საერთაშორისო

14:59 | 27.06.2017 | ნანახია 2973 - ჯერ

კანადა და აშშ პირველ მატჩში დაზავდნენ

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, კანადის ნაკრები ონტარიოში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუხვდა და ფრედ 28:28 ეთამაშა.

ანგარიშიდანაც მშვენივრად ჩანს, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და 80 წუთმა უშეღავათო ბრძოლაში გაილია. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და საწყის 10 წუთში ორი ლელო გავიდა: მასპინძლებმა მე-7 წუთზე მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რაც ვან დერ მერვეს ლელოთი დასრულდა. “ნეკერჩხლების” სიხარულმა მხოლოდ ერთ წუთს გასტანა: სტუმართა გადაკიდულ ბურთს ბრეიდის შეცდომა მოჰყვა, რომელმაც ბურთი ვერ შეიმარგა, წინ გაუვარდა და სივეტას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. მე-18 წუთზე ვან დერ მერვემ უკვე ინდივიდუალური ოსტატობით გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა, ხოლო 26-ე წუთზე ო’ლეარიმ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 15:7 გახდა. 35-ე წუთზე სტუმრებმა საკუთარი შერკინება კარგად გამოიყენეს და შეტევა სივეტას მეორე ლელოთი დაასრულეს, ხოლო მე-40 წუთზე ამერიკელებმა ხელდახელ შესანიშნავი შეტევა გაშალეს და ტე’ომ მეტოქემ მესამედ დაალელოვა, ტაიმი 15:21 დასრულდა.

მეორე ნახევარი კანადელებმა აქტიურად დაიწყეს. 45-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ჰილდერბრანდი გაასინბინა, ხოლო ჯარიმა ო’ლეარიმ ზუსტად შეასრულა და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. მასპინძლები შეტევას განაგრძობდნენ და ლელოს დადებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ო’ლეარის ცუდი პასი ტე’ომ ჩაჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და მანაც დუბლი გაიფორმა, ანგარიში 52-ე წუთზე 18:28 გახდა. “ნეკერჩხლებმა” აქტიურობა განაგრძეს და 58-ე წუთზე სტუმრებს კიდევ ერთი მოთამაშე, ამჯერად დოლანი გაუსინბინეს. ძალიან საკამათო ეპიზოდი მოხდა 63-ე წუთზე, ენდრიუ კოემ ლელო დადო, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთი ვერ დაამიწა და ლელო არ ჩათვალა. მასპინძლებმა საწადელს ხუთ წუთში მაინც მიაღწიეს და ამის გაკეთება შეცვლაზე შემოსულმა კარპენტერმა მოახერხა, ხოლო ო’ლეარიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 25:28 გახადა. გადამწყვეტი მომენტი 77-ე წუთზე მოხდა: კანადელებმა მეტოქე ძალიან ხელსაყრელ პოზიციაზე დააჯარიმეს და ო’ლეარიმ ზედ კარის წინიდან შეასრულა ჯარიმა.

შეხვედრის დასრულებამდე მხოლოდ ორი წუთი იყო დარჩენილი, თუმცა ამ ორ წუთში საინტერესო მაინც ბევრი მოხდა: ამერიკელთაგან ჯერ მაკგინტი ცდილობდა არეკნის გატანას, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, ხოლო უკვე გაწითლებულ დროში კანადელებმა მოედნის ცენტრიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ო’ლეარიმ გადამწყვეტ მომენტში ააცილა და შეხვედრა 28:28 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა 1 ივლისს სან დიეგოში გაიმართება.

კანადა – აშშ 28:28 (15:21)

კანადა: 3 ლელო – ვან დერ მერვე (2), კარპენტერი; 2 გარდასახვა – ო’ლეარი; 3 ჯარიმა – ო’ლეარი

აშშ: 4 ლელო – სივეტა (2), ტე’ო (2); 4 გარდასახვა – მაკგინტი; 2 სინბინი – ჰილდერბრანდი, დოლანი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:17 | 27.06.2017
krasni (587)

ჯერ ალბათ არაა ბოლომდე გადაწყვეტილი, თორემ მოგვახარებდნენ. პირველი ვარიანტი გაცილებით უკეთესი კი იყო. ერთი სამოა გვაღირსეს თბილისში, როცა რეიტინგში ჩვენს ზემოთ იყო და მორჩა, დანარჩენებს თუ შევხვდებით, აუცილებლად სტუმრად. აქ მიზეზის საძებნელად შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო, ეშინიათ, მაშინდელი სამოასავით არ წაიქცნენ, კუნძულებზე კი შეუძლიათ ჩასვლა, იაპონიაშიც, ამერიკაშიც.

19:34 | 27.06.2017
პანტელეიმონი (1218)

რა ხდება შემოდგომის ტესტებთან დაკავშირებით?
გადაწყდა? ვხვდებით ამათ?

0.079317