ქართველი ლეგიონერები

15:14 | 28.06.2017 | ნანახია 4319 - ჯერ

მატება ქართულ ლეგიონში: ბურდული - „კარკასონში“

საფრანგეთის პრო დ2-ში მოასპარეზე „კარკასონის“ ოფიციალურ საიტზე ამ რამდენიმე დღის წინ გუნდის სამომავალსეზონო შემადგენლობა გამოქვეყნდა. კორექტივების შესატანად კლუბის ხელმძღვანელობას დრო კიდევ აქვს, რადგან ახალი ჩემპიონატის დაწყებამდეც საკმაო დროა, მაგრამ ამ ცვლილებებს უფრო კოსმეტიკური ხასიათიღა ექნება.

რატომ მიიქცია ამ განაცხადმა ჩვენი ყურადღება? იმიტომ, რომ მასში მოსალოდნელზე მეტი ქართველი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, „კარკასონის“ ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშედ გიორგი ნაცარაშვილი მიიჩნევა, 32 წლის გოლიათი ბურჯი, რომელსაც გასულ სეზონში ტრავმამ შეუშალა ხელი, თორემ 15-ზე მეტ მატჩს ნამდვილად ჩაატარებდა.

ნაცარაშვილის გვარი ხსენებულ სიაში აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან როცა გიორგი გასულ ზაფხულში ტოპ 14-ის „პოდან“„კარკასონში“ გადავიდა, მხარეები 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, თანაც კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომლის თანახმადაც 2018 წლის ზაფხულში, მხარეთა ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლობა კიდევ 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.

აი, მეორე ქართველს კი დებიუტი ექნება ფრანგულ რაგბში. მირიან ბურდული აქამდე თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა, ამ გუნდის მარჯვენა ბურჯი გახლდათ და საკმაოდ სტაბილურად, ფაქტობრივად უცვლელად თამაშობდა ამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ბურდული დიდ 10-ში ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო: 26 წლის ბურჯის ფიზიკური ძალის შესახებ ყველა მის მეტოქეს კარგად მოეხსენება.

ამრიგად, მომავალ სეზონს მირიან ბურდული „კარკასონში“ დაიწყებს. იმედია, ქართველი მორაგბე მყარად მოიკიდებს ფეხს ამ ძველ და ტრადიციულ კლუბში, რომელიც, სხვათა შორის, ოდესღაც საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონიც ყოფილა.

აქვე გეტყვით, რომ „კარკასონის“ შემადგენლობაში მომავალ სეზონში ნაცარაშვილისა და ბურდულის გარდა შემდეგი ბურჯებიც იქნებიან: ცნობილი რუმინელი ვეტერანი ანდრეი ურსაკე და ფრანგები - საფრანგეთის ნაკრებში ნათამაშები გზერომ სივილი, „ორიაკიდან“ ახლახან გადასული, გამოცდილი ანტუან ფურნიე, ფრანსუა-ჟოზეფ ბორდევი და რამდენიმე ესპუარი.

„კარკასონმა“ გასული სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და საპლეიოფო ზონაშიც იმყოფებოდა, მაგრამ ჩემპიონატის ეკვატორისკენ პოზიციები დათმო, ტრავმების გამო წამყვან მოთამაშეთა მთელი ჯგუფი მოისაკლისა, ბევრი ქულა დაკარგა და სეზონის დასკვნითი ნაწილი ინერციით და უმოტივაციოდ ჩაატარა. სეზონის შედეგი - მე-9 ადგილი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:22 | 28.06.2017
ogafa (407)

წარმატებები

20:34 | 28.06.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ

16:57 | 28.06.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.085022