ლეგიონერები

11:08 | 26.06.2017 | ნანახია 6582 - ჯერ

ლაშა ჯაიანი - 2-მეტრიანი ლეგიონერი ინგლისიდან

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა. 28-კაციან სატურნირო განაცხადში თორმეტი ისეთი მორაგბე იყო, რომელთა იმედიც მწვრთნელებს გაისად შოტლანდიაში გასამართ ჩემპიონატზეც ექნებათ.

მათგან ერთ-ერთი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანია, რომელიც აღნაგობით სხვებისგან აშკარად გამორჩეულია. მისი სიმაღლე 200 სანტიმეტრია, ქართული რაგბი კი, ტანმაღალი მოთამაშეებით განებივრებული არაა. ჯაიანთან მიმართებაში კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ისაა, რომ უკვე ორი წელია ინგლისშია და სწავლასთან ერთად სარაგბო უნარებსაც რაგბის სამშობლოში, ‘ექსეთერში’ ხვეწს.

პირველი ნაბიჯები

ლაშა ჯაიანი აღნაგობით ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო და რაგბის თამაში 11 წლის ასაკში, მამის მეგობრის თხოვნით რაგბის კლუბ ‘ჩოხოსნებში’ დაიწყო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ოვალური სამყაროთი პირველივე დღიდან მოიწამლა.

„ბავშვობაში ცურვაზე, წყალში ხტომაზე და ტანვარჯიშზე დავდიოდი. მამაჩემის მეგობარმა, ვეტერანმა მორაგბე ლევან მგელაძემ ჩემი მონაცემები რომ ნახა, მამაჩემს უთხრა რაგბზე შეიყვანეო და 11 წლის ასაკში ‘ჩოხოსნებში’ მივედი. პირველივე ვარჯიშზე მაგრად გავერთე და სწორედ ამ გართობის გამო, რაგბს გავყევი. ჩემი პირველი მწვრთნელები ნუკრი სარიშვილი, ბესო ბერიძე და ზურაბ მოგელაძე იყვნენ. რომ წამოვიზარდე და რაგბის ღირებულებებს ვეზიარე, ეს სპორტი უფრო მეტად შემიყვარდა, 15-16 წლისამ გადავწყვიტე, რომ მას ბოლომდე გავყოლოდი“ - იხსენებს რაგბში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ლაშა ჯაიანი.

‘ჩოხოსნებიდან’ ‘ექსეთერამდე’

2015 წელს ლაშა სასწავლებლად და სათამაშოდ ინგლისში გაემგზავრა:

„მინდოდა რაგბი მაღალ დონეზე მეთამაშა და 2015 წელს ლონდონის მახლობლად. ‘ვითგიფთის’ სკოლაში გავემგზავრე. გავიგე, რომ ამ სკოლის გუნდი მეორე ხაზის მოთამაშეს, ინგლისურის მცოდნე მაღალ ბიჭს ეძებდა. თბილისში საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, ინგლისურიც ვიცოდი და სკოლამ ჩემი სწავლის დაფინანსება თავის თავზე აიღო.

ვთამაშობდი ინგლისის სასკოლო ჩემპიონატში, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის აღმოჩნდა. მარტო ჩვენს სკოლას 4 სავარჯიშო მოედანი ქონდა. სასკოლო რაგბში ჩართული მოთამაშეთა დიდი ნაწილი, პარალელურად სხვადასხვა კლუბების აკადემიებში ვარჯიშობენ, სადაც ბევრად უფრო კარგი ვარჯიშებია, საბოლოოდ პროფესიონალებად ყალიბდებიან და ინგლისის პრემიერშიფის კლუბებს ავსებენ.

პარალელურად ვსწავლობდი სპორტული განხრით. იქ სწავლისა და ვარჯიშის შეთავსების მხრივ არანაირი პრობლემა არაა. რაგბის ვარჯიში გაკვეთილების შემდეგ მქონდა და ერთი მეორეს ხელს არ უშლიდა. შედეგად, კარგი ქულები ავიღე და სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე“.

ჯაიანმა არჩევანი ექსეთერის უნივერსიტეტზე შეაჩერა და სწავლასთან ერთად, სარაგბო კუთხითაც ერთი საფეხურით მაღლა ავიდა.

„სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება მსურდა და სხვადასხვა უნივერსიტეტებზე დიდძალი ინფორმაცია მოვიძიე. გარემოს გამოცვლა ჩემთვის საინტერესო იყო, ყველაზე მეტად ექსეთერის უნივერსიტეტი მომეწონა და არჩევანი მასზე შევაჩერე. სარაგბო თვალსაზრისით ეს უნივერსიტეტი ინგლისში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და ადგილზე ჩასული ამაში თავადაც დავრწმუნდი. გარდა ამისა, მათ რამდენიმე კლუბთან აქვთ ურთიერთობა. ჯერჯერობით მხოლოდ უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობ და მაქვს სურვილი, რომ კარიერა ‘ექსეთერ ჩიფსში’ გავაგრძელო“.

