ქართული

12:08 | 25.06.2017 | ნანახია 4218 - ჯერ

რამირო მოიანო: „ჩემი ჰეთ-თრიკი მთელი გუნდის დამსახურებაა“

წუხელ ბორჯღალოსნებმა არგენტინულ ქალაქ ხუხუიში მასპინძელთა ნაკრებთან 29:45 წააგეს. ჩვენმა ნაკრებმა 4 ლელო გაიტანა, „პუმებმა“ – 5, რომელთაგან 3 არგენტინელთა გარემარბ რამირო მოიანოს ანგარიშზეა.

27 წლის ფეხმარდმა მორაგბემ თამაში მართლაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ჰეთ-თრიკი ალალად დაიმსახურა, თუმცა, მატჩისშემდგომ კომენტარში მოიანო თავმდაბლობს და აქცენტი გუნდურ წარმატებაზე გადააქვს:

„ძალიან გახარებულები ვართ, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, გავიმარჯვეთ და ძალიან პოზიტიური მუხტი მივიღეთ - ვიზრდებით, როგორც გუნდი.

მართლაც კარგად ვითამაშეთ და დღეს უკეთესი გუნდი არგენტინა იყო. ეჭვგარეშეა, რომ ამ თამაშში გამარჯვება დავიმსახურეთ. ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და შედეგიც მივიღეთ. დიდი სიხარულია, რომ სამი ლელო გავიტანე, მაგრამ ეს არა ჩემი პირადი სიხარულია, არამედ სიხარული მთელი გუნდისა, რომელმაც ბურთი შეტევაში ისე ათამაშა, რომ იერიშების დასრულებაღა მრჩებოდა.

მთელი კვირა თავდაუზოგავად ვიმუშავეთ, თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. გარკვეული შეცდომები კი გვქონდა, მაგრამ პირველი ნახევარი ფაქტობრივად უნაკლოდ ჩავატარეთ. მეორეში თამაში გაიხსნა, დინამიკამ მოიმატა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიშრომეთ და სადავეები ხელიდან არ გავუშვით.

ეს დადებითი შედეგია, რომელიც გვმატებს რწმენას და სურვილს, რომ წინსვლა გავაგრძელოთ. დღევანდელი გამარჯვება იყო ჩვენს მიერ გაწეული შრომის წახალისება. ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ.

უნდა შეგვეტია და თავიც უნდა დაგვეცვა, მიუხედავად სათამაშო პირობებისა. უნდა გვეთამაშა რაც შეგვეძლო, მიუხედავად ხუხუის სიმაღლისა და აქაური კლიმატისა...“

ბოლოს იმასღა დავძენთ, რომ ხუხუი სუბტროპიკული ქალაქია და ანდებში ერთობ მაღლა მდებარეობს - ზღვის დონიდან 1260 მეტრზე.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:02 | 25.06.2017
პანტელეიმონი (1218)

კი ბატონო, წავიდა მამუკა, მაგრამ ვფიქრობ პრინციპულ მატჩებში, ტოპ გუნდებთან თამაშისას, რაგბის კავშირსა და ქართულ სარაგბო დიდ ოჯახში არაფორმალური შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული (თუ საჭირო გახდა ამ გადაწტვეტილების მიღებაში ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირების ჩართვა, ესეც უნდა გაკეთდეს, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება ასეთ შემთხვევებში), რომ ის რაგბისტები რომლებიც უმაღლეს საკლუბო დონეზე აგრძელებენ თამაშს წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ ასეთ თამაშებში მწვრთნელის გადაწყვეტილებით იღებდნენ მონაწილეობას.
წარმოიდგინეთ გორგოძეს და ზირაქიშვილსაც რომ მიეღო მონაწილეობა ამ მატჩში. ჯერ ერთი, რომ ვფიქრობ მსაჯი ამდენს ვერ გაბედავდა მათთან და მეორე, ჩვენი უპირატესობა უფრო მეტი იქნებოდა და შეგვეძლო ისტორიულ წარმატებაზე გვეფიქრა. ეს გაცილებით კარგი იქნებოდა და იქნება ახალგაზრდა თაობისათვის, რომლებისათვისაც მამუკასთან და დათოსთან ერთად ვარჯიში და თამაში, თუნდაც ორჯერ წელიწადში, დიდი სკოლა იქნებოდა.
ზოგადად ამ კონკრეტულ მატჩზე ის შეიძლება ითქვას, რომ გამართლდა ჩემი წინათგრძნობა და ამ ტესტებზე საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ. თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ ჩავარდნებს ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ. ამასთან ჩვენი ბიჭების გასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს ჩავარდნები დიდ წილად მსაჯის არაობიექტური მსაჯობით იყო პროვოცირებული, რომელმაც სანამ არგენტინას მოგებისთვის გარანტირებული ქულები არ დაუბევა მანამდე არ მოეშვა დენდეციურ მსაჯობას.

14:24 | 26.06.2017
BEERTRANCE (1073)

რაც არ უნდა იყოს, 2019 ის მსოფლიოზე ვერ გვეყოლებოდა მამუკა, და აქედანვე ჯობია მის გარეშე თამაშს მივეჩვიოთ.

0.173195