახებ დავეკითხეთ:

- მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, სადაც გვერდით მსაჯად უნდა მემუშავა, როდესაც ‘მსოფლიო რაგბისგან’ ივნისის ტესტ-მატჩზე მიწვევა მივიღე. ასეთი დონის შეხვედრა აქამდე არასდროს მიმსაჯია. ერთხელ ვიყავი ბუქარესტში, მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, სადაც ესპანეთი-იაგუარები და ესპანეთი-ნამიბია ვიმსაჯე, რომელიც ასევე ტესტ-მატჩი იყო, თუმცა ტურნირის ფარგლებს მიღმა ამ დონეზე აქამდე არასდროს მიმუშავია.

ბუქარესტში რუმინეთისა და ბრაზილიის შეხვედრა ვიმსაჯე. ვფიქრობ, ამოცანას კარგად გავართვი თავი და იმედია, მსგავსი მიწვევა მომავალშიც მექნება. ველოდები თამაშის გარჩევას, რომლის შემდეგაც მივიღებ შეფასებას. მე თამაშის ჩანაწერს უკვე ვუყურე, მცირე შეცდომები მქონდა, თუმცა სერიოზული არაფერია და ვფიქრობ, შეფასებაც კარგი მექნება.

- რუმინეთმა 56:5 მოიგო.

- ბევრი ფიქრობს, რომ როდესაც დიდი სხვაობა ფიქსირდება, ამ დროს მსაჯობა ადვილია, თუმცა ასე არაა. როდესაც ამ დონის თამაშში ასეთი სხვაობა ფიქსირდება, მსაჯზე ზეწოლა დიდია. თამაშის შემდეგ რუმინელთა უელსელმა მწვრთნელმა ლინ ჰენესმა მითხრა - ძალიან ახალგაზრდა ხარ და არ ველოდი ასე კარგად თუ გაართმევდი თავსო. მან თქვა, ასეთი სხვაობის დროს მსაჯობა უფრო რთულიაო და ბიჭების სახელით მადლობა გადამიხადა: ზუსტად ვიცოდით მსაჯი ჩვენგან რას ითხოვდაო.

- ბრაზილია რა დონის გუნდია?

- ეს გუნდი ამერიკის თასზე მუდმივად პროგრესირებს. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში გადაწყვიტეს, რომ 15-კაცა რაგბი განავითარონ და სისწრაფეზე ორიენტირებული მზარდი გუნდია. ჯანში მოიკოჭლებენ, აქცენტს სისწრაფეზე აკეთებენ და ხაზით ძალიან ლამაზი ლელოც გაიტანეს.

- რუმინეთი ჩვენი მუდმივი კონკურენტია და საინტერესოა, როგორია მსაჯის თვალით დანახული ‘მუხები’?

- რუმინეთი საგრძნობლად გაძლიერდა. მათ თამაშის სტილი შეცვალეს, ხაზში სულ ორი რუმინელი ყავდათ, დაიმატეს ტონგელი, ზელანდიელი, სამოელი მორაგბეები და გათვლა ხელით თამაშზე ჰქონდათ, რაც ბრაზილიასთან კარგად გამოუვიდათ.

- ბუქარესტში გამგზავრებამდე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით წინ და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გვერდითი მსაჯი იყავით. რა შეგძინათ ამ ტურნირმა?

- მე და ნიკა ამაშუკელმა ვიცოდით, რომ ჯგუფურ ეტაპზე გვერდით მსაჯებად ვიმუშავებდით, ხოლო პლეი ოფებზე მეოთხე-მეხუთე მსაჯები ვიქნებოდით. როგორც ჩანს, ჯგუფურ თამაშებში შევძელით ხელმძღვანელობისთვის თავის მოწონება და ნახევარფინალში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა - სამხრეთ აფრიკა-ინგლისი და მესამე ადგილისთვის მატჩი ვიმსაჯე.