რაგბი ინტელექტუალური თამაშია

თამაშის პარალელურად ლაშა ჯაიანი ექსეთერის უნივერსიტეტში სპორტულ მეცნიერებას ეუფლება და თვლის, რომ განათლება რაგბის უკეთ თამაშში დაეხმარება.

„ექსეთერში საკმაოდ დატვირთული სავარჯიშო გრაფიკი მაქვს. კვირაში 3-ჯერ 2-ჯერადი ვარჯიშებია, ორი დღე ერთხელ ვვარჯიშობთ, ხოლო მეექვსე დღეს თამაში გვაქვს. საუნივერსიტეტო რაგბში უმეტესად სტუდენტები თამაშობენ, 21-22 წლის ბიჭები, თუმცა ზედა ზღვარი შეზღუდული არაა და უფროსი ასაკის მორაგბეებსაც შეხვდებით. შედეგად, იქ სისწრაფეები და დონე მაღალია.

პარალელურად, უნივერსიტეტში სპორტის მეცნიერებას ვეუფლები. რაგბი ინტელექტუალური თამაშია და მაღალ დონეზე სათამაშოდ განათლება მნიშვნელოვანია. რადგან ჩემი სპეციალობა სპორტია, სადაც სწორ კვებას, ვარჯიშის პრინციპებს და სპორტულ ფსიქოლოგიას ვეუფლები, ეს ვარჯიშებში კიდევ უფრო მეხმარება. ნაკრებშიც და გუნდშიც მწვრთნელები მაღალი დონის პროფესიონელები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან რა არის ჩვენთვის საჭირო, მაგრამ ჩემი თავის მოვლაც რომ ვიცი, ეს კიდევ უფრო უკეთესია და მსგავსი ცოდნა ყველა სპორტსმენს გამოადგება.

ვნახე და მომეწონა, რომ განათლებას საქართველოს რაგბის აკადემიაც დიდ ყურადღებას უთმობს. ადრეულ ასაკში მოზარდი მრავალმხრივ უნდა განვითარდეს. რაგბში სულ გიწევს აზროვნება, ხშირ შემთხვევაში დროის მცირე მონაკვეთში გაქვს გადაწყვეტილება მისაღები და გონების ვარჯიში თამაშში აუცილებლად დაგეხმარება. გარდა ამისა, შესაძლოა ვინმე რაგბს ვერ გაყვეს და მნიშვნელოვანია, რომ მისი განვითარება სპორტულის გარდა სხვა მიმართულებითაც მოხდეს“.

დიდ რაგბს ვეზიარე

ჯაინმა შარშან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშა, წელს კი, 20-წლამდელებში დაწინაურდა და ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა - სამი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ორჯერ შეცვლაზე შევიდა. ის ამბობს, რომ ნამდვილ რაგბს სწორედ წელს, 20-წლამდელთა ჩემპიონატში ეზიარა:

„ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მივხვდი რა არის დიდი რაგბი. ვთვლი, რომ აქამდე ნამდვილი რაგბი არ მითამაშია. დავინახე როგორ თამაშობენ დიდი გუნდები, შევიცანი უამრავი ნიუანსი, რომელიც მაღალ დონეზე თამაშისთვის მნიშვნელოვანია და ამას მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ. შევეცდები, რომ ეს ნიუანსები ინგლისში თამაშისას დავხვეწო და გაისად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას გამოვიყენო“.

ლაშა თვლის, რომ უმცროსი ბორჯღალოსნების სათანადო გამოცდილების პირობებში 20-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატში უფრო მეტს მიაღწევდა:

„არგენტინასთან, პირველი თამაში კარგად ჩავატარეთ, თუმცა მოსაგებად დამოცდილება დაგვაკლდა. ჩვენ რომ მთელი წლის განმავლობაში გვქონოდა ასეთი დონის თამაშები, ბევრად უკეთესი შედეგი გვექნებოდა. მოსამზადებელ ეტაპზე ვეთამაშეთ ‘ალსთერის’ და შოტლანდიის კარგ გუნდებს, ასევე სამხრეთ აფრიკულ ‘ვესთერნ პროვინსს’, მაგრამ ვერ მივიღეთ ის გამოცდილება, რაც ამ დონეზე წარმატებული თამაშისთვისაა საჭირო.

ჩვენი მეტოქეები, იგივე არგენტინა, ბევრად უფრო მაღალი დონის გუნდებს რეგულარულად ეთამაშება და მეტ გამოცდილებას იღებს. ვნახეთ, რომ როდესაც ეს გამოცდილება შევიძინეთ, უკვე მეოთხე თამაშში იმავე არგენტინის დამარცხება მოვახერხეთ. სწორედ ეს გამოცდილება იყო გადამწყვეტი ნახევარფინალში. გარდა ამისა, არგენტინას ფიზიკურ მომზადებაშიც ვაჯობეთ.

