ქართული

14:08 | 28.06.2017 | ნანახია 4338 - ჯერ

ზაზა ლეჟავა: "ვაჩვენეთ, რომ სარაგბო ერი ვართ"

საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა ამბობს, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობით ქართულმა რაგბმა უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა.

მას პირადი საუბრები ჰქონდა უცხოელ სტუმრებთან და ორგანიზაციული კუთხით, ყველა მათგანისგან მხოლოდ დადებითი ემოცია მოდიოდა. ეს რომ მხოლოდ ზრდილობის გამო ნათქვამი სიტყვები არ იყო, კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება - კარდიფის აკადემიამ საქართველოში 16-წლამდელთა ორი გუნდის ჩამოყვანის სურვილი გამოთქვა, ხოლო ფრანგებმა 19-წლამდელთა ოთხთა ტურნირზე მიგვიწვიეს.

ზაზა ლეჟავასთან საუბარი უმცროსი ბორჯღალოსნების თამაშის შეფასებით დავიწყეთ.

ზაზა ლეჟავა: "ამ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არგენტინის დამარცხებით დიდი, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. ესაა სამწვრთნელო შტაბის, მოთამაშეების და საქართველოს რაგბის კავშირის თავდაუზოგავი შრომის შედეგი.

ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ ირლანდიასთან და მეორე ისტორიულ გამარჯვებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ირლანდია რაგში ჩვენზე ბევრად წინაა, მაგრამ იმ დღეს თამაშის ხარისხით არ ჩამოუვარდებოდით და ისეთი შეტევითი პოტენციალი ვაჩვენეთ, რომელზეც მთელი სარაგბო სამყარო საუბრობს.

მთლიანობაში, კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან დავინახეთ როგორი კარგი თაობა მოდის. არავის გამორჩევა არ მინდა, ეს ბიჭები (ყველა) თამაშიდან თამაშამდე ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ. პოზიტიური ჩემპიონატი ჩავატარეთ და დავინახეთ, რომ რაც უფრო ხშირად ვეთამაშებით მაღალი დონის გუნდებს, მით უფრო სწრაფად მივიწევთ წინ. არ აქვს მნიშვნელობა რა ტურნირის და რა ჩემპიონატის ფარგლებში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასაკში რაც შეიძლება ხშირად ვეთამაშოთ უძლიერეს ნაკრებებს და პროგრესი უფრო თვალსაჩინო იქნება.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ჩვნი ასეთი წრმატებული თამაში?

- მწვრთნელებს კარგად ჰქონდათ გეგმა გაწერილი. მათ გათვალეს, რომ ბოლო თამაშებში გუნდს შეთამაშების პრობლემა ნაკლებად ექნებოდა და ფიზიკურადაც კარგ კონდიციაში იქნებოდა. გეგმა იყო მსოფლიოს 12 ელიტურ გუნდში დარჩენა, სადაც პირველად შარშან ვითამაშეთ და ეს გეგმა წარმატებით შესრულდა. ჩვენ ამ 12-ში მე-10 ადგილზე ვართ და თუ გავითვალისწინებთ საიდან მოვდივართ, ეს უდიდესი მიღწევაა.

- თქვენ პირადი ურთიერთობები გქონდათ სტუმარი გუნდების წარმომადგენლებთან. როგორ აფასებდნენ ისინი ტურნირის ორგანიზაციულ მხარეს?

- ყველა შეფასება უაღრესად დადებითი იყო. ტრადიციულად, სტუმართმოყვარე ერი ვართ და ეს ყველა სტუმარმა იგრძნო. ჩვენ თავი არ დავზოგეთ და გუნდებს საუკეთესო პირობები შევუქმენით. ეს მეათე 20-წლამდელთა ჩემპიონატი იყო და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ყველაზე მეტი მაყურებელი საქართველოში ყავდა.

მქონდა საუბრები უელსელებთან, ინგლისელებთან, არგენტინელებთან, ფრანგებთან და ყველასგან მხოლოდ დადებით შეფასებას ვისმენდი. ერთ-ერთი გუნდის შერკინების მწვრთნელმა, რომლისთვისაც ეს მე-9 20-წლამდელთა ჩემპიონატი იყო მითხრა, რომ ორგანიზაციული თვალსაზრისით საქართველოში ჩატარებული ტურნირი საუკეთესო იყო. თუ სხვა ქვეყნებში გუნდებს სამ და ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროებში აცხოვრებდნენ, ჩვენ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში განვათავსეთ; მოეწონათ აქაური საკვები; კმაყოფილები იყვნენ მომსახურე პერსონალით, რადგან მათ სურვილებზე რეაგირება მომენტალურად ხდებოდა. ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია და ისიც კი თქვეს, რომ საქართველოში საუკეთესო ამინდები იყო.

- ტურნირის სპორტული დონით თუ დარჩით კმაყოფილი?

- თამაშების უმეტესობის ხარისხი ძალიან მაღალი იყო. შეხვედრების უმეტესობამ თანაბარ ბრძოლაში ცაიარა. იყო სიურპრიზებიც - იტალიამ ირლანდიას მოუგო, ჩვენ არგენტინას. ეს ჩემთვის საინტერესი იყო, რადგან გუნდების დონე თანაბრდება და პერსპექტივაში, 2023 წლის მსოფლიო თასმა დაძაბულ ბრძოლებში უნდა ჩაიაროს.

- ფინალში თუ ელოდით ასეთ სხვაობას?

- ნამდვილად მოულოდნელი იყო. გარკვეულ მომენტებში იმასაც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ინგლისს მოეგო, თუმცა, როგორც ჩანს, ზელანდიელემა შარშანდელი ჩაგდებული სეზონის შემდეგ სწორი ანალიზი გააკეთეს. ინგლისი საწყისი 15-20 წუთში დაცვაში ტაქტიკურად სწორად თამაშობდა, მაგრამ ზელანდიელმა მორაგბეებმა ორთაბრძოლები მოიგეს და თუ ზელანდიელი ერთი-ერთზე გაჯობებს, ამას ქულეში აუცილებლად ასახავს.

- და ბოლოს, რა სიკეთის მომტანი იქნება ქართული რაგბისთვის ეს ჩემპიონატი?

- მივიღეთ მაღალი დონის და მასშტაბური ტურნირის მასპინძლობის გამოცდილება. ეს იყო ერთი დიდი ნაბიჯი და უკვე შეგვიძლია გამოვთქვათ კიდევ ერთი მსგავსი ტურნირის, ან 7-კაცას მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პრეტენზია; ახლოდან დავინახეთ მსოფლიო დონის გუნდები და ვნახეთ, რომ მათგან არც ისე შორს ვართ, რამაც თავდაჯერება უნდა შეგვმატოს; უცხოურ ნაკრებებთან მიმაგრებული იყვნენ ქართველი ლიაზონები, უმეტესად მოქმედი მწვრთნელები, მოთამაშეები და მენეჯერები. მათ საკუთარი თვალით იხილეს როგორ ცხოვრებენ, ხურდებიან, ვარჯიშობენ დიდი გუნდები და მიიღეს ის გამოცდილება, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდნენ. ამ ტურნირის მასპინძლობა იმის წინაპირობაა, რომ საქართველო სარაგბო ელიტის, ამ დიდი ოჯახის და სრულფასოვანი წევრი ხდება, არა მხოლოდ მოედანზე, არამდ მის მიღმაც; სტუმარი გუნდების სპეციალისტებმა ჩგვიტარეს სემინარები; ყველას დავანახეთ, რომ ჩვენ სარაგბო ერი ვართ.

პირადად მე, როგორც საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორს, მქონდა საუბარი უელსის აკადემიის რაგბის დირექტორთან და შევთნხმდით, რომ ამა წლის ოქტომბერ-ნომებრეში კარდიფის აკადემიის 16-წლამდელთა ორი გუნდი გვეწვევა, ჩვენც ორი ან ოთხი გუნდით დავხდებით და ჩავატარებთ ტურნირს.

საფრანგეთის რაგბის კავშირიდან მივიღეთ შეთავაზება, რომ თებერვალში საფრანგეთში ჩავიდეთ და ვითამაშოთ 19-წლამდელთა ტურნირში, რომელშიც იტალიისა და რუმინეთის ნაკრებებსაც იწვევენ. გვაქვს შანსი, რომ იქ 20-წლამდელთა ნაკრებით გავემგზავროთ და ეს ტურნირი მომავალი 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის გამოვიყენოთ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:31 | 28.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ! ! !

19:50 | 28.06.2017
ogafa (407)

წარმატებები

18:44 | 28.06.2017
temuchin (431)

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

16:59 | 28.06.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.085278