საქართველოს ნაკრების 21 წლის მორაგბე გიორგი მელიქიძეს თავის ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულება გასული სეზონის დასრულებისთანავე ამოეწურა. მელიქიძე „სტად ფრანსეში“ ესპუარის კონტრაქტით სარგებლობდა და არ იყო გამორიცხული, ახალგაზრდა ბორჯღალოსანს კლუბი შეეცვალა, მაგრამ პარიზელებმა ახლახან გამოაქვეყნეს ესპუართა გუნდის სამომავალსეზონო შემადგენლობა, რომელშიც მელიქიძის გვარიცაა.
„სტად ფრანსეს“ სასწავლო ცენტრი ცალკე საუბრის თემაა. ესაა მსოფლიო ვარსკვლავების სამჭედლო. მაგალითად, როცა პარიზელეbმა 2015-ში ტოპ 14 მოიგეს და საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ, მათ შემადგენლობაში კლუბის სასწავლო ცენტრში დაფრთიანებული ოსტატების სოლიდური ჯგუფი იყო. ჩამონათვალი მართლაც შთამბეჭდავია: საფრანგეთის ნაკრების წევრები ალექსანდრ ფლანკარი, რემი ბონფისი, ანტუან ბურბანი, ჯიბრილ კამარა, რაბა სლიმანი, იუგო ბონევალი, ჟონატან დანტი და ჟიულ პლისონი.
იმის ხაზგასმა გვსურს, რომ მიუხედავად პარიზულ კლუბთან პროფესიული კონტრაქტის არქონისა, მელიქიძე მაინც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ეს მომავალი სეზონი ზრდის თვალსაზრისით დიდად წაადგება ახალგაზრდა მორაგბეს, რომელმაც გასულ სეზონში „სტად ფრანსეს“ მთავარ გუნდში რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი უკვე ჩაატარა. გიორგი მელიქიძემ ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის 26 ტურიდან 12-ში მიიღო მონაწილეობა (2-ჯერ - სასტარტო შემადგენლობაში), პარიზული კლუბის კვართი ჩელენჯ კაპის 6 (2 სასტარტო) და ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩში მოირგო, თანაც ამ ბოლო 2 მატჩიდან ერთ-ერთში, „კარდიფ ბლუზთან“, გარდამტეხი ლელო გაიტანა (ვიდეო).
რაც შეეხება გიორგი მელიქიძის სანაკრებო ამბებს, მას ჯერჯერობით მხოლოდ 3 კეპი აქვს მოხვეჭილი. დებიუტი შარშან, გერმანიასთან მატჩში ჰქონდა, როცა მეორე ტაიმში ანტონ ფეიქრიშვილი შეცვალა. იმავე გათამაშებაში, ასევე შეცვლაზე, რუსთა წინააღმდეგაც ითამაშა. ხოლო წლეულს, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის საწყის მატჩში (ბელგიასთან) პირველად იყო ბორჯღალოსანთა სასტარტო მარჯვენა ბურჯი.
აქვე შეგახსენებთ, რომ „სტად ფრანსეს“ ღირსებას კიდევ ერთი ბორჯღალოსანი იცავს - მარცხენა ბურჯი ზურაბ ჟვანია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ
წარმატებას გისურვებ ! ! !