შეგვეძლო ირლანდიის დამარცხებაც, მაგრამ დაგვემართა ის, რაც ხშირად გვემართება და რაზეც მწვრთნელები სულ გვესაუბრებოდნენ. ჩვენ კარგ თამაშებშიც კი პატარ-პატარა ჩავარდნები გვაქვს, 5-10 წუთით კონცენტრაციას ვკარგავთ და სწორედ ეს მოხდა ირლანდიასთან მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში.

მთლიანობაში, ამ ჩემპიონატს უკვე მიღებული გამოცდილების ფონზე, ახლიდან რომ ვიწყებდეთ, დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ვფიქრობ, მოვიგებდით მინიმუმ ორ თამაშს და სამხრეთ აფრიკასთან და განსაკუთრებით საფრანგეთთან, უფრო ღირსეული შედეგი გვექნებოდა“.

აწყობილი სისტემით, უკეთესი არჩევანი

რა თქმა უნდა, ეს ლაშა ჯაიანს არ ეხება, თუმცა მთლიანობაში, ამ ჩემპიონატზე ფიზიკური აღნაგობით უმცროსი ბორჯღალოსნები ყველა დანარჩენს ჩამოუვარდებოდნენ. ამის მიზეზს ჯაიანი არჩევანის სიმწირესა და წამყვან სარაგბო ქვეყნებში განვითარებულ საკლუბო აკადემიებში ხედავს.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც სამხრეთ აფრიკას და საფრანგეთს. ისინი ნაკრების კანდიდატებს ბევრად უფრო მეტი მოთამაშისგან ირჩევენ, ვიდრე ჩვენ. წამყვან სარაგბო ქვეყნებში თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ აღნაგობას და „დიდ ბიჭებს“ 3-4 წელიწადი 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მიზანმიმართულად ამზადებენ.

ინგლისში კლუბებს აკადემიის სისტემა აწყობილი აქვთ. ყველა წამყვან კლუბს საკუთარი აკადემია აქვს, სადაც ახლო მდებარე სკოლებიდან და გუნდებიდან ნიჭიერი ბავშვები მიყავთ და ავარჯიშებენ. თავიდანვე დიდი ყურადღება ექცევა მოთამაშის სწორედ განვითარებას და ისინი ადრეული ასაკიდან ეჩვევიან მაღალ სიჩქარეზე თამაშს.

ამავდროულად, ამ აკადემიებს შორის ტარდება მაღალი დონის ჩემპიონატი, სადაც ბიჭები დიდ გამოცდილებას იძენენ. ხშირ შემთხვევაში ეს ბავშვები დიდ გუნდებშიც თამაშობენ და დამატებით გამოცდილებას იღებენ. სამომავლოდ, აკადემია გამოვლილი ბიჭები წამყვან კლუბებში პროფესიონალური კონტრაქტით ხვდებიან. სწორედ ამ კლუბების აკადემიიდან ირჩევს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი შემადგენლობას. იგივე ხდება ირლანდიაში, შოტლანდიაში, უელსში და დარწმუნებული ვარ, სხვა პირველი დონის ქვეყნებში“.

დიდი მუხტი გულშემატკივრისგან

ლაშა ჯაიანზე დიდი გავლენა იქონია ქართველი ქომაგის წინაშე თამაშმა. მართალია ეს დამატებითი პასუხისმგებლობა და მეტი ნერვიულობაც იყო, მაგრამ დადებითმა მუხტმა სხვა დანარჩენი გადაფარა:

„ჩვენს ქვეყანაში თამაში დამატებითი პასუხისმგებლობა იყო და ვნერვიულობდით, თუმცა გულშემატკივრის მხარდაჭერა დიდ მუხტს გვაძლევდა და ეს განსაკუთრებით ირლანდიასთან მატჩისას იგრძნობოდა. ამ დღეს სტადიონზე ყველაზე მეტი ადამიანი მოვიდა ჩვენს საქომაგოდ. მაყურებელი 80 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა და ჩვენც თავგანწირვით და დიდი მონდომებით ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ირლანდია ვერ დამარცხეთ, მაგრამ ხალხის თანადგომამ ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:24 | 27.06.2017
geogoli (367)

მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა მსოფლიოზე, წარმატებები. იმედია პროგრესს არ შეაჩერებს და მაგარი მეორე ხაზელი დადგება

19:52 | 27.06.2017
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა გისმინოს ! ! !

20:39 | 26.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ლაშა ! ! !

17:34 | 26.06.2017
temuchin (431)

წინსვლა და წარმატებები ახალგაზრდა ლომო!

14:23 | 26.06.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

13:45 | 26.06.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.088742