დღესდღეისობით გვერდითი მსაჯი მხოლოდ აუტს აღარ აფიქსირებს, სრულადაა ჩართული თამაშში და ამ მსოფლიო თასმა უდიდესი გამოცდილება შემძინა. მთავარი მსაჯები ტოპ 14-ში, პრო 12-ში, სუპერ რაგბში ნამუშევარი რეფერები იყვნენ და მათგანი ბევრი რამ ვისწავლე. გვქონდა სემინარებიც, ყოველი სათამაშო დღის შემდეგ განვლილი მატჩების გარჩევა, ვიღებდით მითითებებს ალან როლანისგან (‘მსოფლიო რაგბის’ მსაჯების უფროსი) და ბევრი სიახლე აღმოვაჩინე.

- 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ახალი წესებით ჩატარდა.

- მსაჯებისთვის ახალ წესებზე გადართვა სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა ვთვლი, რომ ეს საჭირო ცვლილებები იყო და შედეგად თამაში უფრო დინამიური გახდება. დიდი 10-ის მომავალი გათამაშება შეცვლილი წესებით დაიწყება.

- 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მსაჯების ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნები გააჩინა.

- ზოგ შემთხვევაში ეს კითხვის ნიშნები უსაფუძვლო იყო და მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა იყო შეცდომებიც და ამას გვერდს ვერ ავუვლით. მსაჯიც ადამიანია მასაც მოსდის შეცდომები, ისევე, როგორც მოთამაშეებს. როდესაც მორაგბეები მთელი 80 წუთი უშეცდომოდ ითამაშებენ, მერე მოვითხოვოთ მსაჯებისგან უშეცდომო მუშაობა.

- თქვენ და ნიკა ამაშუკელი ბოლო წლებში რეგულარულად მსაჯობთ სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებს. სხვა ქართველ მსაჯებს რატომ არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა?

- 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი 10-ის ყველა მსაჯი ვიყავით ჩართული და დანარჩენები მე-4-მე-5 მსაჯებად მუშაობდნენ. მათ უმაღლესი დონის მსაჯებთან ურთიერთობით ასევე დიდი გამოცდილება მიიღეს. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, დიდი 10-ის ყველა მსაჯი ერთ დონეზე ვართ, უბრალოდ მე და ნიკას სხვებზე მეტად გაგვიმართლა, ენის ცოდნა დაგვეხმარა და საქართველოს საზღვრებს გარეთ გავედით, რითაც ცოტა მეტი გამოცდილება შევიძინეთ. დანარჩენი მსაჯები არაფრით ჩამოგვივარდებიან, ენის ბარიერის დაძლევაზე მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო მატჩებს მალე ისინიც განსჯიან.

თანამედროვე რაგბში მსაჯს ძალიან დიდი როლი აქვს. თამაშის დონემ აიწია და ეს მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან ერთად მსაჯების დამსახურებაცაა. საქართველოში მსაჯები და მოთამაშეები ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ, ერთად გავიზარდოთ და ქართული შიდა რაგბის დონეც აუცილებლად აიწევა. მსაჯებს გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ ქართული რაგბის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ერთ დროს მეც მოთამაშე ვიყავი, ახალგაზრდულ ნაკრებებშიც ვიყავი, მაგრამ ტრავმის გამო აქტიურ სპორტს ვეღარ გავყევი და ამიტომ ვირჩიე მსაჯობა. მსაჯობა ძალიან შემიყვარდა და ჩემი პროფესიით ვამაყობ!

- ახლა თუ ხართ მიწვეული რომელიმე საერთაშორისო ტურნირში?

- ამისთვის ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა მე და ნიკას გვქონდა შეხვედრა ევროტურნირების მსაჯების დანიშვნების უფროსთან ჟოელ რუშთან. მან გვითხრა, რომ აუცილებლად გვექნება შანსი ევროტურნირებში დიდი ალბათობით ახალი სეზონიდან ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ტურნირის შეხვედრებს ვიმსაჯებთ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:48 | 02.07.2017
პანტელეიმონი (1218)

ძალიან მნიშვნელოვან და საპატიო საქმეს აკეთებთ

00:01 | 02.07.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.071562