ქართველი ლეგიონერები

12:45 | 29.06.2017 | ნანახია 3971 - ჯერ

„პერპინიანმა“ შალვა მამუკაშვილს დაუმიზნა

სამიოდე კვირის წინ ვწერდით: “ვიდრე საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი ბორჯღალოსნებთან ერთად კანადაში იმყოფება და ივნისის ტესტ-მატჩისთვის ემზადება, პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 წლის ქართველი მორაგბე კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში მოასპარეზე „დაქსში“ გააგრძელებს”.

მაგრამ ივნისი უკვე მიილია, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნე დადებითი ბალანსით დაასრულა, თავად შალვამ არგენტინელებთან ლელოს გატანით ისახელა თავი „დაქსმა“ სამომავალსეზონო შემადგენლობა გამოაქვეყნა, მაგრამ... მასში შარშანდელივით ერთადერთი ქართველია - ვეტერანი ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე. მამუკაშვილი კი არ ჩანს.

თუმცა, ეს რამდენიმე დღეა, ფრანგულ პრესაში მუსირებს მოსაზრება და ვარაუდი, რომ შალვა მამუკაშვილი თავის ბედს პრო დ2-ის სულ სხვა კლუბს დაუკავშირებს. საუბარია „პერპინიანზე“, რომელიც „დაქსზე“ გაცილებით ავტორიტეტული, ტიტულოვანი და ამბიციური კლუბია. სხვა თუ არაფერი, „პერპინიანი“ საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონია და ქვეყანაში მასზე ტიტულოვანი კლუბი სულ რამდენიმეა.

გასულ სეზონში „პერპინიანი“ პრო დ2-ში საპლეიოფო ადგილზეც ვერ გავიდა, რაც კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ კატასტროფად შეაფასა და საკადრო რეფორმები გამოაცხადა. სწორედ ამ რეფორმებს შეეწირა ძირითადი და ესპუარების გუნდების 20 მორაგბე. მათ შორის 3 კვაჭი იყო. ამ ამპლუის მორაგბეთაგან კლუბში დარჩნენ საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ჰუკერი, 24 წლის რაფაელ კარბუ და ესპუარი იან დე ფოვერჟი. მაგრამ „პერპინიანის“ შეფები ბრის მაშთან იყვნენ შეთანხმებულები. 31 წლის მაში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრია და ბოლო 6 სეზონის განმავლობაში „კასტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.

„პერპინიანს“ ბრის მაშთან კონტრაქტიც კი ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ კისრის ქრონიკული ტრავმის გამო ექიმებმა მას რაგბის თამაში აუკრძალეს - სამუდამო დახეიბრების რისკი ძალზე მაღალი ყოფილა. ფრანგ კვაჭს კარიერის დასრულება მოუხდა. ამ სამწუხარო ფაქტმა პერპინიანელები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. კლუბის ხელმძღვანელობამ კონტაქტი რამდენიმე ჰუკერთან დაამყარა და მათ შორის „ტულონის“ ორი ყოფილი მოთამაშეა. ჯერჯერობით კანდიდატების ვინაობა არ სახელდება, თუმცა ითქვა, რომ კანდიდატებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ანალიტიკოსებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ „პერპინიანის“ სასტარტო კვაჭის ადგილის დაკავებასთან ყველაზე ახლოს შალვა მამუკაშვილია, ვინც გასული სეზონი სამედიცინო ჯოკერის სტატუსით ტოპ 14-ში, „მონპელიესა“ და „ტულონში“ გაატარა. 26 წლის ქართველს ბორჯღალიანი კვართი 46 მატჩში აქვს მორგებული. მის აქტივში 4 სანაკრებო ლელოა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმედი დავიტოვოთ, რომ 26 წლის მორაგბე მოძებნის თავის შესაფერის კლუბს და სტაბილურ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:46 | 29.06.2017
temuchin (431)

წარმატებები ლომო!

19:28 | 29.06.2017
პანტელეიმონი (1218)

შესანიშნავია, წარმატებას გისურვებ შალვა ! ! !

13:22 | 29.06.2017
ogafa (407)

წარმატებები

13:16 | 29.06.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.08595