საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც კლერმონ ფერანში ევროპის გრან პრის მესამე ეტაპს ითამაშებს.
მოსკოვისა და ლოძის ეტაპზე გუნდმა ერთნაირი შედეგი აჩვენა და ორივეჯერ მე-8 ადგილი დაიკავა, საერთო ჩათვლაში კი, 12 ქულით მე-9 საფეხურზეა: ჯგუფურ ეტაპზე ორ-ორი თამაში მოვიგეთ და პლეი ოფებშიც ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ მეტოქეებს მცირედით ჩამოვრჩით.
„მოსკოვშიც და ლოძშიც პირველი დღე კარგად ჩავატარეთ და მეორე დღის პირველი მატჩი პატარ-პატარა შეცდომების გამო დავთმეთ. ალბათ, ეს გამოცდილების ნაკლებობის ბრალი იყო. არ გაგვიმართლა, მოსკოვში ჯგუფში გვყავდა ირლანდია, რომელიც ეტაპის გამარჯვებული გახდა, ხოლო მეოთხედფინალში ორივეგან რუსეთი შეგვხდა, რომელმაც ლოძის ეტაპი მოიგო.
ყველა მარცხი გულგასატეხი იყო და მიმაჩნია, რომ ამ გუნდს მოსკოვსა და ლოძშიც თავისუფლად შეეძლო საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა. მივედით დასკვნამდე, რომ მეორე დღის პირველ მატჩში კონცენტრაცია გვაკლდა და ტურნირებს შორის შესვენებისას აქცენტი ამაზე გავაკეთეთ“ - განვლილ ეტაპებს აჯამებს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე.
ექვსი ახალი
განვლილი ეტაპის ანალიზის გარდა, საფრანგეთის ტურნირისთვის მწვრთნელმა შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა და ექვს ისეთ მოშვიდკაცეს უხმო, რომლებსაც წელს არცერთ ეტაპზე არ უთამაშიათ.
ამერიკული ტურნეს შემდეგ გუნდს შეუერთდნენ ბორჯღალოსნები ლაშა ხმალაძე და იოსებ მათიაშვილი; მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ნათამაშები უმცროსი ბორჯღალოსნებიდან ჯიმშელაძემ მირიან მოდებაძეს და აკაკი ტაბუცაძეს უხმო; გუნდს შეუერთდნენ გამოცდილი მოშვიდკაცეები - მიხეილ გაჩეჩილაძე და ანზორ სიჭინავა; მოსკოვის ეტაპზე მიღებული ტრავმა მოიშუშა და საფრანგეთში მიდის ბიძინა სამხარაძე.
„საფრანგეთში საკმაოდ გაძლიერებული შემადგენლობით მივდივართ. ამერიკული ტურნეს შემდეგ ნაკრებიდან ორი მოთამაშე დაგვემატა. ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთადაა ბიძინა სამხარაძე. გამოჯანმრთელდა ნიკო აფციაურიც, რომელიც მოსკოვის ეტაპზე საუკეთესო იყო, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშისას კუნთი გაეჭიმა და აღარ გავრისკეთ. 20-წლამდელებიდან დავიმატეთ ორი მოთამაშე, რომელთაც 7-კაცა არ უთამაშიათ, თუმცა დიდი პოტენციალი აქვთ და გუნდში სიახლეს შემოიტანენ. გარდა ამისა, დავიტოვეთ ის ბიჭები, რომლებმაც პირველ ორ ეტაპზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. გავაკეთეთ ერთგვარი მიქსი და ვფიქრობ, ახლა მაინც შევძლებთ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას“ - ამბობს ჯიმშელაძე.
საქართველო „ბ“ ჯგუფში, ესპანეთის, გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ითამაშებს. 1 ილისს პირველი მატჩი გერმანელებთან გვიწევს, მერე ესპანეთს ვხვდებით და ჯგუფურ ეტაპს პორტუგალიასთან ვასრულებთ. 2 ივლისს პლეი ოფების დღეა და მეტოქე დაკავებული ადგილის მიხედვით გახდება ცნობილი.
ჯიმშელაძე: „ჯგუფში ის გუნდები გვყავს, რომლებიც ჰონკონგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩვენი კონკურენტები არიან. მნიშვნელოვანია, რომ მათთან კარგი შედეგი ვაჩვენოთ და პირველი დღე პირველი ადგილით დავასრულოთ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საფრანგეთი და ინგლისი ამჯერად გრან პრიზე უძლიერესი შემადგენლობებით გამოდიან“.
კლერმონის (საფრანგეთი) ეტაპზე ითამაშებენ:
1. იოსებ მათიაშვილი (აკადემია),
2. ანზორ სიჭინავა (აკადემია),
3. ზურაბ ძნელაძე (აია),
4. ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი),
5. მირიან მოდებაძე (აია),
6. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი),
7. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი),
8. გიორგი ბაბუნაშვილი (აია),
9. მამუკა ნინიძე (ჯიქი),
10. ბექა ურჯუკაშვილი (არმია),
11. ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი),
12. ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი).
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა თქვენ იცით,.
წარმატებები
წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !