ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა გუშინ ახალზელანდიურ ტურნეზე მე-8 შეხვედრა ჩაატარეს და “ჰარიკეინსთან” გამართულ მატჩში ფრედ პირველად ითამაშეს.
“ვესტპაკ სთედიუმზე” შეკრებილმა პუბლიკამ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი იხილა. საწყის 40 წუთში სტუმრები დომინირებდნენ და შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოიპოვეს სათამაშო ინიციატივა, ჩამორჩენა გააბათილეს და შეხვედრა 31:31 დასრულდა.
როგორც ზემოთ ითქვა, პირველი ტაიმი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. ეს პირველივე წუთებიდან შესამჩნევი იყო. ანგარიში მე-10 წუთზე დენ ბიგარმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. მე-18 წუთზე კი ძალიან ლამაზი შოტლანდიური ლელო ვიხილეთ: გრეიგ ლეიდლოუმ საკუთარ 22-ში ოტერ ბლექის პასი ჩაჭრა, დაახლოებით 40 მეტრი ირბინა და შესანიშნავი ოფლოუდით ტომი სიმურს გაატანა ბურთი, რომელსაც ვეღარავინ დაეწყია და პირველი ლელოც გავიდა, რომელიც ბიგარმა გარდასახა.
22-ე წუთზე ბიგარმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 0:13 გახდა. “ჰარიკეინსმა” პირველი ქულები 27-ე წუთზე მიითვალა: მასპინძელთა მიძალება კალუმ გიბინსმა ლელოთი დააბოლოვა, ხოლო ჯორდი ბარეტმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ბიგარმა 31-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ლომებმა საკუთარი უპირატესობა ტაიმის ბოლოს უფრო მეტად გაზარდეს – 37-ე წუთზე ბიგარმა ფეხით გადაკიდა ბურთი, რომელსაც ლი ჰალფპენი მიჰყვა და მისი ბრძოლის შემდეგ ბურთი იან ჰენდერსონს ჩაუვარდა ხელში, მან კი ჯორჯ ნორსს გაატანა და ამ უკანასკნელმა სისწრაფის ხარჯზე ლელო მარტივად გაიტანა, ბიგარმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 7:23 დასრულდა.
მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული გამოდგა. მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და 41-ე წუთზე ხელდახელ გათამაშებული ბრწყინვალე კომბინაცია ლაუმაპემ ლელოთი დააგვირგვინა, ხოლო ბარეტმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 50-ე წუთზე ბარეტმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა. 51-ე წუთზე ტაურიორანი გაასინბინეს, ჯარიმა კი ბიგარმა კვლავ ზუსტად შეასრულა, ხოლო 55-ე წუთზე სიმურმა დუბლი შეასრულა, მაგრამ გარდასახვა ბიგარს ამჯერად გაუცუდდა და ანგარიში 17:31 გახდა.
ლომები შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 14 ქულით იგებდნენ და გამარჯვება თითქოს აღარ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ ყველაფერი სულ რამდენიმე წუთში შეიცვალა: 66-ეზე იან ჰენდერსონი უხეში ბოჭვისთვის გაასინბინეს, “ჰარიკეინსმა” რიცხობრივი უპირატესობით უმალ ისარგებლა, 68-ე და 71-ე წუთებზე ორი გარდასახული ლელო გაიტანა და თითქმის წაგებული თამაში გადაარჩინა – 31:31.
ჰარიკეინსი – ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 31:31 (7:23)
ჰარიკეინსი: 4 ლელო – გიბინსი (27), ლაუმაპე (41), გუსენი (68), ფიფიტა (71); 1 ჯარიმა – ბარეტი (50); 4 გარდასახვა – ბარეტი (29; 43; 68; 71); 1 სინბინი – ტაურიორანი (51)
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები: 3 ლელო – სიმური (18; 55), ნორსი (37); 4 ჯარიმა – ბიგარი (10; 22; 31; 52); 2 გარდასახვა – (19; 38); 1 სინბინი – ჰენდერსონი (66)
მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=OeAvbgeq77I
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია